Accessibility links

logo-print

საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტში ორი წლის წინ შეიქმნა სპეციალური კომისია, რომლის მიზანია მოამზადოს ცვლილებები საქართველოს კანონში ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშების მოწყობის შესახებ. კომისიის შექმნის მიზეზი გახდა 2013 წლის 5 მარტს პარლამენტში შესული პეტიცია, რომლის ავტორები სამორინეების სპეციალურ ზონებში გადატანას მოითხოვენ. 12 აპრილს სათამაშო ბიზნესისა და სამორინე-ტოტალიზატორების მავნებლობას შეეხო საქართველოს-კათალიკოს პატრიარქი თავის სააღდგომო ეპისტოლეში.

საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა სააღდგომო ეპისტოლეში სათამაშო ბიზნესს უწოდა „საშიში და სერიოზული პრობლემა“, რომელიც ბევრმა ქვეყანამ მისი სრული აკრძალვით გადაწყვიტა, მიუხედავად იმისა, რომ სამორინეებისა და ტოტალიზატორების მუშაობა ბიუჯეტისთვის ძალიან მომგებიანია. ეპისტოლეს მიხედვით, კიდევ უფრო დიდი ბოროტებაა ბოლო დროს მომრავლებული ინტერნეტსამორინეები:

„თუ ჩვეულებრივ სამორინეში (კაზინოში) ასაკს ყურადღებას აქცევენ და გარკვეული თანხის ქონა აუცილებელია, ინტერნეტსივრცეში ეს შეზღუდვა არ არსებობს. ადამიანები, განსაკუთრებით ახალგაზრდები, რომელთაც ისედაც მცირე ფინანსები აქვთ, ცდუნებას ვერ უმკლავდებიან და დიდ ვალში და დიდ პრობლემებში ვარდებიან. კატასტროფულად იზრდება მათი რიცხვი, რომელნიც მიჯაჭვულნი გახდნენ ამ საცდურზე. ბევრმა ქონება დაკარგა, მრავალი ოჯახი დაინგრა, ზოგმა თავიც მოიკლა... ვფიქრობთ, ხელისუფლებამ თავისი სიტყვა უნდა თქვას ამ მიმართულებით და შესაძლებლობისამებრ დაიცვას ქვეყნის აწმყო და მომავალი”.

შესაძლებელია იმაზეც ვიფიქროთ, რომ საქართველოს მოქალაქეებს არ ჰქონდეთ სამორინეებში შესვლის უფლება. ბევრი ქვეყანაა ისეთი, რომელშიც თავიანთ მოქალაქეებს არ უშვებენ სამორინეებში...

ხელისუფლება კი, როგორც ირკვევა, უკვე ცდილობს თავისი სიტყვის თქმას ამ მიმართულებით, ანუ ცვლილებების შეტანას სათამაშო ბიზნესის მარეგულირებელ კანონმდებლობაში. საქმე ისაა, რომ საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტში ორი წლის წინ შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელიც აზარტული თამაშების შესახებ მოქმედი კანონმდებლობის შეცვლაზე მუშაობს. კომისია კი შეიქმნა 2013 წლის 5 მარტს პარლამენტში შესული იმ პეტიციის საფუძველზე, რომლის ავტორები სამორინეებისა და ტოტალიზატორების აკრძალვას მოითხოვენ:

"უნდა მოხდეს სათამაშო ბიზნესის სრული აკრძალვა, თავის მავნე ჩვევებიდან გამომდინარე. თუმცა, სანამ სრული აკრძალვა მოხდებოდეს, მანამდე ჩვენ წარმოვადგინეთ რეგულაციები, სადაც არის მითითებული, რომ შემოღებული იქნეს ასაკობრივი და ქონებრივი ცენზი; გადატანილი იყოს დასახლებული და რელიგიური და სასწავლო დაწესებულებიდან მოშორებით, არადასახლებულ ადგილებში; დაუყოვნებლივ უნდა აიკრძალოს სათამაშო ბიზნესის ყველა სახის რეკლამაც. ასევე მოვითხოვთ ინტერნეტთამაშების სრულად აკრძალვას, თუმცა საწყის ეტაპზე თანახმა ვართ, მისი ხელმისაწვდომობა შეიზღუდოს. კერძოდ, ინტერნეტთამაშების მომწყობმა სუბიექტებმა შეიმუშაონ და დანერგონ პროგრამები. ამ პროგრამით და ბიომეტრიული პასპორტებით შეზღუდვა რეალურად უნდა განხორციელდეს. ასევე, გამოვდივართ ინიციატივით ასაკობრივი ზღვარი გაიზარდოს 25 წლამდე".

პეტიციის ავტორებისა და საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის სულისკვეთებას სავსებით იზიარებს საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე, თუმცა, მისი თქმით, მოსაფიქრებელია ისეთი რეგულაცია, რომელიც, ერთდროულად, დაიცავს საქართველოს მოქალაქეებს და არ დააზარალებს ბიზნესს.

„მე ისევე ვეწინააღმდეგები სათამაშო ბიზნესს, როგორც თამბაქოსას! ამ ეტაპზე უნდა შეიქმნას სპეციალური ზონა, რომელიც მოშორებული იქნება დედაქალაქიდან, რათა არ იყოს იმის საშუალება, რომ გაჭირვებული ადამიანები, თუნდაც ახალგაზრდები, წავიდნენ იქა და დაიღუპონ თავი... შესაძლებელია იმაზეც ვიფიქროთ, რომ საქართველოს მოქალაქეებს არ ჰქონდეთ სამორინეებში შესვლის უფლება. ბევრი ქვეყანაა ისეთი, რომელშიც თავიანთ მოქალაქეებს არ უშვებენ სამორინეებში. რაც შეეხება ბიუჯეტის დაზარალებას, მთავარია მოქალაქეების კეთილდღეობა და არა ბიუჯეტი! თუ მოსახლეობის კეთილდღეობას სჭირდება, მაშინ ეს სფერო უნდა შეიზღუდოს. ბიუჯეტი უნდა ივსებოდეს ყველა იმ საშუალებებით, რაც, იმავდროულად, მოსახლეობის კეთილდღეობას უწყობს ხელს“, უთხრა ზურაბ ტყემალაძემ რადიო თავისუფლებას.

არაოფიციალური მონაცემებით, სათამაშო ბიზნესიდან ბიუჯეტში შესული თანხა საერთო შემოსავლების ერთ პროცენტს, ანუ დაახლოებით 80 მილიონ ლარს, შეადგენს. სამორინეები ყოველწლიურად იხდიან სანებართვო მოსაკრებელს, რომელიც, ტერიტორიის მიხედვით, 250 ათასი ლარიდან 5 მილიონ ლარამდე იცვლება. სამორინეები ასევე იხდიან ფიქსირებულ მოსაკრებელს სათამაშო მაგიდებისა და აპარატების მიხედვით. სამორინეებისა და ტოტალიზატორების დიდი ნაწილი თავმოყრილია თბილისში. შესაბამისად, სათამაშო ბიზნესის ეფექტიანი რეგულაცია მნიშვნელოვანია დედაქალაქის მერისთვისაც:

დავით ნარმანია

დავით ნარმანია

„რეგულაციები არსებობს და კიდევ უფრო მეტად უნდა დაიხვეწოს, რათა არასრულწლოვნებისთვის დაწესდეს კიდევ უფრო მკაცრი შეზღუდვები. სხვა შემთხვევაში, ვფიქრობთ, რომ ჩვენთანაც, ისევე როგორც ძალიან ბევრ ქვეყანაში, ცივილიზებული ფორმით უნდა არსებობდეს ეს ბიზნესი“.

სპეციალისტების ნაწილი მიიჩნევს, რომ სათამაშო ბიზნესის ხისტი რეგულაცია, მისი გატანა სპეციალურ ზონებში გამოიწვევს სამორინეების დახურვას, რაც, თავის მხრივ, შეაფერხებს ქვეყანაში ტურიზმის განვითარებასა და უარყოფითად აისახება ბიუჯეტის შემოსავლებზე. კომპნია „კოპის“ დამფუძნებელი გოჩა თანდარაშვილი, რომელიც კარგად იცნობს ინტერნეტსამორინეებისა და ტოტალიზატორების სპეციფიკას, ამბობს, რომ მთავარი პრობლემა მოთამაშეთა ასაკის გაკონტროლებაა, რადგანაც, ხშირ შემთხვევაში, ინტერნეტმომხმარებელი სხვისი პირადი მონაცემებით რეგისტრირდება და ამის გადამოწმება ძნელი ან, საერთოდ, შეუძლებელია. რაც შეეხება ავანსად ან განუსაზღვრელ თანხაზე თამაშს, ამასთან დაკავშირებით გოჩა თანდარაშვილი ამბობს:

„შეზღუდვები აქვს ყველა საიტს - ქართულსაც და უცხოურსაც, ანუ შეზღუდულია იმ თანხის ოდენობა, რომელიც შეიძლება დადო ან მოიგო. ეს კონტროლდება! წინასწარ, ანუ ავანსად, რომ რომელიმე ქართული ინტერნეტოტალიზატორი თამაშობდეს, ასეთი რამ არ გამიგია!“

ავანსად, ანუ ნაღდი თანხის გარეშე, თამაში კი მხოლოდ არალეგალურ სამორინეებსა და ტოტალიზატორებშია შესაძლებელი. გოჩა თანდარაშვილი დარწმუნებულია, რომ სამორინეებისა და ტოტალიზატორების აკრძალვის შემთხვევაში მოთამაშეთა მრავალათასიანი არამია სწორედ იატაკქვეშა ტოტალიზატორების ხელში გადავა.

„თითქმის ყველა წავა და დაიწყებს თამაშს ხელზე. შესაბამისად, ამით სახელმწიფო დაკარგავს უზარმაზარ შემოსავალს ბიუჯეტში, რადგანაც არალეგალური სამორინეები და ტოტალიზატორები, ბუნებრივია, გადასახადებს არ გადაიხდიან. ამის გარდა, გაიზრდება სხვა სახის კრიმინალიც, რადგანაც ხელზე თამაშის დროს სხვანაირი გარჩევები დაიწყება... ეს გარდაუვალია. შესაბამისად, აკრძალვით სასურველ შედეგს ვერ მივიღებთ“, უთხრა გოჩა თანდარაშვილმა რადიო თავისუფლებას.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG