Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასამართლოს მიმართ ნდობის საკითხი - სასამართლოს კედლებში და მის გარეთ


უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი
უზენაესი სასამართლოს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, სასამართლოს მომხმარებელთა 72 პროცენტი სასამართლო სისტემას ნდობას უცხადებს. როგორც კვლევის ავტორები მიუთითებენ, სასამართლოს მიმართ მოქალაქეების დამოკიდებულების შეფასება რამდენიმე პარამეტრის მიხედვით განხორციელდა. მათ შორის იყო საქმეთა განხილვის ვადები, ინფორმაციის გაცემის პროცედურების სიმარტივე და სხვა. რამდენად შეიძლება ასახავდეს სასამართლოს კედლებს შიგნით განხორციელებული კვლევა რეალურ სურათს? და როგორ შეიძლება აიხსნას უზენაესი სასამართლოს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების პარალელურად საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან გაცხადებული კრიტიკული შეფასებები ქართული მართლმსაჯულების მიმართ?
ეს არის შედეგი, რომელიც თვალნათლივ მეტყველებს იმ ტენდენციაზე, რომ, 2005 წლიდან დაწყებული, სასამართლო სისტემის მიმართ მოსახლეობის ნდობა მუდმივად იზრდება...

ის სამი ათასამდე მოქალაქე, რომელთაც უზენაესი სასამართლოს წარმომადგენლები ერთი მარტივი კითხვით მიმართავდნენ, - ენდობით თუ არა სასამართლოს, - სხვადასხვა საქალაქო თუ რაიონულ სასამართლოში ასევე სხვადასხვა მიზეზით ან, თუ გნებავთ, სტატუსით იყვნენ მისულნი - მაგალითად, ადვოკატები, მოსარჩელე-მოპასუხეები, ბრალდებულები, მოწმეები, აუდიტორიის წევრები და ა.შ. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, გამოკითხვა სასამართლოს კედლებს შიგნით ჩატარდა. გამოკითხულთა უმეტესობამ - უფრო ზუსტად კი, 72-მა პროცენტმა - კითხვას დადებითად უპასუხა და შედეგად აღმოჩნდა, რომ უკანასკნელი ექვსი წლის განმავლობაში სასამართლოსადმი ნდობა მოსახლეობაში 37 პროცენტით ამაღლდა. 2011 წლის ოქტომბერში ჩატარებული კვლევის შედეგები ჟურნალისტებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ კონსტანტინე კუბლაშვილმა წარუდგინა და ისიც განმარტა, რომ მსგავსი ტიპის კვლევების ჩატარების რეკომენდაცია საქართველომ ევროპის საბჭოსაგან მიიღო. ის გასულ თვეში ჩატარებული კვლევის ერთ განსაკუთრებულ მახასიათებელზე ლაპარაკობს:

”ცალ-ცალკე გამოვკითხეთ ადამიანები, რომლებიც მოდიან სასამართლოში სისხლის სამართლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებთან დაკავშირებით. ალბათ, ყველაზე საინტერესო სისხლის სამართლის საქმეების თაობაზე გამოკითხული მოქალაქეების პასუხებია. შედეგი საკმაოდ კარგია: გამოკითხულთა 55,6 %-მა განაცხადა, რომ ისინი ენდობიან სასამართლოს. ეს არის შედეგი, რომელიც თვალნათლივ მეტყველებს იმ ტენდენციაზე, რომ, 2005 წლიდან დაწყებული, სასამართლო სისტემის მიმართ მოსახლეობის ნდობა მუდმივად იზრდება.”

რამდენად შეიძლება ასახავდეს სასამართლოს კედლებს შიგნით განხორციელებული კვლევა რეალურ სურათს? და შეიძლება თუ არა აღნიშნული კვლევის შედეგების მთლიანად საქართველოს მოსახლეობაზე განზოგადება? ამ კითხვებს კონსტანტინე კუბლაშვილი ასე უპასუხებს:
ეს არის მხოლოდ სასამართლოს მომხმარებლების კვლევები და ეს არ არის მთლიანად საზოგადოებრივი აზრის კვლევა...

”თუკი მისი იდენტიფიკაცია არ იქნება გამჟღავნებული და ეს კვლევა სწორედ ასე ტარდება, ისინი გულწრფელად გამოხატავენ თავის აზრს მიმდინარე პროცესების შესახებ. და, რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვიძლია განვაზოგადოთ ის ადამიანები, რომლებსაც უშუალო შეხება აქვთ სასამართლოსთან. ისინი ძალიან კარგად ხედავენ რეალურად რა ხდება სასამართლოში.”

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი თამარ ჩუგოშვილი სასამართლოს მომხმარებელთა შორის ჩატარებული კვლევის შედეგებზე რადიო თავისუფლებას რამდენიმე ხნის წინ ესაუბრა და მსგავსი ტიპის კვლევების შესახებ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისაგან სრულიად განსხვავებული პოზიცია დააფიქსირა:

”ეს არის მხოლოდ სასამართლოს მომხმარებლების კვლევები და ეს არ არის მთლიანად საზოგადოებრივი აზრის კვლევა. ჩვენი პრაქტიკიდან გამომდინარე, შემიძლია გითხრათ, აქაც სხვადასხვა მიდგომა არსებობს, ანუ სამოქალაქო, ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის საქმეები. ჩვენ მიგვაჩნია, რომ სისხლის სამართლის საქმეებში ნდობის სერიოზული პრობლემა არსებობს და ადამიანებს, რომლებიც ჩვენთან მოდიან, მუდმივად აქვთ იმის განცდა, რომ აზრი არა აქვს სასამართლო სისტემაში ბრძოლას და ყოველთვის ცდილობენ, რომ საპროცესო შეთანხმებაზე გააკეთონ აქცენტი.”

სასამართლოებში შემოსულ საქმეთა რაოდენობის მატება - ეს არის კიდევ ერთი ინდიკატორი, რაც, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის სიტყვებით, ადასტურებს მოქალაქეებში სასამართლოსადმი ნდობის ამაღლებას. მისი მტკიცებით, გასულ წელს, წინა წლებთან შედარებით, 33 პროცენტით იმატა სასამართლოსადმი მიმართვიანობამ.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ მსგავსი ტიპის კვლევა უზენაესმა სასამართლომ მიმდინარე წლის მაისშიც ჩაატარა. შედეგების მიხედვით, მაშინ გამოკითხულთა 70 პროცენტმა გამოუცხადა ნდობა სასამართლოს. ეს სწორედ ის დროა, როდესაც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი, საქართველოს სახალხო დამცველი და ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი თომას ჰამარბერგი საკუთარ ანგარიშებში ერთმანეთის მიყოლებით და ერთმნიშვნელოვნად მიუთითებენ საქართველოს მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ პრობლემებზე. ისინი საუბრობენ შერჩევითი სამართლის, ადვოკატებისათვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის, გამამართლებელი განაჩენის დაბალი მაჩვენებლის და სხვა პრობლემების შესახებ. მაშ, როგორ შეიძლება აიხსნას უზენაესი სასამართლოს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების პარალელურად საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან გაცხადებული კრიტიკული შეფასებები? რადიო თავისუფლების ამ კითხვაზე კონსტანტინე კუბლაშვილს ასეთი პასუხი აქვს:
ძალიან ცხადი იყო, რომ იქ ადამიანები ვერ გრძნობდნენ თავს საიმისოდ, რომ გულწრფელი პასუხი გაეცათ...

”რა თქმა უნდა, ასეთი შეფასებები არის და ეს შეფასებები ნაწილობრივ შეიძლება გავიზიაროთ, რადგან პრობლემები ჯერ კიდევ არის. სასამართლო რეფორმა 2005 წლიდან დაიწყო და მაშინ ნდობა 25-30 % იყო. ის პრობლემები, რაც მაშინ გვქონდა, დიდი ნაწილი უკვე გადაჭრილია. თუმცა კიდევ რჩება გარკვეული პრობლემები...”

არასამთავრობო ორგანიზაცია ”ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის” ხელმძღვანელი, იურისტი ლია მუხაშავრია, ის ერთ-ერთი რესპონდენტი აღმოჩნდა, რომელსაც უზენაესი სასამართლოს წარმომადგენელმა სასამართლოს შენობაში კითხვით მიმართა - ”ენდობით თუ არა სასამართლოს?”. მან კითხვაზე ასე უპასუხა:

”ნულს ქვემოთ გაქვთ გრაფა, რომ ჩაწეროთ ჩემი უარყოფითი შეფასება-მეთქი? ძალიან ცხადი იყო, რომ იქ ადამიანები ვერ გრძნობდნენ თავს საიმისოდ, რომ გულწრფელი პასუხი გაეცათ. ასეთ არასაიმედო გამოკითხვებზე აპელირება, უბრალოდ, არ ეკადრება ისეთი მაღალი თანამდებობის ადამიანს, როგორიც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეა.”

გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა - ეს არის ერთ-ერთი უპირველესი მაჩვენებელი იმისა, თუ რამდენად ენდობა საზოგადოება სასამართლოს, ამბობს ლია მუხაშავრია. მისი თქმით, საქართველოში ეს მაჩვენებელი საშუალოდ 0,2 პროცენტია. ეს სტატისტიკა კი პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ არ შეიძლება საქართველოში სასამართლოსადმი ნდობა გამოკითხული მოქალაქეების 72 პროცენტმა გამოხატოს, მიაჩნია ლია მუხაშავრიას.
XS
SM
MD
LG