Accessibility links

logo-print

გორში საიამ სასამართლოს მონიტორინგის შედეგები წარადგინა


მონიტორინგის შედეგების წარდგენა

მონიტორინგის შედეგების წარდგენა

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ 6 თვის განმავლობაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მონიტორინგს ახორციელებდა. მონიტორინგის შედეგები იურისტებმა დღეს გორის საზოგადოების წარმომადგენლებს გააცნეს.

სასამართლოს მონიტორინგის მიზანი იყო დაედგინა, რამდენად შეესაბამებოდა საქმეთა განხილვისას შესრულებული საპროცესო მოქმედებები საქართველოს კონსტიტუციას, საერთაშორისო სამართლის პრინციპებსა და ეროვნულ კანონმდებლობას. საიას მონიტორები, ჯამში, 520 სასამართლო პროცესს დააკვირდნენ. ანგარიშის მიხედვით, საქმეთა თითქმის ნახევარში სასამართლომ ვერ უზრუნველყო სასამართლო სხდომის დროისა და თარიღის სათანადო გამოქვეყნება. 520 საქმიდან 276 საქმე არ გამოქვეყნებულა; 520 სხდომიდან 113 შემაჯამებელი გადაწყვეტილება გამოვიდა - 106 საპროცესო შეთანხმება და 7 არსებითი განხილვა. 38 საქმეში განაჩენის გამოცხადებისას მოსამართლემ არ მიუთითა შესაბამისი კანონმდებლობა. 4 საქმეში მოსამართლის ნეიტრალურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა: მოსამართლემ არასაოქმოდ დასვა კითხვები; მოსამართლემ მიუთითა პროკურორს, თუ რა კითხვები დაესვა; მოსამართლემ განავრცო პროკურორის კითხვები.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტის თინათინ ავალიანის აზრით, აღნიშნული ანგარიში ცხადყოფს, რომ პროკურატურის გავლენა სასამართლოზე ისევ მაღალია.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ანგარიშში ნათქვამია აგრეთვე, რომ გადაწყვეტილების მიღებისას დაფიქსირდა მოსამართლეთა მხრიდან პროკურორებისადმი მიკერძოებული მიდგომა: ბრალდებულის სასამართლოში პირველი წარდგენის დროს სასამართლო ყოველთვის იდენტურად იზიარებდა ბრალდების პოზიციას აღკვეთის ღონისძიების შეფარდებასთან დაკავშირებით; 117-ვე წინასასამართლო სხდომაზე მოსამართლემ დააკმაყოფილა ბრალდების აბსოლუტურად ყველა შუამდგომლობა მტკიცებულებათა დასაშვებობის თაობაზე; 113 შემაჯამებელი გადაწყვეტილებიდან არც ერთი არ ყოფილა გამამართლებელი. სასამართლოში პირველი წარდგენის 185 შემთხვევიდან სასამართლო იყენებდა მხოლოდ გირაოს და პატიმრობას და არც ერთ შემთხვევაში უფრო მსუბუქი სახის აღკვეთის ღონისძიებას. მოსამართლემ პატიმრობის შეფარდებისას 86 გადაწყვეტილებიდან მხოლოდ 34%-ში დაასაბუთა თავისი გადაწყვეტილება;

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი თამარ ჩუგოშვილი მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობის ხარისხი დღემდე ძალიან დაბალია.

ახალგაზრდა იურისტები დასკვნის სახით აცხადებენ, რომ არსებითი განხილვების უმეტესობაში შეჯიბრებითობის პრინციპი დაცული იყო, თუმცა გამოიკვეთა რამდენიმე შემთხვევა, სადაც მოსამართლემ თავის ნეიტრალურ როლს მკვეთრად გადაუხვია.

მოსამართლეთა გადაწყვეტილებები პირველი წარდგენის სხდომებზე აღკვეთის ღონისძიების შეფარდებისას, როგორც წესი, არ არის დასაბუთებული; სასამართლოს გადაწყვეტილებებიდან გამოიკვეთა მოსამართლეთა მიკერძოებული მიდგომა. არც ერთ შემთხვევაში სასამართლოს ბრალდებული არ დაუტოვებია აღკვეთის ღონისძიების გარეშე.

უფლებადამცველ დაჩი ცაგურიას სასამართლოსთან ხშირი შეხება აქვს. მისი აზრით, ქართული მართლმსაჯულების მიუკერძოებლობა და დამოუკიდებლობა მხოლოდ ფასადურ ხასიათს ატარებს.

იურისტები ანგარიშის წარდგენას რეგიონებში გააგრძელებენ, შემდეგ ეტაპზე კი ისინი უკვე რაიონული სასამართლოების საქმეებს დააკვირდებიან.
XS
SM
MD
LG