Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალი სატრანზიტო მარშრუტების პერსპექტივები საქართველოსთვის


15 იანვარს უკრაინა საქართველოს გავლით პირველ სატესტო მატარებელს გაუშვებს. როგორც "ბიბისი" იტყობინება, სატვირთო მატარებელი, რუსეთის ტერიტორიის გვერდის ავლით, უკრაინულ საქონელს შუა აზიის ქვეყნებში ჩაიტანს. საქართველოს გარდა, მარშრუტი აზერბაიჯანსა და ყაზახეთზეც გადის.

"ბიბისის" ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხზე მთავრობის სხდომაზე განცხადება უკრაინის პრემიერ-მინისტრმა არსენი იაცენიუკმა გააკეთა. მისი განმარტებით, მარშრუტის საზღვაო ნაწილი შავ და კასპიის ზღვებზე გადის.

უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრმა ანდრეი პივოვარსკიმ განაცხადა, რომ მატარებელი ოდესის ოლქის ქალაქ ილიჩევსკიდან დაიძვრება. მარშრუტის საზღვაო ნაწილისთვის გამოიყენებენ ილიჩევსკი-ბათუმისა და ალიატი-აკტაუს პორტების საბორნე გადაზიდვებს.

სატრანზიტო ფუნქცია, რომელიც საქართველოს ერთ-ერთი მთავარი ეკონომიკური ფუნქციაა, ამ გადაწყვეტილებით ახალ საინტერესო მიმართულებას გაააქტიურებს, თუ, რა თქმა უნდა, ის დატვირთული იქნა.

კიდევ ერთი ახალი მიმართულება, რომელზეც საცდელმა მატარებელმა გასული წლის 16 დეკემბერს პირველად გაიარა, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაა.

რკინიგზის არსებულ მონაკვეთს ტესტი "მარაბდა-კარწახის რკინიგზისა" და "აზერბაიჯანის რკინიგზის" საქართველოს ფილიალის ორგანიზებით ჩაუტარდა. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის 254-კილომეტრიანი მონაკვეთი გადის საქართველოზე. მის მშენებლობაზე 1.1 ათასი ადამიანი იყო დასაქმებული. პროექტის განხორციელების შედეგად გაიხსნება მნიშვნელოვანი სარკინიგზო დერეფანი აზიიდან ევროპისკენ.

გასულ წელს რკინიგზის მშენებლობას გარკვეული პრობლემები შეექმნა თურქეთის მონაკვეთზე. ამის გამო რკინიგზის გახსნის ზუსტი თარიღი დღეისთვის უცნობია. წინასწარი ინფორმაციით, რკინიგზა ექსპლუატაციაში შესაძლოა 2016 წელს შევიდეს.

ახალ რკინიგზას ექნება შესაძლებლობა წელიწადში 1 მილიონი მგზავრი გადაიყვანოს, პირველ ეტაპზე 5 მილიონი ტვირთი გაატაროს. საბოლოოდ, რკინიგზის გამტარუნარიანობის 15 მილიონ ტონამდე გაზრდა იგეგმება.

ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის პროექტის განხორციელება 2007 წელს დაიწყო, მშენებლობა კი - 2008 წელს. იგი ითვალისწინებს საქართველოს ტერიტორიაზე მარაბდა-ახალქალაქის სარკინიგზო ხაზის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციასა და ახალი სარკინიგზო ხაზის მშენებლობას ახალქალაქიდან თურქეთის საზღვრამდე.

თუმცა, ცხადია, ნებისმიერი სატრანსპორტო დერეფნის ფუნქციონირებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკური სტაბილურობა რეგიონში, რომელიც, როგორც ბოლო ხანებში ვხედავთ, უკვე აფეთქებულ თუ არაერთფეთქებად მონაკვეთს მოიცავს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG