Accessibility links

”სასამართლო სისტემაში პრობლემები ჯერ კიდევ მრავლადაა”


სასამართლო პროცესების მონიტორინგის შედეგების პრეზენტაცია

სასამართლო პროცესების მონიტორინგის შედეგების პრეზენტაცია

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ სისხლისა და ადმინისტრაციული სამართლის საქმეებზე საქართველოს ექვსი ქალაქის სასამართლო პროცესების მონიტორინგის შედეგების პრეზენტაცია გამართეს. მონიტორინგი 2012 წელს სხვადასხვა პერიოდში განხორციელდა. როგორც გამოკვლევის ავტორები აცხადებენ, მიუხედავად რიგი პოზიტიური ცვლილებებისა, სასამართლო სისტემაში პრობლემები ჯერ კიდევ მრავლადაა.

თუკი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე, ანუ წინა ხელისუფლების პერიოდში, სასამართლო იყენებდა მხოლოდ და მხოლოდ ორი სახის - გირაოსა და პატიმრობის - აღკვეთის ღონისძიებას და არასდროს უფრო მსუბუქ ფორმას, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“, სასამართლო პროცესების მონიტორინგის ფარგლებში, მათივე შეფასებით, რამდენიმე უპრეცედენტო შემთხვევა გამოავლინა: სასამართლომ პროკურორის შუამდგომლობა პატიმრობის შეფარდების თაობაზე არ დააკმაყოფილა და ბრალდებულებს მხოლოდ და მხოლოდ გირაო შეუფარდა. სისხლის სამართლის საქმეებზე მონიტორინგისას, რომელიც 2012 წლის ივლისიდან დეკემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს, სულ ასეთი 13 შემთხვევა დაფიქსირდა. აღსანიშნავია, რომ 13 ბრალდებულიდან 10 ყოფილი მაღალჩინოსანია. ეკა ფოფხაძე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორი, რადიო თავისუფლებასთან საუბარში გამოვლენილი ტენდენციის ასეთ შეფასებას იძლევა:

”როგორც ადრე გვქონდა პრეტენზიები პროკურატურის შუამდგომლობებთან დაკავშირებით მაშინ, როცა ისინი ითხოვდნენ პატიმრობას და ამას კარგად ვერ ასაბუთებდნენ, იგივე გრძელდება ახლაც. ხშირ შემთხვევაში, პროკურატურის მოთხოვნები პატიმრობის თაობაზე არ არის დასაბუთებული, თუმცა განსხვავებაა სასამართლოს პასუხსა და რეაქციაში. ახლა ვხედავთ, რომ სასამართლომ ასწია სტანდარტი - ის ითხოვს მეტ დასაბუთებას და არ აკმაყოფილებს ამ შუამდგომლობებს. ანუ ზოგადად ცუდი არ არის ის, რომ სასამართლომ სტანდარტი ასწია. უბრალოდ, იმედს გამოვთქვამთ, რომ რადგანაც ეს არჩევნების შემდგომ პერიოდს უკავშირდება, ეს არ არის პოლიტიკური გავლენებით განპირობებული და არის მხოლოდ მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე”.

სასამართლოს პოლიტიკური წნეხისგან გათავისუფლებას უკავშირებს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი კახა კოჟორიძე იმ გარემოებას, რომ მოსამართლეები ერთმნიშვნელოვნად აღარ ეთანხმებიან ბრალდებულთათვის პატიმრობის შეფარდების თაობაზე პროკურატურის შუამდგომლობებს, თუმცა მას სასამართლოს მისამართით ერთი მოთხოვნა აქვს:
კახა კოჟორიძე

კახა კოჟორიძე


”ჩვენი წინა მონიტორინგების შედეგების მიხედვით, არ ყოფილა შემთხვევა, რომ სასამართლოს პროკურატურის დაყენებული შუამდგომლობა არ დაეკმაყოფილებინოს. ასეთი ერთი ფაქტიც კი არ ყოფილა დაფიქსირებული. რა თქმა უნდა, მისასალმებელია ამ ტენდენციის შეცვლა, მაგრამ ვისურვებდით, რომ ეს ტენდენცია არ ყოფილიყოს მხოლოდ მაღალი თანამდებობის პირთა საქმეებში და ზოგად ტენდენციად ჩამოყალიბდეს. რა თქმა უნდა, სასამართლო არ უნდა იზიარებდეს სიტყვასიტყვით პროკურატურის თუ სამართალდამცავი ორგანოების პოზიციას, თუმცა, მეორე მხრივ, არც ისეთი შთაბეჭდილება უნდა შეიქმნას, რომ სასამართლო დაპირისპირებაშია პროკურატურასთან და მის თუნდაც დასაბუთებულ შუამდგომლობას არ ითვალისწინებს”.

სასამართლო პროცესების მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი ტენდენციის ორ განმსაზღვრელ ფაქტორზე ამახვილებს ყურადღებას იურისტი ნაზი ჯანეზაშვილი:

”ერთი ფაქტორი შეიძლება იყოს ის, რომ პოლიტიკური ვითარება შეიცვალა და პროკურატურას აღარ აქვს სურვილი ზეწოლა ჰქონდეს სასამართლოზე, ან არ შეუძლიათ, რომ ზეწოლა ჰქონდეთ სასამართლოზე. რაც შეეხება მეორე ფაქტორს, შესაძლებელია, მოსამართლეებმა თავისუფლება იგრძნეს და ისინი საქმეებს მეტი პასუხისმგებლობით ეკიდებიან”.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ საპარლამენტო არჩევნებამდე ჩატარებული წინა ორი მონიტორინგის მსგავსად, ანგარიშის ავტორები ერთ-ერთ უარყოფით ფაქტორად საპროცესო შეთანხმებების დამტკიცებისას მოსამართლეების ფორმალურ როლს ასახელებენ. კახა კოჟორიძის თქმით, მონიტორინგის შედეგად შემუშავებულ რამდენიმე რეკომენდაციას ისინი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარმოადგენლებს გაუგზავნიან.

”მოსამართლეები უფრო მეტად უნდა უმარტავდნენ ბრალდებულებს თავიანთ უფლებებს. ასევე, გარდა პატიმრობისა და გირაოსი, პრაქტიკაში უნდა დაინერგოს სხვა, ნაკლებად მძიმე აღმკვეთი ღონისძიების გამოყენებაც. რაც შეეხება შუამდგომლობების განხილვას, უფრო საფუძვლიანად უნდა მოხდეს თითოეული შუამდგომლობის განხილვა, თუ რამდენად დასაბუთებულია ის”, - ამბობს კახა კოჟორიძე.
ჩვენი მონიტორინგი შეეხებოდა წინასაარჩევნო პერიოდს. აქ შევიდა ის საქმეები, რომლებიც უკავშირდებოდა საარჩევნო კოდექსისა და, ზოგადად, საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის ფაქტებს. შესაბამისად, ზუსტად ამ შემთხვევებში იკვეთებოდა დარღვევები სასამართლოს მხრიდან...


„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან“ ერთად 2 აპრილს სასამართლო მონიტორინგის შედეგები გამოაქვეყნა ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ”. ორგანიზაციამ 2012 წლის 1 ივნისიდან, 31 ოქტომბრის ჩათვლით, ადმინისტრაციულ საქმეთა მონიტორინგის ანგარიში წარუდგინა საზოგადოებას. ეკა გიგაური, ორგანიზაციის ხელმძღვანელი, აცხადებს, რომ, მიუხედავად გარკვეული პროცედურული გაუმჯობესებებისა, მაღალი საჯარო ინტერესის მქონე ადმინისტრაციულ საქმეებში, რომლებიც 2012 წლის ოქტომბრის არჩევნებამდე დაიწყო, მონიტორინგის პროცესში მთელი რიგი ხარვეზები გამოვლინდა.

”იმ შემთხვევაში, თუკი იკვეთებოდა სახელმწიფოს ინტერესი ამ საქმეებში, მაშინ ცალსახად ადგილი ჰქონდა გარკვეულ დარღვევებს სასამართლოს მხრიდან. ჩვენი მონიტორინგი შეეხებოდა წინასაარჩევნო პერიოდს. აქ შევიდა ის საქმეები, რომლებიც უკავშირდებოდა საარჩევნო კოდექსისა და, ზოგადად, საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის ფაქტებს. შესაბამისად, ზუსტად ამ შემთხვევებში იკვეთებოდა დარღვევები სასამართლოს მხრიდან”, - აცხადებს ეკა გიგაური.
XS
SM
MD
LG