Accessibility links

logo-print

ანა ნაცვლიშვილი: სასამართლო აწესებს ცენზურას


„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ორგანიზებით, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან აქცია გაიმართა. აქციის მინაწილეებმა საქალაქო სასამართლოს 19 ივლისის ის გადაწყვეტილება გააპროტესტეს, რომლითაც 100-100 ლარით დაჯარიმდა აქციის „არა პანორამას“ 7 მონაწილე. სასამართლომ წვრილმან ხულიგნობად შეაფასა აქციაზე გამოყენებული არანორმატიული ლექსიკის შემცველი წარწერა. საიას წარმომადგენლები კი მიიჩნევენ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შემზღუდველია. შესაბამისად, გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოშიც ასაჩივრებენ.

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან შავი და თეთრი წებოვანი ლენტით პირაკრული რამდენიმე ათეული აქციის მონაწილე სასამართლოს 19 ივლისის გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად შეიკრიბა. როგორც „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ ანა ნაცლიშვილმა თქვა, სასამართლოს გადაწყვეტილება ცუდი პრეცედენტია. მისი თქმით, იმას, რასაც კონსტიტუცია სიტყვისა დ გამოხატვის თავისუფლებას უწოდებს, სასამართლომ წვრილმანი ხულიგნობა დაარქვა. ამ პრეცედენტით კი არა მხოლოდ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას ექმნება საფრთხე, არამედ კითხვის ნიშნის ქვეშ დგება ხელისუფლების ერთგულება დემოკრატიული ღირებულებების მიმართ:

„ეს გადაწყვეტილება აკანონებს ცენზურას და სიტყვის თავისუფლებას უქმნის საფრთხეს. ამიტომ, თუ ჩვენ მსგავს გადაწყვეტილებებზე არ გვექნება ძალიან მკაცრი პოზიცია და ყველა სამართლიანი და მშვიდობიანი ფორმით არ შევეცდებით, რომ გავაპროტესტოთ ასეთი გადაწყვეტილებები, მაშინ ხვალ ყველა ჩვენგანს შეიძლება სხვა რამის გამო აუკრან პირი, თუ ეს სახელმწიფოს არ მოეწონება. ამიტომაც გვაქვს დღეს აკრული პირები“.

ანა ნაცვლიშვილის თქმით, ხელისუფლებამ, ნაცვლად იმისა, რომ ყურადღება მიექცია მშვიდობიანი აქციის მიზეზებისთვის, იმისთვის, თუ რატომ აპროტესტებდნენ სახელმწიფოს მიერ ჩუმად მიღებულ გადაწყვეტილებას აქცია „არა პანორამას“ მონაწილეები, ისინი დააჯარიმა.

საქართველოში სხვადასხვა ხელისუფლებებს რაღაც დროს უჩნდებათ ხოლმე ცდუნება, სხვადასხვა ფორმით შეზღუდონ სიტყვის თავისუფლება. შესაბამისად, ეს სიმბოლური აქცია არის იმის გამოხატულება, რომ ყველა ფორმით და ყველა კანონიერი მეთოდით შევეცდებით, წინ აღვუდგეთ საქართველოში სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას.

7 პირის მიმართ სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებს, ამბობს ორგანიზაციის იურისტი ნონა ქურდოვანიძე:

„შეგვაქვს სააპელაციო საჩივარი და ვითხოვთ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას. მიგვაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება არის უკანონო და საშიში პრეცედენტი. ვფიქრობთ, რომ ამ პრეცედენტის დაშვება არის სახიფათო ზოგადად გამოხატვის თავისუფლებისთვის და იმედი გვაქვს, რომ სააპელაციო სასამართლო გააუქმებს გადაწყვეტილებას“.

აქციას შეუერთდნენ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებიც, მათ შორის, „პარტიზანი მებაღეები“ და „სამოქალაქო განვითარების სააგენტო“. სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორის ზვიად დევდარიანის თქმით, ხელისუფლებას არ უნდა გაუჩნდეს ცდუნება შეზღუდოს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება:

„საქართველოში სხვადასხვა ხელისუფლებებს რაღაც დროს უჩნდებათ ხოლმე ცდუნება, სხვადასხვა ფორმით შეზღუდონ სიტყვის თავისუფლება. შესაბამისად, ეს სიმბოლური აქცია არის იმის გამოხატულება, რომ ყველა ფორმით და ყველა კანონიერი მეთოდით შევეცდებით, წინ აღვუდგეთ საქართველოში სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას“.

ეს უქმნის საფრთხეს ძველ ქალაქს, რომელიც ერთადერთი ადგილი დაგვრჩა, რომელიც თბილისის ისტორიას სრულად ინახავს, ასახავს იმას, რა იყო და საიდან დაიწყო დედაქალაქის ამბავი. შესაბამისად, ეს მიზეზიც აბსოლუტურად საკმარისია იმისათვის, რომ არ მოგვწონდეს პროექტი...

„პარტიზანი მებაღე“ მარიამ ნანობაშვილი ერთ-ერთია, ვინც 19 ივლისს თბილისის საკრებულოს შენობასთან გამართულ აქციიში მონაწილეობდა. მარიამ ნანობაშვილის თქმით, „პარტიზანი მებაღეები“ „პანორამა თბილისის“ პროექტის განხორციელების წინააღმდეგ აქციებს მომავალშიც გააგრძელებენ:

„ეს უქმნის საფრთხეს ძველ ქალაქს, რომელიც ერთადერთი ადგილი დაგვრჩა, რომელიც თბილისის ისტორიას სრულად ინახავს, ასახავს იმას, რა იყო და საიდან დაიწყო დედაქალაქის ამბავი. შესაბამისად, ეს მიზეზიც აბსოლუტურად საკმარისია იმისათვის, რომ არ მოგვწონდეს პროექტი, თუმცა არ ვეწინააღმდეგებით ამხელა ინვესტიციას, როგორც ასეთს, და ძალიან მოგვწონს, თუ ეს განხორციელდება თბილისის ზღვაზე, ლისის ტბაზე. თბილისი არ არის მხოლოდ ცენტრალური უბნები და სოლოლაკი, თბილისს სჭირდება განვითარება - ე.წ. პერიფერიებსაც, თუმცა რატომღაც ეს არავის ახსენდება“.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარის ანა ნაცვლიშვილის თქმით, თუ სააპელაციო სასამართლო ძალაში დატოვებს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, მაშინ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავენ და გამოიყენებენ საერთაშორისო სამართლებრივ მექანიზმებსაც.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG