Accessibility links

სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა გიგი უგულავას სარჩელი


გიგი უგულავა სასამართლოში, 2013 წლის 25 თებერვალი

გიგი უგულავა სასამართლოში, 2013 წლის 25 თებერვალი

16 სექტემბერს, თბილისის დროით 21:00 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გამოაცხადა გადაწყვეტილება საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ და თბილისის ყოფილი მერის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. კერძოდ, როგორც ოთხშაბათს გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, „სასამართლომ არაკონსტიტუციურად მიიჩნია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 205-ე მუხლის მე-2 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უშვებს კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულის პატიმრობას, თუ ამ საქმეზე ბრალის წაყენების ან ბრალის წაყენებისთვის საკმარისი საფუძვლის გამოვლენის შემდეგ, მას პატიმრობაში ერთობლივად გატარებული აქვს 9 თვე მის მიმართ მიმდინარე ნებისმიერი სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში.“ შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება, რომ „სადავო ნორმა იმაზე მეტი ვადით უშვებს პირის პატიმრობაში ყოფნას ვიდრე ეს კონსტიტუციით არის ნებადართული, რაც ხელყოფს მისი, როგორც ბრალდებულის, კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველ და მეექვსე პუნქტებით დაცულ უფლებას.“

რაც შეეხება მოსარჩელის დაუკმაყოფილებელ მოთხოვნას, ის დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტს უკავშირდება. საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებაში ნათქვამია, რომ „მოსარჩელე ასევე პრობლემად მიიჩნევდა იმ გარემოებას, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსიდან გამომდინარე ბრალდებულისათვის პატიმრობის გამოყენებისას სასამართლო ხელმძღვანელობს დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით. მისი აზრით, აღნიშნული არ წარმოადგენს კონსტიტუციით გარანტირებული თავისუფლების უფლების დაცვის საკმარის გარანტიას. სასამართლომ მიუთითა, რომ დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტიდან გამომდინარე, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, პატიმრობას უშვებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ობიექტური გარემოება, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა ბრალდების საფუძვლიანობაში, და ბრალდებულის მიმალვის, მის მიერ მტკიცებულებების განადგურების ან ახალი დანაშაულის ჩადენის რეალური საფრთხის არსებობაში. შესაბამისად, ამ ნაწილში, სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა".

როგორც გიგი უგულავას ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განაცხადა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების წუთიდან მისი დაცვის ქვეშ მყოფი უკანონო პატიმრად ითვლება და რომ „ახლა საქართველოს სასჯელაღსრულების სამინისტრო, სასჯელაღსრულების დეპარტამენტი, მე-9 დაწესებულება, სადაც მოთავსებულია გიორგი უგულავა, ვალდებული არიან ამ წუთიდანვე აღასრულონ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება."

საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება მოსამართლე მერაბ ტურავას ხელმოწერის გარეშე გამოაქვეყნა, მიუხედავად იმისა, რომ წინასწარ გავრცელებული განცხადების თანახმად, მოსამართლე ტურავას ხელმოწერა აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენდა ამ საქმეზე გადაწყვეტილების გამოსაქვეყნებლად. კანონის თანახმად, გამოქვეყნებამდე, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ხელი უნდა მოაწეროს საქმის არსებითად განხილვაში მონაწილე უკლებლივ ყველა მოსამართლემ. ხელმოწერის მოპოვების მიზნით 16 სექტემბერს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ მერაბ ტურავას საავადმყოფოშიც კი მიაკითხა, თუმცა უშედეგოდ. იმის გამო, რომ მერაბ ტურავამ გადაწყვეტილებას ხელი არ მოაწერა, ამ საკითხმა ბოლო ორი დღის განმავლობაში მწვავე პოლიტიკური დისკუსია და დაპირისპირება გამოიწვია. ოპოზიციის განცხადებით მოსამართლე ტურავა ხელისუფლების დაკვეთას ასრულებდა.

მოსამართლე მერაბ ტურავას საკითხს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ეთიკისა და დისციპლინურ საქმეთა კომისია შეისწავლის, ხოლო შემდეგ კომისიის დასკვნა შემდგომი რეაგირებისთვის გადაეცემა საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს – ასეთი გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მას შემდეგ, რაც ბათუმში ჯანმრთელობის ცენტრ „მედინაში“ მოთავსებულმა მოსამართლე ტურავამ არც 16 სექტემბერს მოაწერა ხელი გადაწყვეტილებას გიგი უგულავას საქმეზე და მასთან საავადმყოფოში მისული საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი და სხვა მოსამართლეები უარით გაისტუმრა.

იმის გამო, რომ მერაბ ტურავამ გადაწყვეტილებას ხელი არ მოაწერა, საკონსტიტუციო სასამართლოს მოუწია გადაედო 15 სექტემბერს 17:00 საათისთვის დაგეგმილი ღონისძიება, რომელზეც გიგი უგულავას საქმესთან დაკავშირებული გადაწყვეტილება უნდა გამოცხადებულიყო. მერაბ ტურავა სამშაბათს საავადმყოფოში მოათავსეს. თუმცა16 სექტემბერს მოსამართლე ტურავამ ჟურნალისტებს განუმარტა, რომ ხელმოწერაზე უარი მის ავადმყოფობას არ უკავშირდებოდა და რომ მას, უბრალოდ, გონივრული ვადა არ მისცეს 50-გვერდიანი გადაწყვეტილების შესასწავლად. მოსამართლე თვლის, რომ მასზე ერთგვარი ზეწოლა განხორციელდა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG