Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასროლეთი გორში დარჩება


დავდაცვის მინისტრი გორში
დავდაცვის მინისტრი გორში

გორიდან სასროლეთი არსად გადავა, - ეს განცხადება თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა სამხედრო ჰოსპიტლის ეზოში გააკეთა. თავდაცვის მინისტრმა საქართველოს სამხედრო ბაზებისა და სხვა ობიექტების ერთკვირიანი შემოვლა დღეს გორში დაასრულა, მის ჩამოსვლამდე კი ქალაქის გარეუბანში საპროტესტო აქციები იმართებოდა. სროლისა და აფეთქების ხმებით შეწუხებული ვერხვების კორპუსების და დევნილთა დასახლების მცხოვრებნი სასროლეთის ქალაქგარეთ გადატანას მოითხოვდნენ. მერიის წარმომადგენელი ადგილობრივ მცხოვრებლებს ჰპირდებოდა, რომ მერია და თავდაცვის სამინისტრო სასროლეთის გადატანაზე მოილაპარაკებდნენ, თუმცა შაბათს გაირკვა, რომ მე-5 ბრიგადის ჯარისკაცები სასროლეთზე წვრთნებს მსხვილკალიბრიანი იარაღიდან აღარ გააგრძელებდნენ. თინა ხიდაშელის თქმით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სამხედრო ბაზებსა და სასროლეთებზე გარკვეული გადაჯგუფებები იქნება, მაგრამ გორში ჯერჯერობით არაფერი შეიცვლება.

რამდენიმე დღის განმავლობაში გორში სროლისა და ძლიერი აფეთქებების ხმა ისმოდა. თავდაცვის სამინისტროს მე-5 ბრიგადა ვერხვების დასახლებაში არსებულ სასროლეთზე წვრთნებს ატარებდა. სასროლეთთან ახლოს მდებარეობს ის კორპუსები, რომლებიც რუსული ავიაციის მიერ 2008 წლის 9 აგვისტოს დაიბომბა, იქვეა ვერხვების დევნილთა დასახლებაც. რამდენიმე დღე ამ რაიონში მცხოვრებლები საპროტესტო აქციებს მართავდნენ და სწავლებების შეჩერებას მოითხოვდნენ. მათი თქმით, ძლიერი აფეთქებების ხმა სახლებს აზიანებს. გარდა ამისა, ომისგან დაზარალებულ მოსახლეობას სროლა დისკომფორტს უქმნის და წარსულს ახსენებს. ვერხვების დევნილთა დასახლებაში კოტეჯების დიდი ნაწილი, მართლაც, დაბზარულია, თუმცა დადგენილი არ არის, ეს მცოცავი ქანებითაა გამოწვეული თუ აფეთქებების რეზონანსით. რამდენიმე დღის წინ მოსახლეობასთან მერიის წარმომადგენელი მივიდა და პირობა დადო, რომ სროლები შეწყდებოდა, მაგრამ სწავლებები ისევ გაგრძელდა, გუშინ კი სასროლეთზე ხანძარიც გაჩნდა. დაიწვა ხმელი ბალახი. მერიის წარმომადგენელმა იოსებ მინდიაშვილმა ადგილობრივ მოსახლეობას მერისა და თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის წარმომადგენლების გადაწყვეტილება გააცნო წვრთნების დროს მსხვილკალიბრიანი იარაღის გამოუყენებლობის შესახებ.

ეს პრობლემა ვერხვების დასახლების მცხოვრებლებს დიდი ხანია აწუხებთ. 2008 წლის ომის შემდეგ მათ მთავრობას სასროლეთის გადატანის მოთხოვნით არაერთხელ მიმართეს, მაგრამ საკითხის გადაჭრა ვერ მოხერხდა. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ მათ იმედი გაუჩნდათ, რომ მოუსმენდნენ, მაგრამ ვერც ამ ხელისუფლების თავდაცვის მინისტრებმა შეცვალეს რეალობა. აფეთქებების ხმა იმდენად ძლიერია, რომ ის მთელ ქალაქში ისმის.

2008 წლამდე ეს სასროლეთი ჯავშანსატანკო ბატალიონს ეკუთვნოდა. ომის დროს რუსული ავიაცია სწორედ ამ ტერიტორიას და მიმდებარე კორპუსებს ბომბავდა. ომის შემდეგ ბატალიონი გორიდან გადავიდა, სასროლეთი კი მე-5 ბრიგადას დარჩა, სადაც წვრთნები ყოველკვირა იმართება.

გორში თინა ხიდაშელმა დღეს სამხედრო ჰოსპიტლის მენეჯმენტზეც გაამახვილა ყურადღება. მისი განცხადებით, ჰოსპიტლის კონცეფციის გადახედვა იგეგმება, თუმცა კონკრეტული გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. „პრობლემები არსებობს მენეჯმენტის კუთხით, მცდარი მიდგომები ჩანს მართვაშიც და ეს ასეა ჰოსპიტლის დაარსების დღიდან. სამედიცინო სერვისის კონცეფცია ფუნდამენტურად არის შესაცვლელი ჯართან დაკავშირებით“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG