Accessibility links

logo-print

ზუგდიდის სასამართლომ გათავისუფლებული ბაღის გამგე სამსახურში აღადგინა


ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრს გათავისუფლებული გამგის, ირმა ნაჭყებიას, სამსახურში აღდგენა და გაცდენილი საათების ანაზღაურება დააკისრა, რადგან მოსამართლე ირაკლი აბშილავამ მისი გათავისუფლება დაუსაბუთებლად მიიჩნია.

ირმა ნაჭყებიას ინტერესებს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ იცავდა. როგორც ადვოკატმა მირზა მამულაძემ განაცხადა, ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ამ გადაწყვეტილებით მათი სარჩელის ძირითადი ნაწილი დააკმაყოფილა.

„ჩვენ ასევე გვქონდა მოთხოვნა ირმა ნაჭყებიასთვის მიცემული შენიშვნის ბათილად ცნობაზე და მისი პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებაზე, თუმცა სარჩელის ამ ნაწილში მოსამართლემ მოსარჩელის არგუმენტაცია არასაკმარისად ჩათვალა. სასამართლომ მიიჩნია, რომ ირმა ნაჭყებიას გათავისუფლება მოხდა დაუსაბუთებლად, თუმცა პოლიტიკური ნიშნით მისი გათავისუფლება ვერ გამოკვეთა - არ მიიჩნია, რომ ის პოლიტიკური დისკრიმინაციის მსხვერპლი იყო“, - განაცხადა საიას იურისტმა.

ნაცატუს ბაღის ყოფილმა გამგემ თანამდებობიდან დათხოვნაზე მიმდინარე წლის 16 ივნისს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. მისი განცხადებით, დათხოვნის საბაბი რეალურად პოლიტიკურია, თუმცა ოფიციალურ მიზეზად ბავშვებისთვის განკუთვნილ საკვებ პროდუქტებში სამი ვადაგასული კვერცხის აღმოჩენა დაუსახელეს.

„ზუგდიდის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრის დირექტორი ქალბატონი ციცანა თოლორაია მოვიდა და მეუბნება, თქვენი მეუღლე არის „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი და თუ არ დაანებებს თავს ამ საპირისპირო აზრს, შეიძლება ეს ცუდად დაგიმთავრდეთ“, - განაცხადა ირმა ნაჭყებიამ.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრის დირექტორმა ბრალდებები უარყო და ტყუილი უწოდა. ცისანა თოლორაიას მტკიცებით, ბაღის გამგის დათხოვნის ერთადერთი მიზეზი აუდიტის დასკვნა გახდა, რომლის თანახმად, სააღმზრდელო დაწესებულებაში ჰიგიენური ნორმები იყო დარღვეული. იგივე ითქვა გამგეობაში:

„გამგეობას არც ერთი მისი თანამშრომელი და მის დაქვემდებარებაში მყოფი ააიპ-ებიდან თანამშრომელი პოლიტიკური ნიშნით არასდროს გაუთავისუფლებია. ნაცატუს ბაღის გამგის გათავისუფლების მიზეზი გახდა მხოლოდ შიდა აუდიტის დასკვნა. მათ აღმოაჩინეს მღრღნელებისგან დაზიანებული საკვები პროდუქტები, რომლებიც ბავშვებისთვის იყო განკუთვნილი, რაც დაუშვებელია“, - განაცხადა გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა მაია ღურწკაიამ.

ირმა ნაჭყებიას ადვოკატის ინფორმაციით, სასამართლოს გადაწყვეტილება, თუკი ის მოწინააღმდეგე მხარემ არ გაასაჩივრა, ძალაში შევა 14 დღის ვადაში. ადვოკატის განცხადებით, კანონმდებლობა იძლევა ამის საშუალებას და აპირებენ შუამდგომლობა დააყენონ ირმა ნაჭყებიას სამსახურში დაუყოვნებლივ აღდგენის თაობაზე.

რაც შეეხება მოწინააღმდეგე მხარეს, მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრის დირექტორი ჯერ სასამართლოს გადაწყვეტილებას არ გასცნობია. ციცანა თოლორაიას თქმით, გასაჩივრებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას სწორედ მისი გაცნობის შემდეგ მიიღებს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG