Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„მესამე ტალღის“ ბუნდოვანი მომავალი


იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიმდინარე მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსის ხარვეზებზე, სამოქალაქო სექტორის შემდეგ, ყურადღება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამაც გაამახვილა. 7 ივლისს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ განაცხადა, რომ მოსამართლის მანტიისათვის შეუფერებელი კანდიდატების დანიშვნის თავიდან ასაცილებლად მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ტალღასთან დაკავშირებული კანონპროექტების მიღებაა აუცილებელი. შესაბამისად, პრეზიდენტი საპარლამენტო ფრაქციებს სასამართლო სისტემის ტრანსფორმაციასთან დაკავშირებით კონსულტაციების დაწყებას სთავაზობს. არსებული მდგომარეობით კი, კანონპროექტების განხილვა, სავარაუდოდ, ახალი მოწვევის პარლამენტს მოუწევს. მოსალოდნელია თუ არა რიგგარეშე სხდომის გამართვა ამ საკითხზე და როგორ განვითარდება მოვლენები?

სასამართლო რეფორმის მესამე ტალღის კანონპროექტების განხილვა საპარლამენტო ფორმატში 2015 წლის სექტემბერ-ოქტომბრიდან მიმდინარეობს. დღევანდელი მდგომარეობით, კანონპროექტები პარლამენტის მიერ ორი მოსმენითაა მიღებული. 6 მაისს პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა აღნიშნული პაკეტი მესამე მოსმენითაც დაამტკიცა, თუმცა საგაზაფხულო სესია ისე დასრულდა, რომ მისი პლენარულ სხდომაზე გატანა ვეღარ მოესწრო. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, რესპუბლიკური პარტიის წევრი ვახტანგ ხმალაძე, რიგგარეშე სხდომის დანიშვნის მომხრეა და გაჭიანურებული პროცესის დასაჩქარებლად მთავრობას მიმართავს:

“მოვუწოდებთ, რომ გამოიტანონ პარლამენტის სხდომაზე. მთავრობამ უნდა გამოიტანოს, სხვანაირად პარლამენტი ვერ იმსჯელებს მესამე მოსმენით ამ კანონპროექტზე და მზად ვართ ამას მხარი დავუჭიროთ, მიუხედავად იმისა, რომ იქ არ მოგვწონს ერთი ნაწილი, ის ნაწილი, რომელიც ეხება სასამართლოთა თავმჯდომარეების დანიშვნის თუ არჩევის წესს“.

მესამე ტალღა პრობლემა არ არის, პირდაპირ გეტყვით. მე მივესალმები, რომ რაც შეიძლება მეტი რეფორმები გატარდეს სასამართლო ხელისუფლების განვითარების კუთხით. მაგრამ გარწმუნებთ, რომ არ იქნება გაჩერება...
ლევან მურუსიძე

ვახტანგ ხმალაძის თანახმად, რესპუბლიკური პარტიისთვის მისაღებია ის, რომ, დაგეგმილი ცვლილებებით, სასამართლოს თავმჯდომარეებს პრაქტიკულად აღარ რჩებათ ის უფლებამოსილება, რომელიც მათ მნიშვნელოვან ფიგურებად ტოვებს. ვახტანგ ხმალაძე აღნიშნავს, რომ მისასალმებელია ასევე მოსამართლეთა და მოსამართლეობის კანდიდატთა შეფასების სისტემის შემოღება, საქმეთა ელექტრონული განაწილების შესაძლებლობა და სხვა. დეპუტატი ამბობს, რომ სასამართლო სისტემის მესამე ტალღის საკანონმდებლო პაკეტის კენჭისყრაზე დაყენების შემთხვევაში, რესპუბლიკური პარტია მას მხარს დაუჭერდა. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ვახტანგ ხმალაძისგან განსხვავებით, პროცესის დაჩქარების შესაძლებლობას ამ ეტაპზე პრაქტიკულად ვერ ხედავს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია:

“კონსულტაციები, ალბათ, უფრო აქტიურად რომ შემდგარიყო ცოტა უფრო ადრე, როდესაც იხილებოდა საკითხი, იქნებოდა უფრო უკეთესი. ახლა, აი, ამ შუალედში, მართალი გითხრათ, ვერ ვხედავ იმ კალენდარს, ასე ვთქვათ, გადაწყვეტილებების მიღების თვალსაზრისით, რომელიც პროცესს დააჩქარებს“.

ეკა ბესელია ამბობს, რომ რიგგარეშე სხდომის გამართვა პარლამენტში არ იგეგმება. შესაბამისად, პრეზიდენტის მიერ სასამართლო სისტემის ტრანსფორმაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე კონსულტაციების შეთავაზებას იგი დაგვიანებულად მიიჩნევს - მით უფრო მაშინ, როდესაც პოლიტიკური კონსენსუსი საკანონმდებლო ორგანოშია მისაღწევი. შეიძლება ითქვას, რომ, საგაზაფხულო სესიის დახურვის პირობებში, „თავისუფალი დემოკრატები“ და „ნაციონალური მოძრაობა“ პრაქტიკულად ვერ ხედავენ საშუალებას, მიუბრუნდნენ სასამართლო სისტემის მესამე ტალღის რეფორმების განხილვას.

მოსამართლეთა 65 ვაკანტური ადგილის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში გასაუბრების ეტაპი უკვე დასრულებულია, საბჭოს გადაწყვეტილება კი შერჩეულ კანდიდატებთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. კონკურსში 131 მოსამართლე მონაწილეობს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე, თავის მხრივ, არ იზიარებს პროცესის გაუმჭვირვალობასთან დაკავშირებით გამოთქმულ კრიტიკას და ამბობს, რომ სისტემის კრიტიკა არ შეწყდება მანამ, სანამ გარკვეული ჯგუფი სასამართლოს სადავეებს ხელში არ ჩაიგდებს:

“მესამე ტალღა პრობლემა არ არის, პირდაპირ გეტყვით. მე მივესალმები, რომ რაც შეიძლება მეტი რეფორმები გატარდეს სასამართლო ხელისუფლების განვითარების კუთხით. მაგრამ გარწმუნებთ, რომ არ იქნება გაჩერება. რამდენი კანონიც არ უნდა იქნეს მიღებული, სანამ, ვთქვათ, რაღაც გარკვეული ჯგუფი ქვეყნის ხელისუფლების სათავეში სასამართლო ხელისუფლების სადავეებს ხელში არ მოიგდებს, მანამდე იქნება ეს კრიტიკა“.

ძალიან ცუდია, რომ ასე დიდხანს გაიწელა ეს პროცესი და, ფაქტიურად, ჩვენ უკვე იმ მოცემულობაში ვართ, რომ მოსამართლეთა კონკურსი ჩატარდა, გასაუბრებები დასრულებულია...
ეკა ციმაკურიძე

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის ერთ-ერთი ყველაზე მკაფიო საჯარო კრიტიკოსი არის კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“. კოალიციის შეფასებით, მოსამართლეთა კონკურსმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის არსებული სისტემის ხარვეზები და სისტემური პრობლემები. კოალიცია უარყოფითად აფასებს იმ გარემოებასაც, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო არ დაელოდა საქართველოს პარლამენტისა და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებს მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის წესთან დაკავშირებით და შემჭიდროებულ ვადებში, დადგენილი პროცედურების სათანადო დაცვის გარეშე ჩაატარა კონკურსი. როგორც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი ეკა ციმაკურიძე გვეუბნება, პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, ტექნიკურად ჯერ კიდევ შესაძლებელია პარლამენტმა არჩევნებამდე სასამართლო სისტემის მესამე ტალღის საკანონმდებლო პაკეტის მიღება შეძლოს, თუმცა ამის მოლოდინი მას არ აქვს:

„ძალიან ცუდია, რომ ასე დიდხანს გაიწელა ეს პროცესი და, ფაქტიურად, ჩვენ უკვე იმ მოცემულობაში ვართ, რომ მოსამართლეთა კონკურსი ჩატარდა, გასაუბრებები დასრულებულია. ეს ნიშნავს იმას, რო დღე-დღეზე შეიძლება 65 ვაკანტურ ადგილზე მოსამართლეები დაინიშნონ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ, რაც ამ რეფორმას მომავალში უკვე ეფექტს დაუკარგავს. კარგი იქნებოდა, რომ სწორედ ამ დანიშვნებამდე მომხდარიყო მესამე ტალღის მიღება და ცოტა უფრო გაზრდილიყო კონკურსში მონაწილე მოსამართლეებისთვის სამართლიანობის, თანაბარი მიდგომის და ასე შემდეგ სხვადასხვა გარანტიები და შემდეგ გასაჩივრების უფლება მისცემოდათ, რაც ამ პროცესს გააჯანსაღებდა გარკვეულწილად“.

მესამე ტალღა, ეკა ციმაკურიძის თანახმად, არ არის საკმარისი სასამართლო სისტემის რეალური დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად, თუმცა მისი დასრულება აუცილებელი პირობაა იმისათვის, რომ მომავალში სისტემაში ფუნდამენტური ცვლილებები განხორციელდეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG