Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მედიის დისკრიმინაცია სასამართლო პროცესებზე


საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ შეისწავლა სასამართლო პროცესების ფოტო-ვიდეო-აუდიოჩაწერის მარეგულირებელი კანონმდებლობა და პრაქტიკა. როგორც ასოციაციის მიერ გამოქვეყნებული გამოკვლევა გვამცნობს, „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში 2013 წელს მიღებული ცვლილება, რომელმაც ჟურნალისტებს 2007 წელს სასამართლო პროცესების ჩაწერა-გადაღების ჩამორთმეული უფლება აღუდგინა, მთელ რიგ ხარვეზებს შეიცავს და რიგ შემთხვევებში დისკრიმინაციულ ხასიათს ატარებს. გამოკვლევის თანახმად, ისეთი მნიშვნელოვანი მედიასაშუალებები, როგორებიცაა ონლაინ მედია-გამოცემები, რეგიონალური მედიასაშუალებები და საგამოძიებო ჟურნალისტური სტუდიები, ამ უფლების მიღმა რჩებიან.

გელა მთივლიშვილი, კახეთის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი, არაერთხელ გაწბილებულა, როცა სასამართლო პროცესზე, როგორც ჟურნალისტს, ფოტო თუ ვიდეოგადაღება გადაუწყვეტია. და ეს, რა თქმა უნდა, მას შემდეგ, რაც 2013 წლის პირველი მაისიდან „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილება შევიდა, რომლის საფუძველზეც, საერთო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელ მედიასაშუალებებს სასამართლო პროცესების ფოტო, ვიდეო, აუდიოჩაწერის უფლება მიენიჭათ. თუმცა, როგორც ჩანს, ამ ცვლილებამ ვერაფერი სიკეთე მოუტანა ვერც რეგიონალურ და ვერც ონლაინ მედიასაშუალებებს. გელა მთივლიშვილს მიაჩნია, რომ კანონში შესულმა ცვლილებამ, იმის მაგივრად, რომ ხელი შეეწყო მედიასაშუალებებისთვის, პირიქით, მოახდინა მათი დისკრიმინაცია:

„მე მიმაჩნია, რომ დათქმა, რომელიც კანონში დევს და რომელიც უპირატეს მდგომარეობაში აყენებს ჯერ საზოგადოებრივ მაუწყებელს და მერე სხვა სამაუწყებლო ლიცენზიის მქონე მედიასაშუალებებს, ჩვენ, ანუ ახალ მედიას, ონლაინ გამოცემებსა და, მათ შორის, რეგიონალურ მედიას, გვაყენებს დისკრიმინირებულ მდგომარეობაში“.

ისინი ძირითადად დამოკიდებულნი არიან საზოგადოებრივ მაუწყებელზე ან სხვა ტელეკომპანიებზე, რომლებიც ან ახორციელებენ ჩაწერას, ან არა, რაც ხშირ შემთხვევაში იწვევს სირთულეებს, ვინაიდან ის ჩანაწერი, რომელიც, მაგალითად, რეგიონალურ მედიას ან ონლაინმედიას აინტერესებს, შეიძლება საერთოდ არ იყოს ჩაწერილი.
თამარ გვარამაძე

მოდით, მივყვეთ „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებას - უფრო კონკრეტულად კი, კანონში დამატებულ მე-13 პრიმა მუხლს, რომლითაც განისაზღვრა ის წესები და პირობები, რის მიხედვითაც უნდა განხორციელდეს სასამართლო სხდომათა დარბაზში ფოტო-ვიდეო-აუდიოჩაწერა. ამ საკანონმდებლო ცვილების თანახმად, საზოგადოებრივ მაუწყებელს მიენიჭა ყველა სხდომის ფოტო-ვიდეო-აუდიოჩაწერის შეუზღუდავი უფლებამოსილება და, ამავე დროს, მას დაეკისრა ვალდებულება, სასამართლო სხდომის ჩანაწერი მიაწოდოს ყველა დაინტერესებულ მედიასაშუალებას. ეს ვალდებულება, ანუ დაინტერესებული კოლეგებისთვის ფოტო-ვიდეომასალების მიწოდება, სხვა, საერთო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელ, მედიასაშუალებებსაც დაეკისრათ, თუმცა, აი, სწორედ აქ იკვეთება ერთ-ერთი ძირითადი პრობლემა, რომლის შესახებაც საუბრობენ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრები. სწორედ მათ შეისწავლეს სასამართლო პროცესების ფოტო-ვიდეო-აუდიოჩაწერის მარეგულირებელი კანონმდებლობა და ერთწლიანი პრაქტიკა. თამარ გვარამაძის, ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის, თქმით, მათ მიერ ჩატარებულმა გამოკვლევამ ცხადყო, რომ მედია ნაკლებად ინტერესდება სასამართლო პროცესებით, თუ არ ჩავთვლით გახმაურებულ პროცესებს, შედეგად კი, მაგალითად, იმ სასამართლო პროცესების ფოტო-ვიდეოგადაღება, რომლებიც რეგიონალური, ონლაინ თუ საგამოძიებო ჟურნალისტებისათვის მნიშვნელოვანია, თითქმის არ ხდება:

„ისინი ძირითადად დამოკიდებულნი არიან საზოგადოებრივ მაუწყებელზე ან სხვა ტელეკომპანიებზე, რომლებიც ან ახორციელებენ ჩაწერას, ან არა, რაც ხშირ შემთხვევაში იწვევს სირთულეებს, ვინაიდან ის ჩანაწერი, რომელიც, მაგალითად, რეგიონალურ მედიას ან ონლაინმედიას აინტერესებს, შეიძლება საერთოდ არ იყოს ჩაწერილი“.

სასამართლოს შეუძლია უარი უთხრას მედიასაშუალებას სასამართლოში შეშვებაზე, მაგალითად, თუ ის 55 წუთით ადრე დააყენებს მოთხოვნას, რაც, რასაკვირველია, არ არის შესაბამისობაში კანონთან და ამ ნორმის განმარტება არ უნდა ხდებოდეს იმგვარად, რომ შეიზღუდოს მედიის უფლება...
ანა ნაცვლიშვილი

აუცილებლად უნდა ვთქვათ კიდევ ერთი ხარვეზის შესახებ, რომელიც გამოკვლევის ავტორებმა სასამართლო პროცესების გაშუქების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით აღმოაჩინეს. ამჯერად საქმე ეხება არა კანონს, არამედ კონკრეტული სასამართლოების თავმჯდომარეების ბრძანებით დადგენილ ვალდებულებას, რომლის თანახმადაც, დაინტერესებულმა მედიასაშუალებამ პროცესის დაწყებამდე, სულ ცოტა, ერთი საათით ადრე წერილობით უნდა მიმართოს სხდომის თავმჯდომარეს კონკრეტული სასამართლო პროცესის გადაღების უფლების მოსაპოვებლად. პროცედურას და მისგან წარმოქმნილ პრობლემებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი ანა ნაცვლიშვილი განმარტავს:

„სასამართლოს თავმჯდომარეთა მიერ მიღებული ბრძანებები მოითხოვს, რომ მედიასაშუალებამ, თუ ის არ არის საზოგადოებრივი მაუწყებელი, მაგრამ აქვს საერთო მაუწყებლობის ლიცენზია, ერთი საათით ადრე უნდა დააყენოს მოთხოვნა სასამართლოს წინაშე და სასამართლოს შეუძლია დააკმაყოფილოს მისი მოთხოვნა, მაგრამ სასამართლოს შეუძლია უარი უთხრას მედიასაშუალებას სასამართლოში შეშვებაზე, მაგალითად, თუ ის 55 წუთით ადრე დააყენებს მოთხოვნას, რაც, რასაკვირველია, არ არის შესაბამისობაში კანონთან და ამ ნორმის განმარტება არ უნდა ხდებოდეს იმგვარად, რომ შეიზღუდოს მედიის უფლება“.

სწორედ მედიის უფლების შეზღუდვაზე ლაპარაკობს რადიო თავისუფლებასთან ზურა ვარდიაშვილი, ჟურნალ „ლიბერალის“ მთავარი რედაქტორი. როგორც ზურა გვეუბნება, ის პოზიტიური ცვლილება, რომელიც „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში 2013 წელს შევიდა, პრაქტიკულ საქმიანობაში ჟურნალისტებისთვის ვერ გამოდგა მოსახერხებელი. მისი თქმით, დღეს სასამართლო დარბაზებში მომუშავე ჟურნალისტები სულაც არ არიან იდეალურ სამუშაო პირობებში:

„ჩვენ ვდგებით ბიუროკრატიული ბარიერის წინაშე. მოსამართლის სახელზე ვწერთ განცხადებებს, ეს მოსამართლე ან დააკმაყოფილებს ამ განცხადებას, ან არა. არავითარი მექანიზმი არ გვაქვს იმისა, რომ რომელიმე კონკრეტული სასამართლო პროცესი გადავიღოთ“.

რაც შეეხება სტატისტიკას, სასამართლოებიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ გამოქვეყნებულ გამოკვლევაში ნათქვამია, რომ კანონში შესული ცვლილების შემდეგ, ანუ 2013 წლის პირველი მაისიდან, ყველაზე ხშირად სასამართლო სხდომის გადაღების უფლებამოსილებით ისარგებლეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში, აქედან საზოგადოებრივმა მაუწყებელმა - 7-ჯერ, ხოლო სხვა მედიასაშუალებებემა - 20-ჯერ. ქუთაისის საქალაქო სასამართლში საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 16-ჯერ ისარგებლა, სხვა საშუალებებმა მხოლოდ ორჯერ. რაც შეეხება თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებს, მსგავსი ინფორმაციის სტატისტიკურ აღრიცხვას ისინი არ აწარმოებენ, რასაც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ცალსახად უარყოფით შეფასებას აძლევს, რადგან, მათი განმარტებით, საქმეთა დიდი და მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ ამ სასამართლოებში განიხილება და მედიის მიმართვიანობასთან დაკავშირებული სტატისტიკური მონაცემების ცოდნა აუცილებელია.

XS
SM
MD
LG