Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასჯელი მარიხუანის მოხმარებაზე - პარლამენტის არაკონსტიტუციური გადაწყვეტილება


საქართველოს პარლამენტმა მხრი არ დაუჭირა მარიხუანისა და კანაფის მცირე რაოდენობით შეძენა-შენახვის, მოხმარების ან დამზადების გამო პატიმრობის გაუქმებას. ეს საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში დეპუტატმა გოგა ხაჩიძემ წარადგინა და გადაწყვეტილების მისაღებად 50 ხმა იყო საჭირო, თუმცა კანონპროექტის მომხრე მხოლოდ 47 დეპუტატი აღმოჩნდა. პარლამენტის ამ გადაწყვეტილებამდე რამდენიმე თვით ადრე, 2015 წლის 24 ოქტომბერს, საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ არაკონსტიტუციურია ადამიანის დაპატიმრება 70 გრამამდე მარიხუანის პირადი მოხმარებისთვის შეძენა-შენახვის გამო. იურისტები მიიჩნევენ, რომ პარლამენტის მიერ 2 მარტს მიღებული გადაწყვეტილება საკონტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება.

პარლამენტის გადაწყვეტილებით, უცვლელი რჩება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლი. ამ მუხლის მიხედვით, პირადი მოხმარებისთვის ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით განმეორებით უკანონო დამზადების, შეძენა-შენახვის ან ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებისთვის ერთ წლამდე პატიმრობა ან 120-დან 180 საათამდე საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომაა გათვალისწინებული.

„ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის“ წევრმა გოგა ხაჩიძემ ამ მუხლში ცვლილების შეტანისა და მარიხუანისა და კანაფის მოხმარების დეკრიმინალიზაციისთვის კანონპროექტი პარლამენტში 2015 წლის მაისში შეიტანა.

„თუმცა, ორმა კომიტეტმა განხილვებისას შემხვედრი წინადადება შემოგვთავაზა, რომ დარჩეს კრიმინალად, ოღონდ ციხე, როგორც სასჯელი, ამოღებული იქნეს 273-ე მუხლიდან, ხოლო ადმინისტრაციული სასჯელი დარჩებოდა. ჩვენ დავთანხმდით, თუ პარლამენტი ამაზე თანახმა იქნებოდა და გაითვალისწინებდა“, - ამბობს გოგა ხაჩიძე.

თუმცა 2 თებერვალს პლენარულ სხდომაზე სისხლის სამართლის კოდექსში ამ ცვლილების შესვლას 3 მომხრე დააკლდა. ერთ-ერთი, ვისი ხმაც კენჭისყრის შედეგებში დაფიქსირებულია, როგორც წინააღმდეგი, „ქართული ოცნება - ეროვნული ფორუმის“ წევრი ანი მიროტაძეა, თუმცა დეპუტატი ამბობს, რომ ეს ტექნიკური ხარვეზია და ის მარიხუანის მოხმარების გამო თავისუფლების აღკვეთას ეწინააღმდეგება:

„შეუძლებელია, თქვა, რომ ეს არის კარგი ჩვევა, თუმცა სხვა, პრევენციული ზომებია გასატარებელი იმისთვის, რომ მომხმარებელთა რაოდენობა შემცირდეს“.

273-ე მუხლი ახლაც არაკონსტიტუციური მუხლია და მას ვერც ერთი სასამართლო ვერ გამოიყენებს და, ჩემი ინფორმაციით, არც იყენებს. თუ მთავარი ნორმა გაუქმდა, მისი შემავსებელი, იმავე პრინციპზე აწყობილი, სხვა ნორმებიც სხვა კანონებში უქმდება.
ვახუშტი მენაბდე

კანონპროექტი იმ სახით, რომელიც 2 მარტს პარლამენტში განიხილეს, ითვალისწინებს კანაფის, კანაფის ფისის, მისი ექსტრაქტისა და ნაყენის და კანაფის ზეთის, ასევე ნედლი ან გამომშრალი მარიხუანის მცირე რაოდენობით მოხმარების გამო პატიმრობის გაუქმებას და არა დეკრიმინალიზაციას. ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ კანონის მიხედვით, კანაფისა და ნედლი მარიხუანის მცირე ოდენობა 10 გრამამდეა, გამომშრალი მარიხუანისა - 5 გრამამდე.

საკონსტიტუციო სასამართლომ 2015 წლის 24 ოქტომბერს დაადგინა, რომ 70 გრამამდე გამომშრალი მარიხუანის პირადი მოხმარებისთვის შეძენა-შენახვის გამო პატიმრობა არაკონსტიტუციურია. საქმე ეხება ბექა წიქარიშვილის სარჩელს საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. კონსტიტუციონალისტი, ვახუშტი მენაბდე, რომელიც სასამართლო პროცესში მოსარჩელის ინტერესებს იცავდა, ამბობს, რომ სასამართლოს ამ გადაწყვეტილებით, ფაქტობრივად, გაუქმდა სისხლის სამართლის კოდექსის ის მუხლიც, რომლის შეცვლასაც პარლამენტმა 2 მარტს მხარი არ დაუჭირა:

„273-ე მუხლი ახლაც არაკონსტიტუციური მუხლია და მას ვერც ერთი სასამართლო ვერ გამოიყენებს და, ჩემი ინფორმაციით, არც იყენებს. თუ მთავარი ნორმა გაუქმდა, მისი შემავსებელი, იმავე პრინციპზე აწყობილი, სხვა ნორმებიც სხვა კანონებში უქმდება“.

ვახუშტი მენაბდე ამბობს, რომ, აქედან გამომდინარე, 273-ე მუხლის შეცვლა უფრო ტექნიკური საკითხი იყო. ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი გია ჟორჟოლიანი, რომელმაც საკანონმდებლო ინიციატივას მხარი არ დაუჭირა, ამბობს, რომ ამ საკითხს დამუშავება სჭირდება, თუმცა არ გამორიცხავს პარლამენტი მას განსახილველად ისევ დაუბრუნდეს:

„თუ ეს ნორმა მკვდარია, მაშინ ამის განხილვა ზედმეტიც არის. კონკრეტული ფორმულირებაა საჭირო, რომელიც კანონმდებლობას საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან შედარებაში მოიყვანს“.

ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტი გურამ იმნაძე იხსენებს ამ საკითხის საკომიტეტო განხილვებს და მოწინააღმდეგეთა არგუმენტებს, რომლებიც, მისი თქმით, ძიარითადად მორალური ხასიათის იყო და შორს იყო საკონსტიტუციო ნორმებისგან:

„ისინი, ფაქტობრივად, ვერ ხედავენ იმას, რომ საჭიროა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების რეალური აღსრულება და მისი შემდგომი აუცილებელი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება“.

„ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი“ 4 მარტს საკონტიტუციო სასამართლოში ახალი სარჩელის შეტანას გეგმავს. გარდა ამისა, გოგა ხაჩიძე აპირებს, მომდევნო სასესიო კვირაში ამ საკითხის განმეორებითი განხილვა მოითხოვოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG