Accessibility links

„მოსამართლედ ანგელოზიც რომ აირჩიო, მასზე ძალაუფლება მაინც მოქმედებს...“


მოსამართლეთა დამოუკიდებლობის გარანტიები, მოსამართლეთა დანიშვნის წესი, მათი სოციალური დაცვის საკითხი, საქმეთა გადანაწილება, ანაზღაურება და მივლინებები - ეს იმ საკითხების არასრული ჩამონათვალია, რაზეც მრგვალ მაგიდასთან შეკრებილმა მოსამართლეებმა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა რამდენიმე საათის განმავლობაში იმსჯელეს. რა ცვლილებები უნდა განხორციელდეს იმისათვის, რომ ქვეყანაში მაქსიმალურად იყოს გარანტირებული სასამართლო სისტემისა და მოსამართლის დამოუკიდებლობა?

თამაზ ურთმელიძე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე, იმის საილუსტრაციოდ, რომ დღესდღეობით მოსამართლეების სოციალური დაცვის გარანტიები არ არის უზრუნველყოფილი, რადიო თავისუფლებასთან საუბარში ერთ შემთხვევას იხსენებს და ამბობს, რომ მსგავსი ფაქტები, მოსამართლეთა დამოუკიდებლობის ხარისხს მნიშვნელოვნად ამცირებს:

„ჩვენი ერთ-ერთი კოლეგა, რომელიც ამჟამად უკვე პენსიაშია, მოსამართლეებმა მოიკითხეს და სათიბში იყო წასული. ისე არ უნდა უჭირდეს მოსამართლეს, რომ მას პენსიაში გასვლის შემდეგ ფიზიკური შრომა უწევდეს. თუკი მას მიწათმოქმედების სურვილი აქვს, ეს ერთია, მაგრამ როცა იძულებულია, ეს უკვე მეორეა. ამიტომ ჩვენ მიგვაჩნია, რომ სოციალური გარანტიები მოსამართლეებისათვის მაქსიმალურად უნდა იყოს გაზრდილი, რადგან ისინი არ შეესაბამება საერთო ევროპულ მდგომარეობას. ჩვენ თუ გვინდა, რომ მივიღოთ დამოუკიდებელი სასამართლო, მოსამართლის სოციალური გარანტია სწორედ ერთ-ერთი შემადგენელი კომპონენტია ამ დამოუკიდებლობისა“, - ამბობს თამაზ ურთმელიძე.
ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ის ვადა, რა ვადაც აიღო საქართველოს პარლამენტმა ამ კრიტერიუმებისა და პროცედურების ჩამოსაყალიბებლად, იქნება კარგად გამოყენებული - მათ შორის, სამოქალაქო სექტორის მიერ - იმისათვის, რომ ამ კრიტერიუმების დასაბუთებული ალტერნატივები შესთავაზოს როგორც სასამართლო ხელისუფლებას, ისე პარლამენტს და იუსტიციის სამინისტროს...

ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემად, როდესაც საქმე მოსამართლეთა სოციალურ გარანტიებსა და, შესაბამისად, მათ დამოუკიდებლობას ეხება, თამაზ ურთმელიძე მათ ანაზღაურებასაც ასახელებს. დღესდღეობით არსებული მდგომარეობით, პირველი ინსტანციის მოსამართლის ხელფასი 1000 ამერიკული დოლარის ფარგლებში მერყეობს. ინიციატივა, რომლითაც დღეს სასამართლო ხელისუფლება მოსამართლის ანაზღაურების მიმართულებით გამოდის, მათი ხელფასის მნიშვნელოვან ზრდას გულისხმობს. სასამართლო ხელისუფლების მიერ ინიცირებული კანონპროექტის თანახმად, პირველი ინსტანციის მოსამართლის ხელფასი 4000 ლარით უნდა განისაზღვროს.

მოსამართლეების თანამდებობაზე გამწესების საკითხი და პროცედურა, ანუ მათი თანამდებობებზე უვადოდ დანიშვნა კიდევ ერთი საკითხია, რაც, მოსამართლეებისა და არასამთავრობო სექტორის განცხადებით, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მოსამართლეთა დამოუკიდებლობას და, შესაბამისად, მართლმსაჯულების მდგომარეობის გაუმჯობესებას. შეგახსენებთ, რომ ოქტომბრის დასაწყისში საქართველოს პარლამენტმა „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცლვილებების შეტანას მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. ცვლილების მიხედვით, დადგინდა 3 წლიანი ვადა მოსამართლის გამწესებისათვის საწყის ეტაპზე, სანამ მოსამართლე უვადოდ დაინიშნება. რაც შეეხება სასამართლო ხელისუფლების ინიციატივას ამ მიმართულებით, მათი ინიციატივაა, რომ მოქმედ მოსამართლეებს უფლებამოსილების ვადა გაუგრძელდეთ, რაც შინაარსობრივად ნიშნავს იმას, რომ განხორციელდეს მათი უვადოდ დანიშვნა. თუმცა, როგორც სოფო ვერძეული, ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენელი, რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, არსებობს კონსტიტუციური ნორმა, რომელიც აწესებს გარკვეულ შეზღუდვებს მოქმედი მოსამართლეების უვადოდ გადანიშვნასთან დაკავშირებით. რაც შეეხება მოსამართლეთა ე.წ. გამოსაცდელ სამწლიან პერიოდს, ანუ მოსამართლეებზე დაკვირვების პროცედურებისა და კრიტერიუმების გაწერას, ამ საკითხის დარეგულირება 2014 წლის პირველ მაისამდე გაგრძელდა:

„ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ის ვადა, რა ვადაც აიღო საქართველოს პარლამენტმა ამ კრიტერიუმებისა და პროცედურების ჩამოსაყალიბებლად, იქნება კარგად გამოყენებული - მათ შორის, სამოქალაქო სექტორის მიერ - იმისათვის, რომ ამ კრიტერიუმების დასაბუთებული ალტერნატივები შესთავაზოს როგორც სასამართლო ხელისუფლებას, ისე პარლამენტს და იუსტიციის სამინისტროს“, - მიაჩნია სოფიო ვერძეულს.

მოსამართლეთა თვითმმართველობის როლის გაზრდაზე ამახვილებს ყურადღებას „საქართველოს მოსამართლეთა ერთობის“ აღმასრულებელი დირექტორი ნაზი ჯანეზაშვილი. მისი თქმით, სწორედ ამ რგოლზეა დამოკიდებული თითოეული მოსამართლის გაძლიერება, მათი დამოუკიდებლობა. მისი თქმით, სწორედ მოსამართლეთა თვითმმართველობა უნდა იყოს ერთ-ერთი გარანტი იმისა, რომ მოსამართლეების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები გარემო პირობების ან ხელისუფლების ცვლილებებზე არ იყოს დამოკიდებული:

ნაზი ჯანეზაშვილი

ნაზი ჯანეზაშვილი

„თვითონ სასამართლოს შიგნით მოსამართლეთა ჯგუფი, მოსამართლეთა თვითმმართველობა უნდა იყოს ძლიერი, რადგან, როდესაც ინდივიდუალური მოსამართლე იქნება ძლიერი, მას ექნება მეტი გარანტიები როგორც დანიშვნის ვადებთან და პროცედურებთან დაკავშირებით, ისე მივლინებებთან თუ ანაზღაურებასთან დაკავშირებით. კვლავ ბევრი საკითხია დასახვეწი, მიმდინარეობს მუშაობა და დისკუსია და იმედი მაქვს, რომ პროგრესული ნაბიჯები იქნება გადადგმული ამ გარანტიების მისაღწევად“.

მოსამართლე თამაზ ურთმელიძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში სასამართლო სისტემის მონიტორინგის პროცესში განსაკუთრებულ როლს სამოქალაქო საზოგადოებას აკისრებს და ამბობს:

„მოსამართლედ ანგელოზიც რომ აირჩიო, ხომ იცით, რომ ძალაუფლება გარკვეულად მოქმედებს მათზე და ამიტომ ყოველდღიური კონტროლი უნდა არსებობდეს სასამართლოზე და მხოლოდ ამის შემდეგ მივიღებთ კარგ სასამართლოს“.
XS
SM
MD
LG