Accessibility links

logo-print

სტუმრად ჩვენს ეთერში: დავით თევზაძე


13 სექტემბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო დავით თევზაძე, "დავით თევზაძე - საქართველოს მშვიდობისათვის" (N14) თავმჯდომარე. მან ილაპარაკა უსაფრთხოების სისტემის შესახებ და აღნიშნა, რომ ამ სისტემის შიდა მოწყობა არის მთლიანად არაადეკვატური ქვეყნის წინაშე არსებული პრობლემების. დავით თევზაძე თვლის, რომ ამის საფუძვლები კონსტიტუციაში დევს და ამ სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობა წინააღმდეგობაშია კონსტიტუციასთან. „საქართველოს მშვიდობისათვის“ თავმჯდომარემ უსაფრთხოების სფეროზე მომუშავე ინსტიტუტების არაადეკვატურობაზეც ილაპარაკა. „ჩვენ რომ მოვდივართ ამ სივრცეში, მინდა ხაზგასმით ვთქვა, არავის წინააღმდეგ არ მოვდივართ, მოვდივართ იმისათვის, რომ სახელმწიფოს რეალურად მივცეთ შესაძლებლობა, განახორციელოს ის, რაც განსახორციელებელია და ეს პირველ რიგში ეხება კანონმდებლობას. კანონმდებლობა უნდა შექმნან იმ ადამიანებმა, რომლებსაც გააჩნიათ სერიოზული ცოდნა ამ დარგის. მათ უნდა უკარნახონ იმათ - [კანონის] მწერლებს რაზეა საჭირო ყურადღების გამახვილება და შემდეგ კანონების განხორციელება დაუქვემდებარონ მკაცრ, საპარლამენტო კონტროლს“, - ამბობს დავით თევზაძე. მისი თქმით, რომ პარტიას „საქართველოს მშვიდობისთვის“ რამდენიმე დარგში და კერძოდ, უსაფრთხოების სფეროში აქვს სერიოზული გამოცდილება და ზუსტად იცის როგორ უნდა განხორციელდეს მისი რეფორმა. ცვლილებებებისთვის კი დავით თევზაძე გამოცდილებისა და ნების გარდა, მნიშვნელოვნად თვლის პოლიტიკურ გამბედაობასაც. მისი შეფასებით, 2004 წლიდან სამხედრო სფეროში უკუსვლაა და ეს პროცესი ბოლო ოთხი წლის მანძილზე სახელმწიფოს რეალური სამხედრო ძალისთვის წერტილის დასმით დაგვირგვინდა: „დაირღვა აბსოლუტურად ბალანსი არასამხედრო კომპონენტისა სამხედრო უწყებაში. ორკომპონენტიანი სისტემაა - სამინისტრო და შეიარაღებული ძალები. ერთი მართავს პოლიტიკურად და ბუნებრივია, ეს დემოკრატიული საზოგადოებისთვის გამოცდილი სისტემაა, მაგრამ, როდესაც სამოქალაქო კომპონენტი იწყებს ზეწოლას სამხედრო კომპონენტზე, გნებავთ - კადრების დანიშვნის თვალსაზრისით, ან შერჩევის თვალსაზრისით, ანდა სამხედრო რეალობაში არაკომპეტენტური ჩარევის თვალსაზრისით, ერევა ოპერატიულ მართვაში, ეს ანგრევს სისტემას მთლიანად და ქმნის იმ მოჩვენებითობას, რომელიც დღეს გვაქვს“. დავით თევზაძე განმარტავს, რომ სამხედრო კომპონენტი საგარეო პოლიტიკის მხარდასაჭერად არსებობს. საგარეო პოლიტიკაზე საუბრისას, მან აღნიშნა, რომ გამოცხადებული საგარეო პოლიტიკური მიზნის მისაღწევად კეთდება ძალიან ცოტა და აღრეულად: „საგარეო პოლიტიკა ისევე სისტემაა, როგორც ყველაფერი დანარჩენი და იგება ერთი ასეთი დაშვების გარშემო - რა ღირებულებისთვის არსებობს ქართული სახელმწიფო?“, - ამბობს დავით თევზაძე და თვლის, რომ ამ ღირებულების განსაზღვრის გარეშე ვერ მიიღწევა ქვეყნის სვლა ევროპული ცივილიზაციისკენ.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG