Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„სასამართლო დამოუკიდებლობის მაღალ საფეხურზეა“


კონსტანტინე კუბლაშვილი
კონსტანტინე კუბლაშვილი

29 დეკემბერს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ თავისი ათწლიანი საქმიანობა შეაჯამა. კონსტანტინე კუბლაშვილმა, რომელსაც თავმჯდომარეობის ვადა 2015 წლის თებერვლის ბოლოს ეწურება, განაცხადა, რომ ტოვებს მატერიალურად უზრუნველყოფილ, ფინანსურად დამოუკიდებელ, კორუფციისგან და პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალ სასამართლოს. რა შეიცვალა კონსტანტინე კუბლაშვილის თავმჯდომარეობის დროს საქართველოს მართლმსაჯულების სისტემაში და როგორ აფასებენ მის საქმიანობას იურისტები?

კონსტანტინე კუბლაშვილი თავისი საქმიანობის ყველაზე დიდ წარმატებად მიიჩნევს იმ ცვლილებების მიღებას, რომლებმაც საფუძველი ჩაუყარა სასამართლო სისტემის შეუქცევად დამოუკიდებლობას. ლაპარაკია მოსამართლეების უვადო დანიშვნაზე, ფინანსურ დამოუკიდებლობასა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმირებაზე, რომლის წყალობითაც საბჭო პრეზიდენტის სათათბირო ორგანოდან იქცა სასამართლო სისტემის მთავარ ადმინისტრაციულ ორგანოდ:

„სასამართლო არის დამოუკიდებლობის ძალიან მაღალ საფეხურზე. როგორი პოლიტიკური ძალაც არ უნდა მოვიდეს ან ძალთა როგორი განლაგებაც უნდა იყოს პარლამენტში, არსებულ გარანტიებს ვერავინ ვერ შეეხება. მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებიც ძალიან ხშირად აცხადებენ, რომ დღეს სასამართლო არის დამოუკიდებელი და მისი გადაწყვეტილებები უნდა მივიღოთ როგორც ასეთი და თუ ვინმეს პრეტენზია აქვს, უნდა გაასაჩივროს“.

კონსტანტინე კუბლაშვილის თქმით, რეფორმის ფარგლებში ასევე შეიქმნა სრულიად ახალი სისტემა, რომელიც იუსტიციის უმაღლესი სკოლის სახით უზრუნველყოფს მოსამართლეთა შერჩევის, მომზადება-გადამზადებისა და დანიშვნის ეფექტიანობას. ასევე, მნიშვნელოვანი სიახლეა თავად სასამართლო სისტემის მოწყობა:

კონსტანტინე კუბლაშვილის საქმიანობას ვაფასებ ძალიან ცუდად!ადამიანის უფლებების დარღვევის კუთხით ყველაზე მეტად პასუხისმგებელი უწყება - ეს იყო სასამართლო, რომელიც იყო პოლიტიკური იარაღი და ინსტრუმენტი...
ეკა ბესელია

„ეს გახლავთ ძალიან მარტივი, გამჭვირვალე და ხელმისაწვდომი სისტემა. და ყველა მოქალაქემ იცის დღეს, რომ თუკი რამე პრეტენზია აქვს სახელმწიფოსთან ან სხვა პირების მიმართ, მას შეუძლია შეიტანოს საჩივარი მასთან ახლო მდებარე პირველი ინსტანციის სასამართლოში. მას არ მოუწევს ძებნა იმისა, თუ რომელ სასამართლოში შეიტანოს - სააპელაციოში თუ რომელიმე სხვა სასამართლოში, რადგანაც ძველ სისტემაში ასე იყო: ზოგიერთი საქმეები პირდაპირ სააპელაციო სასამართლოში უნდა შეტანილიყო, ზოგიერთი კი ყოველგვარი ქვედა ინსტანციების გარშე შემოდიოდა პირდაპირ უზენაეს სასამართლოში, რაც ზღუდავდა გასაჩივრების უფლებას“.

კონსტანტინე კუბლაშვილი მიიჩნევს, რომ სასამართლოს მთავარი ხარვეზი, რომელიც მოსამართლეთა სრულ დამოუკიდებლობას უშლის ხელს, სამწლიანი გამოსაცდელი ვადის არსებობაა. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შეფასებებს ბევრი არ იზიარებს. პარალმენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია უარყოფითად აფასებს როგორც სასამართლო სისტემის, ასევე მისი ხელმძღანელის ათწლიან საქმიანობას:

ეკა ბესელია
ეკა ბესელია

„კონსტანტინე კუბლაშვილის საქმიანობას ვაფასებ ძალიან ცუდად!ადამიანის უფლებების დარღვევის კუთხით ყველაზე მეტად პასუხისმგებელი უწყება - ეს იყო სასამართლო, რომელიც იყო პოლიტიკური იარაღი და ინსტრუმენტი. ყველაფერი ის, რაც ხდებოდა პოლიციაში თუ პროკურატურაში, არ მოხდებოდა, სასამართლო რომ ყოფილიყო თავის სიმაღლეზე. არ იქნებოდა ამდენი უკანონო განაჩენი, ამდენი პატიმარი ქვეყანაში, ასეთი მასშტაბის პოლიტიკური დევნა და, ბუნებრივია, ვერ ვმალავ და არასდროს არ დამიმალავს ძალიან უარყოფითი შეფასება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მიმართ“.

თუმცა იურისტების ნაწილი მიიჩნევს, რომ პრობლემაა როგორც მოსამართლეების კვალიფიკაცია და დამოუკიდებლობის ხარისხი, ასევე კანონმდებლობა და საქართველოში არსებული პრაქტიკა. იურისტ ლია მუხაშავრიას თქმთ, მხოლოდ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შეცვლა დიდად არაფერს შეცვლის, რადგანაც საჭიროა ძირიეული რეფორმის გატარება:

ეს ადამიანები დაინიშნენ გარკვეული კონიუნქტურის შედეგად, გადაიტანეს აღმასრულებელი ხელისუფლების ძალიან სერიოზული ზეწოლა, ხელი მოაწერეს იმ განაჩენებს, რომლებითაც ადამიანები პოლიტპატიმრებად იქცნენ. ამიტომ ეს კორპუსი ვერ გახდება დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი...
ლია მუხაშავრია

„ვფიქრობ, ძალიან ბევრი სამუშაოა გასატარებელი იმისათვის, რომ მართლმსაჯულების შტო გაძლიერდეს, ნამდვილად დაუბრუნდეს მას ის ძალაუფლება, რაც სჭირდება იმისათვის, რომ გააწონასწოროს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება. ჩვენს ქვეყანაში ბალანსი ხელისუფლების ამ შტოთა შორის ძალიან მნიშვნელოვნად არის დარღვეული, რადგანაც აღმასრულებელმა ხელისუფლებამ ძალიან ბევრი ძალაუფლება მიიტაცა, ხოლო საპარლამენტო ცხოვრება და ვითარება როგორიცაა ჩვენ ქვეყანაში, კი ვიცით ყველამ“.

ლია მუხაშავრიას თქმით, ყველაზე დიდი პრობლემა ისაა, რომ მოსამართლეთა დიდი ნაწილი შინაგანად არაა თავისუფალი და დამოუკიდებელი.

„ეს ადამიანები დაინიშნენ გარკვეული კონიუნქტურის შედეგად, გადაიტანეს აღმასრულებელი ხელისუფლების ძალიან სერიოზული ზეწოლა, ხელი მოაწერეს იმ განაჩენებს, რომლებითაც ადამიანები პოლიტპატიმრებად იქცნენ. ამიტომ ეს კორპუსი ვერ გახდება დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი, რაც უნდა დიდი სურვილი იყოს ხელისუფლების ან მოსამართლეთა კორპუსის მხრიდან“, უთხრა ლია მუხაშავრიამ რადიო თავისუფლებას.

თუმცა ლია მუხაშავრია დაუშვებლად მიიჩნევს ყველა მოსამართლის ხელაღებით გაშვებას. ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოში 258 მოსამართლეა, აქედან დაახლოებით 180 უკანასკნელ წლებში გატარებული რეფორმების შედეგად დაინიშნა. კონსტანტინე კუბლაშვილი, რომელსაც თავმჯდომარეობის ვადა 2015 წლის 23 თებერვალს ეწურება, ამბობს, რომ მოსამართლეთა დამოუკიდებლობის განმტკიცება დიდწილად იქნება დამოკიდებული ახალ თავმჯდომარეზე, რომელსაც პრეზიდენტის წარდგინებით პარლამენტი ამტკიცებს. რაც შეეხება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის სამომავლო გეგმებს:

„ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ვინ არის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და მან უნდა გაითვალისწინოს ყველაფერი ის, რაც აქამდე მოხდა და რა მდგომარეობაშია დღეს სასამართლო და ყველანაირად უნდა შეეცადოს იმ დარჩენილი პრობლემების აღმოფხვრას მის ხელთ არსებული ყველა საშუალებით. სისტემის გაძლიერება და განვითარება აუცილებელია. თუ არ გაძლიერდა და არ განვითარდა,მაშინ დღეს რაც არის, ისიც კი შეიძლება შეირყეს“, განაცხადა საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ კონსტანტინე კუბლაშვილმა.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG