Accessibility links

logo-print

რუსეთი 1801 წლიდან გვასწავლის ტრაგედიებთან შეჩვევას:

ხდება ტრაგედია, ჩვენ საგონებელში ვვარდებით, შემდეგ გადის დრო, ისევ ხდება ტრაგედია, ისევ საგონებელში ვვარდებით, კიდევ ხდება ტრაგედია… და უკვე ვეჩვევით.

ვეჩვევით და ასე ვეჩვეოდით ან უნდა შევჩვეოდით, რადგან სხვა გზა არ გვქონდა. სხვა გზა თუ იყო, თითქოს არც ვიცოდით.

მაგრამ ვიღაცა არ ეჩვეოდა: მეცხრამეტე საუკუნეში და მეოცეშიც ყოველთვის მოიძებნებოდა 10, 20, 30 ან, თუნდაც, 50 ადამიანი, ვინც მეხსიერებას შეინარჩუნებდა და ტრაგედიის ნორმად ქცევას არ შეეგუებოდა.

ახლა ასეთი ბევრად მეტია.

რუსეთი ბრძანებს:

შეეჩვიე მორჩილებას.

შეეჩვიე საფრთხის შეგრძნებას.

შეეჩვიე შიშს.

შეეჩვიე ქაოსს.

შეეჩვიე სიკვდილს.

შეეჩვიე მსახურებას.

შეეჩვიე, რომ იყო უტვინო.

შეეჩვიე, რომ იყო საწყალი.

შეეჩვიე, რომ იყო გამრთობი.

შეეჩვიე რომ იყო - ცანცარა და წვრილმანებში მოუთმენელი.

შეეჩვიე რომ იყო - ჩუმი.

შეეჩვიე, რომ არავინ და არაფერი გინდოდეს რუსეთის გარდა.

შეეჩვიე, რომ თვალთმაქცები ყოველთვის აგირევენ თავგზას (ასეთები ახლაც საკმარისად გვყავს: კაგებეშნიკურ-ფარისევლური შანტრაპა - ახლად გამოჩეკილი “დემოგრაფები”, ნაფტალინი-ნეოსტალინელი დეპუტატები და ვითომ ჟურნალისტებად ტრანსფორმირებული კრემლის პაწია იდეოლოგები, რომლებიც თქმულ-უთქმელი ლოზუნგით ცდილობენ საბჭოთა კავშირზე ფატალურად შეჩვეული ადამიანების მცირე ნაწილის დაბნევას: “ევროპა - სიბინძურეა, კრემლი - სიწმინდე”).

შეეჩვიე ლაყე პროპაგანდას.

შეეჩვიე ტყუილს.

შეეჩვიე ღირებულებების აღრევას.

შეეჩვიე შავის და თეთრის ვერგარჩევას.

შეეჩვიე დაბომბვებს.

შეეჩვიე ომებს.

შეეჩვიე მავთულხლართების გაბმას, ღობეების ჩადგმას და რუსეთის ტოქსიკურ გაბერვას.

შეეჩვიე, რომ ბანდიტები ქართველ კაცს მოკლავენ ხურჩაში.

არ შეეჩვიო, რომ სხვა ქვეყანა ხარ.

შეეჩვიე, რომ დროის იმ აღქმიდან, იმ რეალობიდან, რომელშიც რუსეთი ცხოვრობს, თავს ვერასდროს დააღწევ.

შეეჩვიე, რომ მუდმივად მოგიწევს გუშინწინდელ ისტორიულ კოშმართან ერთად ცხოვრება.

როგორც ამას აფხაზებს აჩვევენ.

როგორც თავიანთ ხალხს აჩვევენ ამას.

გზის ის მცირე მონაკვეთი ხურჩაში, სინამდვილეში, დროის წყალგამყოფია. აქეთ მომავალია, იქით - ქაოსი, კრიმინალი და უკანონობა; ზუსტად ისეთი, როგორიც ჩვენ გვქონდა ოთმოცდაათიან წლებში. აფხაზეთის მხარე - კრიმინალურ წარსულშია ჩაფლული, რადგან რუსეთია ამ წარსულის გარანტია.

ქართველ კაცს გუშინ სისხლიანი და ქაოტური წარსული დაესხა თავს. მისმა მკვლელებმა უკონტროლო და საბედისწერო ათი მეტრი გადმოკვეთეს წარსულიდან ბორგვით გამომღწევი საქართველოსკენ.

იქით - სხვა დროა. სხვა ეპოქააა. ძველი ქცევის წესებია. იქაურობა ოცი წლით ჩამოგვრჩება, თუ მეტით არა.

ჩვენ რა უნდა ვქნათ?

ომით ვერ მოვიგებთ.

მოვიგებთ იმით, რაც ჩვენ გვაქვს, მათგან განსხვავებით: თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობით. არჩევანით კრიმინალურ, ქაოტურ წარსულსა და მშვიდობიან, თავისუფალ მომავალს შორის. სხვა გზა არც გვაქვს. სხვა ყველაფერს ვეღარც შევეჩვევით.

25 წელი, წესით, საკმარისი უნდა ყოფილიყო იმისათვის, რომ მივმხვდარიყავით, სადაა დაცული აწმყო.

წლევანდელი 26 მაისი ხურჩაში მოკლულ ქართველ კაცს ეკუთვნის. სხვა ყველაფერი უხამსობა იქნება.

ამავე თემაზე

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG