Accessibility links

logo-print
(ნამდვილი ამბავი)


ათენიდან ერთი ნიშანდობლივი ამბავი ჩამომყვა.

ჩემი კოლეგის წიგნის პრეზენტაციის შემდეგ, შუახნის ქალბატონმა, რომლის სახელსაც ცხადია შეგნებულად არ ვასახელებ, გვერდით გამიხმო და მთხოვა, სულ რამდენიმე წუთი დამეთმო მისთვის.

ქალბატონი, შევატყვე, დასავლეთ საქართველოდან გახლდათ - ქერა თმით, ცისფერი თვალებით, მუშა მკლავებითა და პრინციპულად კაუჭა ცხვირით.

ეს ქალბატონი, ისევე როგორც სხვა მრავალი ჩვენი თანამოქალაქე, უკვე წლებია საბერძნეთში ცხოვრობს და ასწლოვან ბერძენ მოხუცებულს (იგივე "კირიას", ანუ ქალბატონს, ბებიას) უვლის.

ჰოდა რას მიყვება ახლა ეს ქალი (სტილი დაცულია):

"ძალიან მიყვარდა მიშა, მაგრამ ახლა აღარ შემიძლია მაგის ატანა. 2006 წელს გავბრიყვდი, დავუჯერე - ჩამოდით-ჩამოდითო, რომ გვეპატიჟებოდა და საქართველოში დავბრუნდი, მეთქი ვიმუშავებ, მაგრამ სად ვნახე სამსახური! ტყუილა ვიწანწალე ერთი წელიწადი!

ხმა ვერ მივაწვდინე ვერავის! ხოდა მომიწია ისევ ბაგაჟნიკით წასვლა საბერძნეთში ("არალეგალები" ავტობუსის უჰაერო საბარგულში ძვრებიან და ასე გადადიან საზღვარზე; ოღონდ ზოგი ვერც გადადის - იგუდებიან). გავმწარდი, ბუნებრივია! არ იცი შენ, რა არის ბაგაჟნიკში წოლა! ძლივს ჩამოვედი, ბეწვზე გადავურჩი ბერძნულ ასტინომიას (პოლიციას ანუ). წლები არ ვიყურებოდი საქართველოსკენ! არ ვარ მე ეკლესიური - მარტო აღდგომაზე დავყვები ბებიას, მაგრამ ამ ცოტა ხნის წინ ჩემი ფეხით, კირიას გარეშე წავედი ეკლესიაში და პირდაპირ ვუთხარი ღმერთს: ღმერთო, გენაცვალე, ოღონდ "ნაციონალურ მოძრაობას" წააგებინე და როგორც გინდა და რანაირადაც გინდა, ისე მომკალი-მეთქი. მივბრუნდი მერე სახლში...

ხოდა ვაბანავებ კირიას და უცებ არ დამარტყა დენმა! გადავირიე! გავვარდი მეორე დღეს ისევ ეკლესიაში და ვეუბნები ღმერთს: კაცო, მე გითხარი, მაშინ მომკალი, როცა "ნაციონალური მოძრაობა" წააგებს-მეთქი და არა მანამდე! იმის მერე ძლივს ვეკარები ბებიას. ამ დროს, მთლად დაუბანლადაც ხომ არ დავტოვებ! მეტი არაფერი მინდა, ოღონდ ეს არჩევნები გადამატარებინა წყნარად."
XS
SM
MD
LG