Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა მოელის სასწრაფო დახმარების სამსახურს


დედაქალაქის მერიის გადაწყვეტილებით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრმა საორგანიზაციო-სამართლებრივი ფორმა შეიცვალა და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებად (შპს) გადაიქცა. ბევრისთვის უპასუხოდ დარჩა შეკითხვა, თუ ზუსტად რა მიზნებსა და ამოცანებს ეფუძნება საჯარო სამართლის იურიდიული პირის (სსიპ) გარდაქმნა ბიზნეს სტრუქტურად. გამოთქმული ვარაუდების მიხედვით, გამორიცხული არ არის სასწრაფო დახმარების სამსახურის პრივატიზება და, ასევე, მისი სერვისის გაძვირება.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის სამართლებრივი სტატუსი თბილისის მერის მიერ ხელმოწერილი და საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნებული დადგენილების მიხედვით შეიცვალა. აწ უკვე შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების კაპიტალის 100%-იანი წილი კვლავაც დედაქალაქის მთავრობის სათვალავზე მოდის. კომპანიის შემოსავლის წყაროა თბილისის მთავრობის მიერ გადაცემული ფულადი სახსრები, საკუთარი საქმიანობის შედეგად მიღებული შემოსავლები, გრანტები, კრედიტები თუ შემოწირულობები.

რა უდევს საფუძვლად ასეთ გადაწყვეტილებას, რატომ მაინცდამაინც ახლა გადაიდგა ეს ნაბიჯი და რა შედეგებზეა ეს ნაბიჯი ორიენტირებული?

ამ შეკითხვებზე პასუხისგან თავს იკავებს თავად სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი, რომელიც რესპონდენტად დედაქალაქის მერიას გვირჩევს, მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი მამუკა ქაცარავა კი განგვიმარტავს, რომ გადადგმული ნაბიჯით არაფერი იცვლება:

”ამას არავითარი მნიშვნელობა არა აქვს არავითარი კუთხით. უბრალოდ, მმართველობის კუთხით შეიცვლება რაღაც, მაგრამ ამას საზოგადოებისთვის არა აქვს მნიშვნელობა. სსიპ გადადის შპს-დ, დანარჩენი არაფერი არ იცვლება. ჩვეულებრივად რჩება უფასოდ.”
საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახით არსებობა - ამ შემთხვევაში სასწრაფო დახმარების სამსახურის - გულისხმობდა იმას, რომ მას შეეძლო გარკვეული ფინანსური მოქნილობა გამოეჩინა, ანუ ის ყოფილიყო ნაკლებად ორიენტირებული უშუალო მოგებაზე ან მთლიანად ყოფილიყო დაფინანსებაზე ...
რევაზ საყევარიშვილი

როგორც მამუკა ქაცარავა ამბობს, შესაძლოა სასწრაფო დახმარების სამსახურის დაფინანსების ფორმა შეიცვალოს, მაგრამ თბილისელებს ის ამ შემთხვევაშიც უფასო სერვისს შესთავაზებს. აქვე გავიხსენოთ, რომ სასწრაფო სამედიცინო მომსახურება თბილისის მოსახლეობისთვის უფასოა 2005 წლის ივნისიდან, სერვისის საფასურს დაზღვეულებისთვის სადაზღვევო კომპანიები იხდიან, სხვა პირთა მომსახურების საფასური კი დედაქალაქის ბიუჯეტიდან იფარება.

მამუკა ქაცარავა არ ეთანხმება გამოთქმულ ვარაუდს იმის შესახებ, რომ შესაძლოა შპს-დ, ანუ კერძო სამართლის სუბიექტად გადაკეთებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი საპრივატიზაციოდაც მზადდებოდეს. ”ეს საკითხი არ დასმულა და, ვფიქრობ, უახლოეს მომავალში არ დაისმება”, - ამბობს საქალაქო სამსახურის უფროსი ჩვენთან საუბრისას.

თუმცა იმის გამო, რომ შპს ძირითადად მოგებაზე ორიენტირებისთვის იქმნება, მერიის ახალი დადგენილების შინაარსი გარკვეულ ეჭვებს რევაზ საყევარიშვილსაც აღუძრავს. ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში მომსახურების საფასურზე აკეთებს აქცენტს:

”საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახით არსებობა - ამ შემთხვევაში სასწრაფო დახმარების სამსახურის - გულისხმობდა იმას, რომ მას შეეძლო გარკვეული ფინანსური მოქნილობა გამოეჩინა, ანუ ის ყოფილიყო ნაკლებად ორიენტირებული უშუალო მოგებაზე ან მთლიანად ყოფილიყო დაფინანსებაზე და ასე შემდეგ. რაც შეეხება შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას, ის უნდა იყოს ორიენტირებული მოგებაზე. შესაბამისად, მე ვვარაუდობ, რომ ამ ცვლილებით შესაძლებელია მოხდეს სატარიფო ბადის გადახედვა და, რეალურად, სასწრაფოს მომსახურება გაძვირდეს.”

თბილისის მერიის მიერ წლის დასაწყისში გამოცემული დადგენილების მიხედვით, დედაქალაქის მასშტაბით სასწრაფო სამედიცინო მომსახურების ბრიგადის მომსახურების საფასური 40 ლარით განისაზღვრა. გაძვირდება თუ არა მომსახურება, ეს ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ ასეთ შემთხვევაშიც კი, წინასწარი დაპირებების მიხედვით, მომსახურება ფასიანი არ გახდება.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG