Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მარტვილის საოლქო საარჩევნო კომისიის ყოფილ წევრს სასამართლომ ქვეყნის დატოვება აუკრძალა


სენაკის რაიონული სასამართლო
სენაკის რაიონული სასამართლო

მარტვილის საოლქო საარჩევნო კომისიის ყოფილ წევრს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, ოლგა ჩურკანოვას, ქვეყნიდან გასვლა აეკრძალა. შესაბამისი გადაწყვეტილება სენაკის რაიონული სასამართლოს მოსამართლე დარეჯან კვარაცხელიამ, აღკვეთის ღონისძიების სახით, 19 სექტემბერს გამართულ სხდომაზე მიიღო.

ოლგა ჩურკანოვას მიმართ, რომელიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ მარტვილი-აბაშის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ზაალ გოროზიას, მეუღლეა, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლითაა აღძრული, რაც ცემას გულისხმობს.

ოლგა ჩურკანოვა მისთვის წაყენებულ ბრალს უკანონოდ მიიჩნევს, ადვოკატი რობინზონ ხურცილავა კი დარმუწნებულია, რომ სასამართლოზე ჩურკანოვას უდანაშაულობის დადასტურებას შეძლებს:

ოლგა ჩურკანოვა
ოლგა ჩურკანოვა

„ეს არის პოლიტიკური დევნა ჩემი მეუღლის მიმართ და ყველა ხერხს მიმართავს ხელისუფლება, რომ შეეშალოს ხელი „ნაციონალურ მოძრაობას“ და ჩემს მეუღლეს, რომელიც არის მაჟორიტარი კანდიდატი მარტვილში“, - განაცხადა ოლგა ჩურკანოვამ.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მოთხოვნა იყო საერთოდ არ ყოფილიყო აღკვეთის ღონისძიება გამოყენებული, ამ ეტაპზე არ ვაპირებთ აღნიშნული განჩინების გასაჩივრებას, რამეთუ ვეცდებით ჩვენი უდანაშაულობა უშუალოდ არსებითი განხილვის დროს სასამართლო პროცესზე დავამტკიცოთ“, - განაცხადა ადვოკატმა.

ბრალდების მხარე ჩურკანოვასთვის 2 ათასლარიანი გირაოს და შემაკავებელი ხასიათის აღკვეთის ღონისძიებას ითხოვდა. პროკურორმა სასამართლო ჟურნალისტებთან კომენტარის გარეშე დატოვა.

საქმე ეხება 21 აგვისტოს მარტვილის #65 საოლქო საარჩევნო კომისიაში მომხდარ ინციდენტს. კომისიის თავმჯდომარე გრიგოლ ბართაიას ინფორმაციით, ჩურკანოვა შეიჭრა მასთან ოთახში, სადაც კომისიის წევრ ელგა ცანავასა და კომისიის მდივან ნინო დანელიასთან სამუშაო შეხვედრა ჰქონდა, და გამოთქვა ეჭვი, თითქოს საუბნო საარჩევნო კომისიების დასაკომპლექტებლად ისინი ხელისუფლების მიერ შეთავაზებული სიებით ხელმძღვანელობდნენ. კამათის შემდეგ, როგორც ბართაია ამბობს, ჩურკანოვამ კომისიის წევრს „ქართული ოცნებიდან“, ელგა ცანავას, და კომისიის მდივან ნინო დანელიას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

თავად ოლგა ჩურკანოვა აცხადებს, რომ პროკურატურის ბრალდება და მოგვიანებით მისი საოლქო კომისიიდან გარიცხვა მარტვილში „არჩევნების გაყალბების“ წინაპირობაა:

„მანამ ჩემზე განხორციელდა „ოცნების“ წევრის მხრიდან - ელგა ცანავას მხრიდან -ფიზიკური და სიტყვიერი ზეწოლა, ამის მიუხედავად, მე ამ სიების გადაგზავნა მოვახერხე, მაგრამ, სამწუხაროდ, არანაირი რეაგირება ცესკოს მხრიდან ამას არ მოჰყოლია“, - განაცხადა ოლგა ჩურკანოვამ.

მოვიდა ჩვენთან და მოითხოვა კონკურსანტების სია. მას რაღაც გაუჩნდა ეჭვი რომ, ეს პარტიიდან შემოტანილი იყო. ეს ასე არ იყო. ქალბატონ ელგას ჰქონდა საკუთარი ვერსია, თუ ვის მისცემდა ხმას, და ამას მოჰყვა ურთიერთშელაპარაკება ოლქის წევრებს შორის...
გრიგოლ ბართაია

კომისიის ყოფილი წევრის ბრალდებების საპასუხოდ მარტვილის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გრიგოლ ბართაიამ განაცხადა, რომ შერჩეული კანდიდატების რაიმე საგანგებო სია არ არსებობდა. მისი თქმით, საერთო ჯამში, აბაშა-მარტვილის საარჩევნო უბნების კომისიების წევრობაზე 650-ზე მეტი განაცხადი შევიდა და, ბუნებრივია, რომ სამუშაო სიები, რომლის გარეშეც მუშაობა მხოლოდ ზეპირი მეხსიერებით გაჭირდებოდა, თავად წევრებმა შეიმუშავეს:

„მოვიდა ჩვენთან და მოითხოვა კონკურსანტების სია. მას რაღაც გაუჩნდა ეჭვი რომ, ეს პარტიიდან შემოტანილი იყო. ეს ასე არ იყო. ქალბატონ ელგას ჰქონდა საკუთარი ვერსია, თუ ვის მისცემდა ხმას, და ამას მოჰყვა ურთიერთშელაპარაკება ოლქის წევრებს შორის“.

საბოლოო ჯამში, როგორც გრიგოლ ბართაია აცხადებს, მარტვილის #65 საოლქო საარჩევნო კომისიამ საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომლექტება 23 აგვისტოს დაასრულა.

სენაკის რაიონული სასამართლო საარჩევნო კომისიის ყოფილი წევრის საქმის არსებით განხილვას 3 ნოემბერს დაიწყებს.

ოლგა ჩურკანოვასთვის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით წაყენებული ბრალი ცემას გულისხმობს. ამ მუხლით ჩადენილი დანაშაული ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით, ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ანდა გამასწორებელი სამუშაოთი, ვადით თხუთმეტ თვემდე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG