Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოელებისათვის სასოფლო-სამეურნეო მიწის შეძენასთან დაკავშირებული ახალი რეგულაციები


2015 წლის პირველ იანვარს ამოიწურა პარლამენტის მიერ 2013 წლის ზაფხულში გამოცხადებული მორატორიუმი უცხოელებისათვის სასოფლო-სამეურნეო მიწის შეძენაზე. საქართველოს იუსტიციის და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, მათ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ახალი დაბალანსებული მოდელი შეიმუშავეს.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული მოდელი, ერთი მხრივ, შეესაბამება საქართველოს, როგორც მცირემიწიანი ქვეყნის, ეროვნულ ინტერესს, ხოლო, მეორე მხრივ, იცავს უცხოელი ინვესტორების უფლებებს და, ამასთან, ემსახურება, ასევე, ეროვნულ ინტერესს, რომ საქართველო უცხოური ინვესტიციებისათვის მიმზიდველი ქვეყანა იყოს, რაც სახელმწიფოს ეკონომიკური განვითარების საწინდარია.

ცვლილებების თანახმად: უცხოელ ფიზიკურ პირებს შეეძლებათ სასოფლო-სამეურნეო მიწაზე საკუთრება შეიძინონ მემკვიდრეობის, საქართველოს მოქალაქესთან ქორწინების ან ქართულ კომლში წევრად შესვლის გზით. განქორწინების ან კომლიდან გასვლის შემთხვევაში უცხოელს წარმოეშობა ვალდებულება 6 თვის ვადაში გაასხვისოს მიწის ნაკვეთი, წინააღმდეგ შემთხვევაში მას მიწის ნაკვეთი ჩამოერთმევა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და სამართლიანი ანაზღაურების პირობით. ამასთან, ყოფილ მეუღლეს ან კომლის სხვა წევრებს აქვთ მიწის ნაკვეთის უპირატესი შესყიდვის უფლება.

ყველა სხვა შემთხვევაში, მიწაზე საკუთრების უფლების მოპოვება შესაძლებელი იქნება მხოლოდ მაშინ, თუ უცხოელს ექნება საქართველოში ბინადრობის ნებართვა და თუ შესაძენი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი არანაკლებ 5 ჰექტარია. ამასთან, უცხოელის საკუთრებაში არსებული მიწის საერთო ფართობი არ უნდა აღემატებოდეს 20 ჰექტარს.

კანონში ჩნდება დათქმა, რომ საქართველოში უცხოელის მონაწილეობით დაფუძნებულ ან მოქმედ იურიდიულ პირს შეუძლია საკუთრებაში შეიძინოს არანაკლებ 20 ჰექტარი ფართობის სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი, ხოლო მის საკუთრებაში არსებული მიწის საერთო ფართობი არ უნდა აღემატებოდეს 200 ჰექტარს, ოღონდ ასეთი შეზღუდვა არ ვრცელდება საქართველოს კომერციულ ბანკებზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსა და საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებზე.

ინვესტიციების ხელშეწყობის მიზნით, განსაკუთრებულ შემთხვევებში, რომლებიც განისაზღვრება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან შექმნილი საბჭოს დასაბუთებული გადაწყვეტილებით და სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, უცხოელს და მისი მონაწილეობით შექმნილ იურიდიულ პირს შეუძლიათ შეიძინონ და საკუთრებაში იქონიონ სასოფლო-სამეურნეო მიწა ზემოთ აღნიშნული ზღვრული ოდენობების გარეშეც.

მიწის გასხვისება უცხოელ ფიზიკურ პირზე ვერ მოხდება საქართველოს საზღვრის მიმდებარე 5-კილომეტრიან ზოლში და მთავრობის მიერ დადგენილ შესაბამის სასაზღვრო ზონაში.

იზრდება ნოტარიუსის როლი, რომელიც უცხოელ და ქართველ კერძო პირებს შორის სასოფლო-სამეურნეო მიწასთან დაკავშირებული ტრანზაქციების სავალდებულო სანოტარო დამოწმებას განახორციელებს და შეამოწმებს ახალი კანონით დადგენილი ახალი პირობების შესრულებას როგორც მიწის გამყიდველის, ისე მისი მყიდველის მხრიდან.

უცხოელებისათვის სასოფლო-სამეურნეო მიწის საკუთრებაში შეძენის პირობების განსაზღვრაზე იუსტიციის სამინისტრო, სოფლის მეურნეობის და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროებთან ერთად, რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდა. პროცესში მონაწილეობდნენ საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები და აგრარული სექტორის ექსპერტები.

XS
SM
MD
LG