Accessibility links

logo-print

სარაევოში ნაპოვნი ომისდროინდელი რეცეპტების წიგნი


ალმა ალიჩი

ალმა ალიჩი

ორი ათეული წლის წინ სარაევოში მცხოვრებმა ხალხმა თითქმის ოთხი წელიწადი გაატარა სერბი შეიარაღებული დაჯგუფებების ალყაში. ბუნებრივია, ალყაშემორტყმულ ადამიანთა ყოველდღიური ყოფა უმძიმესი იყო: არ ჰყოფნიდათ საკვები, სასმელი წყალი, ელექტროენერგია. ჩვენი რადიოს კორესპონდენტი დეიზი სინდელარი ომის მეოცე წლისთავზე სარაევოს ეწვია და გაიცნო ქალი, რომელიც იმდრონდელ რეცეპტების ბლოკნოტს ახლაც რუდუნებით ინახავს.

ერთი შეხედვით, ყოველდღე ღვეზელის მირთმევა არც ისე ცუდი ამბავია, მაგრამ ის ღვეზელები, რომელთა შესახებაც ახლა გიამბობთ, კარგი ცხოვრების კი არა, უმძიმესი ყოფის შედეგი იყო. რეცეპტების ბლოკნოტში არაერთ ჩანაწერს ვხვდებით - იქნება ეს ბრინჯის ღვეზელი, ლობიოს ღვეზელი, ასევე ღვეზელი, სახელად „ტრებევიჩი“.

რეცეპტების ბლოკნოტი 57 წლის სარაევოელ ქალს, ალმა ალიჩს, ეკუთვნის. ბოლო ჩანაწერს ის ასე ხსნის: „ეს ტრებევიჩია - მთა. ამ რეცეპტში მთავარია, რაც შეიძლება დიდი ზომის რაღაც გამოაცხო, ოღონდ სულ რამდენიმე ინგრედიენტის გამოყენებით.“

ალმა ალიჩის რეცეპტების ბლოკნოტი თითქმის ბოლომდეა გავსებული ჩანაწერებით. ბლოკნოტს ტყავის ყდა აქვს, ხმარებისგან საკმაოდ გაცვეთილი.

ამ ბლოკნოტში წერა ალიჩმა ომის დროს დაიწყო. ის მეზობლებსა და ახლობლებში აგროვებდა იმპროვიზებულ რეცეპტებს, რომლებიც იმ პერიოდის უმძიმეს ვითარებაში კერძების მომზადების საშუალებას იძლეოდა. ბოსნიელი სერბი გასამხედროებული ჯგუფების მიერ ალყაშემორტყმულ მოსახლეობას ძალიან უჭირდა საკმარისი საკვების შოვნა.

უბანი, რომელშიც ალიჩი ცხოვრობდა, - დობრინიე, - ერთ-ერთი ყველაზე უფრო პრობლემური იყო, გეოგრაფიული თვალსაზრისით. ის ოთხივე მხრიდან იყო მტრის ჯარისკაცებით გარშემორტყმული, ანუ ქალაქის ალყის შიგნით კიდევ ერთი ალყა მოქმედებდა და დანარჩენი სარაევოსაგან მთლიანად იყო მოწყვეტილი.
ოთხნი ვიყავით და ოჯახის თითო წევრზე სამ კილოგრამ ფქვილს გვაძლევდნენ. სამი კილოგრამი ფქვილი კი ერთ კოლოფ სიგარეტსა ან ერთ კერცხში შემეძლო გამეცვალა...

თუმცა, მეორე მხრივ, ეს უბანი აეროპორტთან იყო ახლოს, რაც მოსახლეობას ომის პერიოდის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროდუქტის, ფქვილის მოპოვებას უადვილებდა. ამ პროდუქტს კი შემდეგ სხვა აუცილებელ საგნებში ცვლიდნენ.

„გაერო ფქვილს ჰუმანიტარული დახმარების ფორმით გვაწვდიდა, რადგან სურდათ დობრინიეში დავრჩენილიყავითო“, - იხსენებს ალიჩი. „ოთხნი ვიყავით და ოჯახის თითო წევრზე სამ კილოგრამ ფქვილს გვაძლევდნენ. სამი კილოგრამი ფქვილი კი ერთ კოლოფ სიგარეტსა ან ერთ კერცხში შემეძლო გამეცვალა.“

ალიჩის ვაჟი ჯარში იყო, შინ კი ალიჩს მძიმედ დაჭრილი მეუღლე და პატარა ქალიშვილი ჰყავდა მოსავლელი.

ოჯახის საკვებით უზრუნველსაყოფად ალიჩს ხშირად უწევდა ძალიან სახიფათო გზის გავლა. 15 წუთში მას ფეხით მოსიარულეთათვის განკუთვნილი, ნაჩქარევად გათხრილი სანგრები უნდა გაევლო სხვა უბანში მდებარე ბაზრამდე მისასვლელად, რომ ფქვილი ქალაქის ცენტრიდან შემოტანილ პროდუქტებში გაეცვალა.

„ყველაზე ძალიან ყველი გვენატრებოდა“, - იხსენებს ალიჩი. „მისი შოვნა შესაძლებელი იყო, მაგრამ ძალიან ძვირი ღირდა.“

შინ დაბრუნების შემდეგ ქალები ერთად იკრიბებოდნენ და, შექმნილი პირობების გათვალისწინებით, ახალი რეცეპტების მოგონებას ცდილობდნენ. შესაბამისად, ალიჩის ბლოკნოტიც ახალ-ახალი რეცეპტებით ივსებოდა - ყოველი რეცეპტი, როგორც წესი, ავტორის სახელს ატარებდა (ღვეზელი ტრებევიჩი, მაგალითად, ასევე ცნობილი იყო ჰიდას ღვეზელის სახელით). შემდეგ ერთმა მეზობელმა სახლის პირველ სართულზე საერთო სამზარეულო გამართა და მეზობლებმა კერძების ერთობლივი მომზადება დაიწყეს, ხშირად ინგრედიენტების გაცვლით.

„ერთხელ ჩემმა ბოსნიელმა ხორვატმა მეგობარმა, გორდანამ, ერთი ქილა პომიდვრის პასტა იშოვა. ჩვენ მიერ მომზადებულ საჭმელს მაშინ არაფრის გემო არ ჰქონდა. ღუმელზე ხუთი თუ ექვსი ქვაბი იყო შემოდგმული, რომლებშიც კერძი იხარშებოდა. გორდანამ ქვაბებს ჩამოუარა და ცოტ-ცოტა პომიდვრის პასტა ყოველ მათგანში ჩაასხა, რომ საჭმელს ცოტაოდენი გემო მაინც მისცემოდა.“

ალმა ალიჩის რეცეპტების ბლოკნოტი

ალმა ალიჩის რეცეპტების ბლოკნოტი

ბლოკნოტში ჩაწერილი რეცეპტები მართლაც ინგრედიენტების სიმწირით გამოირჩევა. მაგალითად, ლობიოს ღვეზელის სახელით ცნობილი რეცეპტი ალიჩმა თავად გამოიგონა. ცოტა ხნით ადრე გაერომ ვიეტნამური წარმოების ვაფლის დარიგება დაიწყო მოსახლეობაში - ყველა ოჯახში თითო ბავშვს ექვს ცალ ვაფლს აძლევდნენ. ალიჩმა აღმოაჩინა, რომ თუ ამ ვაფლს დაფხვნიდა და შიგნით ცოტაოდენ შაქარს და მოხარშულ ლობიოს გაურევდა, მას ღვეზელის გამოცხობა შეეძლო.

ბლოკნოტში შეტანილი რეცეპტებიდან ყველაზე უარესად ალიჩს „პაშტეტის“ სახელწოდებით ჩაწერილი რეცეპტი მიაჩნია. მისი ინგრედიენტებია ფქვილი, რძის ფხვნილი, წყალი, საფუარი, მარილი და წიწაკა. ინგრედიენტებს ჯერ ერთად წამოდუღება სჭირდება, მერე მაცივარში გაციება. მიღებულ მასას პურზე უსვამდნენ და ჭამდნენ.

„ეს ჩემი რძლის საყვარელი რეცეპტი იყო, რადგან კერძი თავის თავს ავსებდა. ქვაბიდან ცოტაოდენს ამოიღებდი, შეჭამდი, შემდეგ დაბრუნდებოდი და საფუარის მეშვეობით ქვაბი ისევ სავსე გხვდებოდაო“, - იხსენებს ალიჩი.

რეცეპტების ბლოკნოტი ალიჩს მართლაც მძიმე და ემოციურ მოგონებებს აღუძრავს. „არც წყალი იყო, არც გაზი, არც გათბობა, არც ელექტროენერგია, არც მინები ფანჯრებში. მაგრამ ერთმანეთს გვერდში ვედექით, ძალიან ძლიერი ახლობლობა გვქონდა. ერთმანეთს ვუვლიდით. ერთხელ ერთმა მეზობელმა დაბადების დღისთვის ნამცხვარი გამიკეთა - გამოსაცხობად გამზადებული მომცა, რათა სადილისთვის მე თვითონ შემძლებოდა მისი გამოცხობა.“

ახლა ალიჩის მაცივარში ახალი პროდუქტები და ხორცია. დაბადების დღეებზეც ბევრი გემრიელი საჭმელი კეთდება, მაგრამ, ალიჩის თქმით, ერთიანობის და ერთმანეთის მხარდაჭერის უწინდელი სულისკვეთება გამქრალია. ბლოკნოტში შეტანილი რეცეპტების ბევრი ავტორი ქალი სარაევოში აღარ ცხოვრობს. ვინც დარჩა, მათი ცხოვრება შეიცვალა. „ხალხი მხოლოდ თავიანთ სამსახურებზეა კონცენტრირებული და არა ერთმანეთზე. მთავარი მხოლოდ ფულია. დაგვავიწყდა უწინ როგორ ვცხოვრობდითო“, - ამბობს ალმა ალიჩი.
ბავშვები დაიხოცნენ. ბევრი ბავშვი. დაკარგეს კიდურები. საშინელება იყო. ჯანმრთელობის პრობლემები ახლაც მაქვს, მაგრამ ისეთი საზარელი რაღაცები მაქვს ნანახი, რომ ამას დიდ ყურადღებას აღარ ვაქცევ და ტკივილსაც აღარ ვგრძნობ...

თუმცა ბევრი რამ უკეთესობისკენაც შეიცვალა. ომამდე ალიჩს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა - გულის არითმია და კუჭის ტკივილები აწუხებდა და ხშირად დადიოდა ექიმებთან . ომის დაწყების შემდეგ კი ექიმთან აღარ ვყოფილვარო, ამბობს ალიჩი, რომელსაც კალთაში შვილიშვილი, 3 წლის პუტკუნა ბიჭი, უზის.

„ბავშვები დაიხოცნენ. ბევრი ბავშვი. დაკარგეს კიდურები. საშინელება იყო. ჯანმრთელობის პრობლემები ახლაც მაქვს, მაგრამ ისეთი საზარელი რაღაცები მაქვს ნანახი, რომ ამას დიდ ყურადღებას აღარ ვაქცევ და ტკივილსაც აღარ ვგრძნობ“, - ამბობს ალიჩი.

ომის მძიმე მოგონებების მიუხედავად, ალიჩი შვილიშვილებს არასოდეს აძალებს საჭმლის გათავებას.

„თავად მე ჭირვეული მჭამელი ვარ და მათი მესმის“, - ამბობს ის. „როცა კომბოსტოს ტოლმას ვაკეთებ, მათ მხოლოდ ხორცის სატენის ჭამა უნდათ, კომბოსტოს ფოთლებს თეფშზე ტოვებენ - მეც ვიღებ და ნაგავში ვყრი. ჩემი ქმარი საშინლად ბრაზდება ამაზე, მაგრამ მე მგონია, რომ ადამიანებმა რაც სურთ, ის უნდა ჭამონ. როცა ჩემი შვილიშვილი ფუნთუშას ჭამს და ვერ ათავებს, ვურჩევ დარჩენილი ნაწილი მტრედებს მისცეს“, - გვიამბობს სარაევოელი ალმა ალიჩი.
XS
SM
MD
LG