Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის ფასი


ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა, 2016 წლის 2 თებერვალი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა, 2016 წლის 2 თებერვალი

სამოქალაქო სექტორის მრავალი წარმომადგენლის მხრიდან მძაფრი შეფასებები მოჰყვა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ინიცირებულ ცვლილებებს, რომლებიც „პირის რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფას და რელიგიური სიწმინდეებისა და საკულტო ნაგებობების წაბილწვაზე“ საჯარიმო სანქციებს ითვალისწინებს. ცვლილებებს ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში პირველი მოსმენით მხარი დაუჭირეს.

საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ კანონპროექტი, რომელიც რელიგიის და მათი მიმდევრების გრძნობების შეურაცხყოფისთვის დაჯარიმებას ითვალისწინებს, ეწინააღმდეგება გამოხატვის თავისუფლებას, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპს და განსაკუთრებულ საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ განვითარებას. ამის თაობაზე საუბარია ომბუდსმენის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც შეეხება ცვლილებებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში. ცვლილებებს 2 თებერვალს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა პარლამენტის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა. შემოთავაზებული ფორმულირებებით, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ერთადერთი კრიტერიუმია „მორწმუნეთა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა“, - ნათქვამია უჩა ნანუაშვილის განცხადებაში.

„ეს სრულიად მოკლებულია ობიექტური შეფასების შესაძლებლობას და ერთი ადამიანის გამოხატვას მთლიანად მეორე ადამიანის – მორწმუნის - კონტროლის ქვეშ აქცევს, რასაც პრაქტიკულად აქვს მორწმუნეებისთვის პრივილეგიის მინიჭების ეფექტი. ამასთან, შესაბამისმა სახელმწიფო უწყებებმა ამ ნორმის საფუძველზე კანონის აღსრულებისას უნდა შეაფასონ რა შეიძლება იყოს „შეურაცხმყოფელი მორწმუნის გრძნობებისთვის“, რაც ამ ორგანოებს თვითნებობის ფართო შესაძლებლობას მიანიჭებს.

ეს კანონმდებლობა არასდროს ყოფილა რელიგიურ უმცირესობებთან განხილვის საგანი. ეჭვს ბადებს პიროვნებებიც, ვინც კანონპროექტს ლობირებს. ეს კანონმდებლობა არა მარტო უმცირესობისთვის, ეს იქნება სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებისთვის ძალიან სერიოზული დარტყმა...
ტარიელ ნაკაიძე

გარდა ამისა, „გრძნობების შეურაცხყოფა“ თავისთავად არ გამოდგება ფუნდამენტური უფლების შეზღუდვის საფუძვლად. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განაცხადა, რომ „პოზიციის, ფასეულობების, იდეების მიუღებლობა არ შეიძლება გახდეს ... გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საფუძველი. სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას ობიექტურად იდენტიფიცირებადი ინტერესები, მაგრამ არა სუბიექტური გრძნობები“.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებების ერთ-ერთმა ავტორმა, „საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI"-ის დირექტორმა ზვიად ტომარაძემ, 3 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე საყვედურით განაცხადა, რომ საზოგადოებაში გაჩნდა აპოკალიფსური სცენარი, თითქოს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას ექმნება საფრთხე. მისი თქმით, კანონპროექტის ავტორებს ეს მოტივაცია არ აქვთ, მათი სურვილია მოქალაქეთა რელიგიური გრძნობების დაცვა:

„“ჯიპიანი მამაო“ ან „ღიპიანი მამაო“ - ეს არ ჩაითვლება სამართალდარვევად, მაგრამ თუ ჩვენ მივაყენებთ ასეთ შეურაცხყოფას „მართლმადიდებლებს“, ამის მოტივი არის რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა. ნებისმიერი პირი, რომელიც თავს შეურაცხყოფილად იგრძნობს, ის სასამართლოს მიმართავს და სასამართლო განსაზღვრავს ამას“.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას თქმით, კონკრეტულ შემთხვევებს, თუ რა იქნება დასჯადი, სასამართლო დაადგენს. თუმცა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის გედევან ფოფხაძის თქმით, ასეთ მაგალითად შეიძლება გამოდგეს ისეთი შემთხვევა, რომელიც ქობულეთში მოხდა, როდესაც სასულიერო სასწავლებლის კარზე მოქალაქეთა ერთმა ჯგუფმა ღორის თავი მიამაგრა.

უმცირესობებზე ზრუნვის საბურველით შეფარულ მაცდურ შეთავაზებად აფასებს ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე ტარიელ ნაკაიძე საკანონმდებლო ინიცირებას. მისი თქმით, ხელისუფლება თავის ხელთ არსებულ ბერკეტებსაც არ იყენებდა წლების განმავლობაში იმისთვის, რომ რელიგიურ უმცირესობათა სამართლებრივი ინტერესები ყოფილიყო დაცული და, შესაბამისად, ახალი ინიციატივაც საფუძვლიან ეჭვს ბადებს:

„ეს კანონმდებლობა არასდროს ყოფილა რელიგიურ უმცირესობებთან განხილვის საგანი. ეჭვს ბადებს პიროვნებებიც, ვინც კანონპროექტს ლობირებს. ეს კანონმდებლობა არა მარტო უმცირესობისთვის, ეს იქნება სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებისთვის ძალიან სერიოზული დარტყმა“.

ვახუშტი მენაბდე
ვახუშტი მენაბდე

კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტის ვახუშტი მენაბდის თქმით, კანონპროექტი, ერთი შეხედვით, თითქოს სიძულვილის ენის გამოყენების აკრძალვას შეეხება, თუმცა ის იმდენად არის საფრთხის შემცველი, რამდენადაც გამოხატვის თავისუფლებას აყენებს დარტყმის ქვეშ. ვახუშტი მენაბდის თქმით, გამოხატვის თავისუფლება შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ ორი, ერთდროულად არსებული, მიზეზით:

„როცა ის საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ წესრიგს და, მეორე, მას არ უნდა გააჩნდეს ღირებულება პოლიტიკურ-სოციალური თვალსაზრისით და ამ საკითხებს შემოთავაზებული კანონპროექტი არ ითვალისწინებს. ის ზღუდავს ნებისმიერ გამოხატვას, თუნდაც მას პოლიტიკური ღირებულება ჰქონდეს, რაც უპირისპირდება ადამიანის თავისუფლებას, ჰქონდეს აზრი და გამოთქვას ის“.

რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლები აპირებენ საკანონმდებლო ინიციატივაზე მომუშავე ჯგუფთან კონსულტაციები წარმართონ.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG