8 დეკემბერს სახალხო დამცველის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, 2015-2016 წლებში საჯარო სკოლებიდან აღებული სასმელი წყლის 129 სინჯიდან 45 ”სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტის“ მოთხოვნებს არ შეესაბამებოდა. სახალხო დამცველის აპარატის მიერ რიგი საჯარო სკოლების შესწავლის შედეგად, ასევე გამოვლინდა, რომ სკოლებში წყალმომარაგების მილსადენი სისტემები მოუწესრიგებელია. რა სიხშირით მოწმდება საგანმანათლებლო დაწესებულებებში წყლის ხარისხი? რა ინფორმაციას ფლობს განათლების სამინისტრო?
თბილისის მე-60 საჯარო სკოლაში ონკანების წყალს მოსწავლეებიცა და პედაგოგებიც სასმელად ვიყენებთო, გვეუბნება სკოლის სასწავლო ნაწილი ნანა ლომთათიძე. მან არ იცის, ბოლოს როდის შემოწმდა სკოლაში წყალი, თუმცა ფიქრობს, რომ წყალი სასმელად ვარგისია:
„ჩვენ არც დაგვიფიქსირებია, რომ ოდნავ მაინც რაიმე გამოჰყოლოდა წყალს. მოდის ჩვეულებრივი გამჭვირვალე წყალი“.
2015-2016 წლებში საჯარო სკოლებიდან აღებული სასმელი წყლის 129 სინჯიდან 45 ”სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტის“ მოთხოვნებს არ შეესაბამებოდა, - ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში, რომელიც 8 დეკემბერს გამოქვეყნდა და სურსათის ეროვნული სააგენტოდან მიღებულ პასუხებს ეყრდნობა. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, სურსათის ეროვნული სააგენტოდან მიღებული ინფორმაცია მიუთითებს სასმელი წყლის ეპიდემიოლოგიურ არაკეთილსაიმედოობაზე და წყლის არაეფექტური გაუსნებოვნებით არის გამოწვეული.
იყო გარკვეული ტიპის დარღვევები, რომელიც მიუთითებდა არასათანადო პირობების დაცვაზე, მათ შორის წყალმომარაგების სისტემის გაუმართაობა. ყველა კონკრეტულ შემთხვევაზე ეროვნული სააგენტოს მიერ გატარებულ იქნა შესაბამისი ღონისძიებები...კახა სოხაძ
„გამოვლინდა, რომ სკოლებში წყალმომარაგების მილსადენი სისტემები არის მოუწესრიგებელი. აქ მთავარი პრობლემა არის, რა თქმა უნდა, შემოწმების ღონისძიებების სისტემური განხორციელება და თუ ვინ არის პასუხისმგებელი ამგვარ შემოწმებაზე. და მეორე ძირითადი პრობლემა არის ის, რომ შესაბამისი უწყებების მხრიდან ყველა ღონე უნდა იქნეს ნახმარი, რომ ეს პრობლემა აღმოიფხვრას სკოლებში. ასევე მნიშვნელოვანია ვთქვათ ისიც, რომ რადგან ეს პრობლემა არის სკოლებში, ეს მიუთითებს იმაზე, რომ თავად ამ დასახლებებშიც არსებობს ამგვარი პრობლემა“, ამბობს სახალხო დამცველის მოადგილე ეკა სხილაძე.
სახალხო დამცველმა საჯარო სკოლებში წყლის ხარისხის შესწავლა მას შემდეგ დაიწყო, რაც მათ ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირმა და მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრმა მიმართა. ნონა სადრაძე, პედაგოგთა კავშირის ახალგაზრდული პროგრამების მენეჯერი, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ თავად ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი საჯარო სკოლებში წყლის სანიტარული და ჰიგიენური პირობებით მაშინ დაინტერესდა, როცა ოზურგეთის სკოლების მოსწავლეებისგან შეიტყვეს, რომ სკოლებში, სავარაუდოდ, სასმელად უვარგისი წყალი მოდიოდა:
„ჩვენ დავგზავნეთ სკოლებში წერილები, ბოლოს როდის შეამოწმეს, თუ როგორ წყალს ასმევენ ბავშვებს. ვინც გამოგზავნა პასუხები, ზოგი წერდა, რომ ჩატარდა 1998 წელს, ზოგი წერდა, რომ - 2001 წელს, ზოგან საერთოდ არ იყო ჩატარებული“.
რაც შეეხება საჯარო სკოლებში წყლის ხარისხის მონიტორინგს, სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის სამმართველოს უფროსის, კახა სოხაძის, თქმით, სააგენტო სასმელი წყლის ყოველწლიური მონიტორინგის ფარგლებში ახორციელებს ლაბორატორიულ გამოკვლევებს და მათ შორის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს საჯარო სკოლები. მისი თქმით, ძირითადი პრობლემები მეტწილად რეგიონების სკოლებს აქვთ, თუმცა, კახა სოხაძისავე მტკიცებით, მათ მიერ აღებულ სინჯებში არ გამოვლენილა პათოგენური მიკროორგანიზმებით დაბინძურება, რაც პირდაპირ აისახება ჯანმრთელობაზე:
„იყო გარკვეული ტიპის დარღვევები, რომელიც მიუთითებდა არასათანადო პირობების დაცვაზე, მათ შორის წყალმომარაგების სისტემის გაუმართაობა. ყველა კონკრეტულ შემთხვევაზე ეროვნული სააგენტოს მიერ გატარებულ იქნა შესაბამისი ღონისძიებები, ეცნობა ყველა იმ პასუხისმგებელ უწყებას, რომელიც მართავს ამ პროცესებს, მათ შორის - წყალმომარაგების ქსელებსა და მათ ადმინისტრაციას, სკოლებს და ა.შ.“
წყლის ხარისხის მონიტორინგი არ ევალება დაავადებათა კონტროლის ცენტრს, თუმცა ცენტრის საზოგადოებრივი ჯანდაცვის რეგიონალური მართვის დეპარტამენტის უფროსი რამაზ ურუშაძე რადიო თავისუფლებასთან ახსენებს 2014 წლის მთავრობის განკარგულებას, რომლის ერთ-ერთი პუნქტი გულისხმობს სკოლებისა და სკოლამდელი დაწესებულებების სანიტარულ შემოწმებას. ამ განკარგულების საფუძველზე, დაავადებათა კონტროლის ცენტრმა 2015 წელს საქართველოს მასშტაბით 3 000-მდე საგანმანათლებლო ობიექტი შეისწავლა, რის შედეგადაც, მისი თქმით, გამოვლინდა სერიოზული პრობლემები, მათ შორის წყალმომარაგების კუთხით. რაც შეეხება წყლის ხარისხს, რამაზ ურუშაძის თქმით, ამ ეტაპზე დაავადებათა კონტროლის ცენტრს არ გამოუვლენია სერიოზული წყლისმიერი ეპიდაფეთქებები, თუმცა, მისი თქმით, ეს არ იძლევა სიმშვიდის საფუძველს:
„მთელი რიგი წყლით გადაცემადი ინფექციებია და თუ ისეთი აშკარა დაბინძურება იქნება, ამან, რა თქმა უნდა, შეიძლება ჯგუფური ეპიდაფეთქებები გამოიწვიოს. ამიტომ უნდა ტარდებოდეს მუდმივი მონიტორინგი“.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ წყალმომარაგების კომპანია ყოველდღიურად ლაბორატორიულად ამოწმებს იმ წყლის ხარისხს, რომელიც მიეწოდება როგორც სკოლებს, ისე, ზოგადად, მოსახლეობას. შესაბამისად, მისივე თქმით, მცირეოდენი გადაცდომის შემთხვევაშიც კი იზღუდება წყლის მიწოდება. გარდა ამისა, ლია გიგაური ლაპარაკობს 40-მდე სკოლაზე, რომლებიც წყალს პირადი რეზერვუარიდან იღებენ და მათ წყალმომარაგების კომპანია სისტემატურად აწვდის რეკომენდაციებს, როგორ უნდა დაიცვან წყლის ხარისხი. რაც შეეხება სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ აღებულ სინჯებსა და სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებას, ლია გიგაური ამბობს:
„ჩვენ არ ვფლობთ ასეთ ინფორმაციას, არ მიგვიღია ასეთი ინფორმაცია და ვერ ვადასტურებთ. ჩვენ, რა თქმა უნდა, მოვთხოვეთ პასუხი წყალმომარაგების კომპანიას. კომპანია ჩვენ გვეუბნება, რომ ნამდვილად ყოველდღიურად მოწმდება წყალი. ის, რომ წყალმომარაგებიდან წამოსული წყალი გახდეს რისკის მატარებელი სკოლის შენობაში, ამის მიზეზი შეიძლება არსებობდეს, თუ იქნება რაიმე კონკრეტული დაზიანება, რაზეც პასუხისმგებლობა ეკისრება სკოლის ადმინისტრაციას“.
სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების, აგრეთვე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების შესაბამის სტრუქტურებს, ქვეყნის ყველა სკოლაში სათანადო რეგულარობით შემოწმდეს წყლის ხარისხი და მიღებული იქნეს ყველა საჭირო ზომა საჯარო სკოლებში წყალმომარაგების მილსადენი სისტემების შეყვანის, წყლის ხარისხის შემოწმებისა და წყლის გაუვნებელყოფის უზრუნველსაყოფად.
დაწერეთ კომენტარი