Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასამართლოს ფოტო-ვიდეოკამერები დააკვირდებიან


პარლამენტის მიერ „საერთო სასამართლოების შესახებ” კანონში ცვლილების დამტკიცების შემდეგ, სასამართლო დარბაზებში ფოტო, ვიდეო და აუდიოჩამწერი საშუალებები უნდა დაბრუნდეს. სასამართლოში ფოტო-ვიდეო-აუდიოჩაწერა პარლამენტმა 2007 წელს აკრძალა, ამჟამად კი კანონპროექტს, რომელიც ჩაწერის ნებართვას იძლევა, საპარლამენტო უმრავლესობასთან ერთად მხარს უმცირესობაც უჭერს.

„საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილების მიხედვით, სასამართლო დარბაზში სხდომის გადაღებისა და აუდიოჩაწერის ვალდებულება თავად სასამართლოს ექნება. ამასთან, სასამართლო ვალდებულია ჩანაწერი მოთხოვნისთანავე გადასცეს მხარეებს და დაინტერესებულ მედიას. ეს არ შეეხება შემთხვევას, თუ სასამართლო პროცესი დახურულია. თუ სასამართლო პროცესი ღიაა, მაშინ მისი შეუზღუდავი გადაღებისა და ტრანსლირების უფლება ეძლევა „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ და ის ვალდებული იქნება ჩანაწერი სხვა მედიასაშუალებებს გაუზიაროს. თუ მაუწყებელი რომელიმე სხდომას არ იღებს, ამის გაკეთება საერთო მაუწყებლობის ლიცენზიის მქონე ნებისმიერ პირს შეუძლია, ოღონდ მათ ამისთვის სასამართლოს დასაბუთებული მოთხოვნა უნდა წარუდგინონ. ეს უფლება შეიძლება მოსამართლის მოტივირებული გადაწყვეტილებით შეიზღუდოს. პროცესის ჩაწერა და ტრანსლირება სასამართლოს მიერ წინასწარ გამოყოფილი ადგილიდან მოხდება. ამასთან, ნებადართულია ჩაწერა და გადაღება სასამართლოს დერეფნებსა და ეზოში.

პარლამენტში კანონპროექტის მეორე მოსმენის წინ მისმა ერთ-ერთმა ავტორმა, იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძემ კანონპროექტში შეტანილი დაზუსტებების შესახებ განაცხადა:

”დაზუსტდა პროექტით ის, რომ აღჭურვა სასამართლო სხდომების დარბაზებისა უნდა დასრულდეს 2013 წლის 1 ივნისამდე, ხოლო უზრუნველყოფილ იქნეს ამ უფლების რეალიზაცია მაშინვე, როგორც კი დარბაზი აღიჭურვება სათანადო აპარატურით”.

აღსანიშნავია, რომ კანონში ცვლილების ინიციატორი, ვახტანგ ხმალაძესთან ერთად, საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი ლევან ბეჟაშვილიცაა. უნდა ითქვას, რომ თუ ამჟამად ლევან ბეჟაშვილი კანონში ცვლილების აუცილებლობას ”რეალიების შეცვლით” ხსნის, სწორედ ყოფილი მმართველი გუნდი იყო 2007 წელს სასამართლოებში ფოტო-ვიდეო და აუდიოჩაწერის აკრძალვის ინიციატორი. მაშინ ამ აკრძალვის საფუძვლად მოსამართლის დამოუკიდებლობის შეზღუდვის საფრთხე დასახელდა. შეგახსენებთ, რომ მაშინ კანონმდებლებს აკრძალვის შემოღებისკენ სანდრო გირგვლიანის საქმის გახმაურებულმა პროცესმა უბიძგა. პროცესზე მაშინ მაღალჩინოსნებსაც დაკითხავდნენ და ის პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.
დღეს, როცა, „ნაციონალური მოძრაობის“ შეფასებით, ძალიან მოხშირდა პოლიტიკური დაპატიმრებები, მათ თავდაცვის ერთადერთ საშუალებად სწორედ გამჭვირვალობა მიაჩნიათ და ამიტომ უჭერენ მხარს ამ პროექტს...
თამარ კორძაია

ახლა კი საპარლამენტო უმცირესობის წევრი, კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორი ლევან ბეჟაშვილი განსხვავებულ ვითარებაზე მსჯელობს:
”ასეთი პრაქტიკა ბევრ ქვეყანაში არსებობდა, თუმცა ახალმა რეალიებმა მოიტანა იმის აუცილებლობა, რომ სასამართლოში დაშვებული იყვნენ ტელე და რადიომაუწყებლობის წარმომადგენლები, რათა მათ მიეცეთ სასამართლო პროცესების გამჭვირვალედ გაშუქების საშუალება. ამაში ექსკლუზივი ექნება „საზოგადოებრივ მაუწყებელს“. თუ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ვერ შეძლებს, სხვა ტელეკომპანიებს ექნებათ ასეთი უფლებამოსილების განხორციელების საშუალება”.

სასამართლოში ფოტო-ვიდეო და აუდიოჩაწერის აკრძალვამ წლების განმავლობაში ამ ორგანოს მიმართ ტოტალური უნდობლობა გამოიწვია, ამბობს ”ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი თამარ კორძაია. მისი შეფასებით, ახლა ”ნაციონალური მოძრაობა”, კანონპროექტის მხარდაჭერით, საკუთარი თავდაცვის გარანტიებსაც უჭერს მხარს:

”დღეს, როცა, „ნაციონალური მოძრაობის“ შეფასებით, ძალიან მოხშირდა პოლიტიკური დაპატიმრებები, მათ თავდაცვის ერთადერთ საშუალებად სწორედ გამჭვირვალობა მიაჩნიათ და ამიტომ უჭერენ მხარს ამ პროექტს. თავის დროზე რატომ არ თვლიდნენ, რომ ნებისმიერი ადამიანისთვის, რომლის საქმესაც სასამართლო განიხილავდა, გამჭვირვალობა იყო თავდაცვის საუკეთესო საშუალება?”
საქვეყნოობა იმას კი არ ნიშნავს, რომ ვიდეოკამერა იდგეს, არამედ ნიშნავს იმას, რომ თავისუფალი იყოს დასწრება და ვისაც უნდა, დაესწროს. რაც შეეხება იმას, რომ ვიდეოკადრები იყოს გადაღებული, ბუნებრივია, ეს უნდა მოხდეს...
კონსტანტინე კუბლაშვილი

სასამართლო პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის გარდა, მისი ფოტო-ვოდეოაღბეჭდვით, მხარეებს უჩნდებათ ქმედითი უფლება შენიშვნები გააკეთონ სხდომის ოქმთან დაკაშირებით, ამბობს იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯომარის მოადგილე შალვა შავგულიძე. ის თავის საადვოკატო პრაქტიკას იხსენებს და დასძენს, რომ მსგავსი სარწმუნო და ობიექტური მტკიცებულების უქონლობის გამო, როგორიცაა ვიდეოჩანაწერი, ხშირად ოქმებში შესწორებები ვერ შედიოდა:

”პრაქტიკულად საჯაროობის პრინციპი ფორმალურად იყო დარჩენილი, მაგრამ შეიზღუდებოდა იმ მაქსიმუმ ათეული ადამიანით, ვინც სასამართლო დარბაზში დაეტეოდა და, ფაქტობრივად, საჯაროობა ვერ იყო უზრუნველყოფილი”.

სასამართლოს გამჭვირვალობისთვის საკმარის საფუძვლად მიიჩნევდა მასზე თავისუფლად დასწრების უფლებას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი. ამის შესახებ ის ლაპარაკობდა მაშინ, როდესაც სასამართლოზე ფოტო-ვიდეო და აუდიოჩაწერის დაშვების ინიციატივით ცოტა ხნის წინ იუსტიციის სამინისტრო გამოვიდა:

”საქვეყნოობა იმას კი არ ნიშნავს, რომ ვიდეოკამერა იდგეს, არამედ ნიშნავს იმას, რომ თავისუფალი იყოს დასწრება და ვისაც უნდა, დაესწროს. რაც შეეხება იმას, რომ ვიდეოკადრები იყოს გადაღებული, ბუნებრივია, ეს უნდა მოხდეს, მაგრამ უნდა მოხდეს იმ ფარგლებში, რომელიც, მაგალითად, ახლა აქვს კანონს დადგენილი. ახლა სასამართლოს შეუძლია მიიწვიოს კამერები და გადაიღოს, ან თავისი კამერით გადაიღოს და მისცეს ტელეკომპანიებს. ეს არის, ჩემი აზრით, ძალიან მისაღები და ის, რომ „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ დავავალოთ გადაიღოს და რომ ეს უზრუნველყოფს საქვეყნოობას, ეს არის ჩემთვის მიუღებელი”.

სასამართლო დარბაზების ვიდეოკამერებით აღსაჭურვად ბიუჯეტიდან 6 მილიონ ლარზე მეტის გამოყოფაა დაგეგმილი. ამის შესახებ გადაწყვეტილება 21 თებერვლის მთავრობის სხდომაზე მიიღეს.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG