Accessibility links

17 მაისის საქმეზე გამართლებული სამღვდელოება


ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღისადმი მიძღვნილი დემონსტრაცია თბილისში, 2013 წლის 17 მაისი

ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღისადმი მიძღვნილი დემონსტრაცია თბილისში, 2013 წლის 17 მაისი

თბილისის საქალაქო სასამართლომ 2013 წლის 17 მაისის საქმეში ოთხი პირი უდანაშაულოდ ცნო. საქმე ეხება ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღისადმი მიძღვნილი დემონსტრაციისთვის ხელის შეშლას, როცა ლგბტ აქტივისტებისა და მათი მხარდამჭერების წინააღმდეგ სასულიერო პირებთან ერთად ათასობით ადამიანი გამოვიდა.

ტიტალ დავრიშიანი, ბექა სალუქვაძე, გიორგი ბასიაშვილი და მღვდელი ირაკლი ბასილია მოსამართლე დავით მგელიაშვილმა საქალაქო სასამართლოში 23 ოქტომბერს გამართულ პროცესზე უდანაშაულოდ ცნო. მათი საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილით განიხილებოდა. ეს მუხლი გულისხმობს „შეკრების ან მანიფესტაციის მოწყობის, ანდა მასში მონაწილეობის უფლების განხორციელებისათვის უკანონოდ ხელის შეშლას ძალადობით, ძალადობის მუქარით ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით“, რაც ჯარიმით, ერთ წლამდე გამოსასწორებელი სამუშაოთი, ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ან სამ წლამდე ვადით თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ისჯება.

ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღისადმი მიძღვნილი დემონსტრაცია თბილისში, 2013 წლის 17 მაისი

ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღისადმი მიძღვნილი დემონსტრაცია თბილისში, 2013 წლის 17 მაისი

ბრალდებულთა ადვოკატი გია ტაბლიაშვილი მიიჩნევს, რომ „სასამართლომ სამართლიანი, კანონიერი და ობიექტური გადაწყვეტილება მიიღო“:

„ვინაიდან, მოგეხსენებათ, რომ იურისპრუდენციაში არსებობს ძალიან მნიშვნელოვანი გარემოება - ობიექტური რეალობა და ამ ობიექტური რეალობის სამართლებრივი დასაბუთება. ვერც ერთმა წარმოდგენილმა მტკიცებულებამ ვერანაირი დასაბუთება ვერ პოვა და ჩვენ მიგვაჩნია, რომ ძალიან სამართლიანი გადაწყვეტილება იყო“.

2013 წლის 17 მაისს, ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს, ლგბტ აქტივისტებისა და მათი მხარდამჭერების წინააღმდეგ ათასობით ადამიანი რუსთაველის გამზირზე გამოვიდა. 2013 წლის 21 მაისს საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ განიხილა დემონსტრაციაში მონაწილე კიდევ ოთხი ადამიანის საქმე და მათ წვრილმანი ხულიგნობისთვის 100-100-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

როგორც ჩანს, ხელისუფლებამ პირდაპირ მიანიშნა ყველა მზარდ რადიკალურ და ექსტრემისტულ ჯგუფს, რომლებიც საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში გამოჩნდნენ, რომ მათ შეუძლიათ დაუსჯელად ითარეშონ, მათ თითს ვერავინ დააკარებს...

არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობის“ წარმომადგენელი ირაკლი ვაჭარაძე, რომელიც 2013 წლის 17 მაისის აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი და მონაწილე იყო, მიიჩნევს, რომ სასამართლოს მსგავსი გადაწყვეტილებები საქართველოში ადამიანის უფლებების მხრივ მდგომარეობას ასუსტებს:

„როგორც ჩანს, ხელისუფლებამ პირდაპირ მიანიშნა ყველა მზარდ რადიკალურ და ექსტრემისტულ ჯგუფს, რომლებიც საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში გამოჩნდნენ, რომ მათ შეუძლიათ დაუსჯელად ითარეშონ, მათ თითს ვერავინ დააკარებს, იმის მიუხედავად, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2012 წლის 17 მაისის საქმეზე ერთხელ უკვე გაამტყუნა საქართველო“.

საქართველოს მიმართ გამამტყუნებელ განაჩენს ელის ირაკლი ვაჭარაძე ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოსგან 2013 წლის 17 მაისის საქმეზეც, რომლის განხილვაც უკვე დასრულებულია.

ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღისადმი მიძღვნილი დემონსტრაცია თბილისში, 2013 წლის 17 მაისი

ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღისადმი მიძღვნილი დემონსტრაცია თბილისში, 2013 წლის 17 მაისი

საქალაქო სასამართლოში 23 ოქტომბერს განხილულ საქმეში ხუთი დაზარალებული იყო. მათგან ოთხის ინტერესებს ორგანიზაცია „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის“ იურისტი ციალა რატიანი წარმოადგენდა. ის ამბობს, რომ განაჩენის დასაბუთებულ ნაწილს სასამართლო მათ 20 დღის ვადაში გადმოსცემს:

„აშკარად უსამართლო გადაწყვეტილებაა, იმიტომ რომ 2013 წლის 17 მაისს ადამიანთა გარკვეული ჯგუფი აშკარად სასწაულად გადაურჩა ჩაქოლვას და ქვეყანაში, ფაქტობრივად, გამოხატვის თავისუფლება არ იქნა დაცული“.

ბრალდების მხარე სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს. როგორც ციალა რატიანი ამბობს, დაზარალებულებს გასაჩივრების უფლება არ აქვთ, თუმცა ისინი პროკურატურასთან მჭიდროდ თანამშრომლობენ.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG