Accessibility links

logo-print

ტურიზმის განვითარებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი სასტუმრო ბიზნესის განვითარებაა. საქართველოს სტატისტიკის სამსახურმა გამოაქვეყნა კვლევა, რომელიც სასტუმროების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ოფიციალურ მონაცემებს ასახავს. ცხადია, ამ მონაცემებში არ ხვდება თვითორგანიზებული არარეგისტრირებული საოჯახო სახლები და არც ტურისტული ბინები, თუმცა სტატისტიკა საინტერესო მონაცემებს იძლევა.

დეკლარირებული მონაცემების მიხედვით, 2015 წელს საქართველოში ფუნქციონირებდა სასტუმროს მომსახურებით დაკავებული 1154 ეკონომიკური სუბიექტი, რომელთაც აქვთ 1225 სასტუმრო და სასტუმროს ტიპის დაწესებულება (ადგილობრივი ერთეულებისა და ფილიალების ჩათვლით).

2015 წელს ექსპლუატაციაში შევიდა 172 სასტუმრო და სასტუმროს ტიპის დაწესებულება. სასტუმროების საერთო რაოდენობის 15.3 % ექსპლუატაციაში შევიდა 2014 წელს, 12.1 % - 2013 წელს, 8.5 % - 2012 წელს, 9.3 % - 2011 წელს, 5.9 % - 2010 წელს, 34.9 % - 2010 წლამდე.

სასტუმროს მომსახურებით დაკავებული ეკონომიკური სუბიექტებისათვის ყველაზე გავრცელებული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაა, რომლის წილად მოდის 2015 წელს მოქმედი სასტუმროებისა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების საერთო რაოდენობის 55.2 %, ინდივიდუალური მეწარმის წილად - 42.8 %. დანარჩენს სააქციო საზოგადოების (1.4 %), სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების (0.1 %) და სხვა ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის (0.5%) სტატუსი აქვს.

მოქმედი სასტუმროების 99.3 % კერძო საკუთრებაშია. მათგან 9.6 % - უცხოელი ფიზიკური და იურიდიული პირის საკუთრებაშია, ხოლო 0.7 % - სახელმწიფო საკუთრებაში. 2015 წელს საქართველოში მოქმედი სასტუმროების და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების საერთო ფართობი 1293.1 ათას კვადრატულ მეტრს შეადგენს (25.3 %-ით მეტი, გასული წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით). აქედან იჯარით გაცემულია 23.6 ათასი კვადრატული მეტრი, ხოლო ყველა ნომრის საცხოვრებელმა ფართობმა 616.0 ათასი კვადრატული მეტრი შეადგინა (23.5 %-ით მეტი, გასული წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით). 2015 წელს მოქმედ სასტუმროებსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებებში ადგილების საერთო რაოდენობამ 48.6 ათასი ერთეული შეადგინა. ნომრების საერთო რიცხვი 23.1 ათასი ერთეულია, რომელთა 10.6 % ლუქსია, 13.7 % – ერთადგილიანი, 58.4 % – ორადგილიანი, ხოლო 17.3 % სამი და მეტი ადგილის მქონე ნომრებია.

2015 წლის განმავლობაში საქართველოს სასტუმროები და სასტუმროს ტიპის დაწესებულებები 1854.5 ათას სტუმარს მოემსახურა, რაც 33.3 %-ით აღემატება გასული წლის შესაბამის მაჩვენებელს. საქართველოს სასტუმროებს სტუმართა 63.1 % საზღვარგარეთის ქვეყნებიდან სტუმრობდა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემთა შედარებამ სასტუმროებისა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების სტატისტიკური გამოკვლევის შედეგებთან აჩვენა, რომ სასტუმროსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების მომსახურებით ისარგებლა ტურისტების (24 საათით და მეტი დროით შემოსული) 51.3%-მა (დანარჩენი ცხოვრობდა ახლობლის/ნათესავის ბინაში ან განთავსდა საოჯახო სასტუმროებში, საქართველოს რეგიონებში სასტუმროებისა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების სეზონური ფუნქციონირების გამო).

საზღვარგარეთის ქვეყნებიდან საქართველოს სასტუმროებს უმეტესად სტუმრობდნენ რუსეთიდან (11.5 %) შემოსული სტუმრები. ევროკავშირის ქვეყნებიდან შემოსულ სტუმართა შორის უმეტესობას პოლონეთიდან (21.9 %) და გერმანიიდან (17.9 %) შემოსული სტუმრები შეადგენდნენ, ხოლო სხვა ქვეყნებიდან შემოსულ სტუმართა შორის უდიდესი წილი თურქეთიდან (21.6 %) და ისრაელიდან (16.4 %) შემოსულ სტუმრებს უკავია.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG