Accessibility links

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გორის ოფისში, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საზოგადოების წარმომადგენლები შეიკრიბნენ. იურისტებმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღისა და შეჯამების მონიტორინგის შედეგები წარმოადგინეს. საია არჩევნებს შიდა ქართლისა და სამცხე- ჯავახეთის რეგიონებში აკვირდებოდა და საარჩევნო დარღვევებისა და ხარვეზების გამო რამდენიმე ათეული საჩივარი დაწერა როგორც საუბნო, ისე საოლქო კომისიების დონეზე. უბნების დონეზე ყველაზე მეტი - 46 საჩივარი - ხაშურში დაიწერა. გორის საოლქო კომისიაში საიამ 17 საჩივარი შეიტანა.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გორის ოფისის ხელმძღვანელმა ქეთი ბებიაშვილმა დარღვევების სტატისტიკა გამოაქვეყნა. 23 შემთხვევაში შემაჯამებელი ოქმის ბალანსი ვერ დგებოდა, 8 შემაჯამებელ ოქმში მონაცემები გადასწორებული იყო, 3 შემთხვევაში კი უფლებამოსილების არაჯეროვნად შესრულება დაფიქსირდა. დისციპლინური გადაცდომების ნაწილში საჩივრების დიდი რაოდენობა კომისიებმა დააკმაყოფილა. თუმცა საია ამ დრომდე სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება 4 უბანზე, სადაც კომისიების თავმჯდომარეებისა და მდივნების ადმინისტრაციული წესით დაჯარიმებას ითხოვს. ქეთი ბებიაშვილის თქმით, ამ არჩევნებზე ერთი საყურადღებო ტენდენცია გამოიკვეთა: საარჩევნო ყუთებში დიდი რაოდენობით ბათილი ბიულეტენები აღმოჩნდა. მართალია, ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, ჩვენი ბიულეტენები ხელოვნურად გააბათილესო, მაგრამ ყუთებში უამრავი ისეთი ბიულეტენი ნახეს, სადაც ნება საერთოდ არ იყო გამოხატული. ბებიაშვილის აზრით, ამომრჩეველი ან დაიბნა და ვერ გაიგო, რომ სამივე ბიულეტენში უნდა გაეკეთებინა არჩევანი, ან ეს ყველაფერი ბოიკოტს უკავშირდება.

ახალგაზრდული მოძრაობა „დროას“ წარმომადგენელი კატო ქოთოლაშვილი აცხადებს, რომ ამომრჩეველი, მართლაც, დაბნეული იყო და არ იცოდა, რა უნდა გაეკეთებინა სამ ბიულეტენში.

საქველმოქმედო ცენტრ „აფხაზეთის“ წარმომადგენელი იამზე გოჩაშვილი ყურადღებას ამომრჩევლების დაბალ აქტივობაზე ამახვილებს. მისი აზრით, პოლიტიკური პარტიების მიმართ ნდობა სულ უფრო და უფრო მცირდება.

საიას ოფისში შეკრებილი საზოგადოების წარმომადგენლების აზრით, ამომრჩეველთა დაბალი აქტივობა და დიდი რაოდენობით ბათილი ბიულეტენები ცხადყოფს, რომ როგორც ხელისუფლებას, ისე პოლიტიკურ პარტიებსა და არასამთავრობო სექტორს, ამომრჩეველთა ინფორმირების თვალსაზრისით, მეტი მუშაობა მართებთ.

XS
SM
MD
LG