Accessibility links

logo-print

„გატეხილის გამთელებას პრევენცია სჯობს...“


ერიკა კვაპილოვა

ერიკა კვაპილოვა

ავტორი: ნინო ნადარეიშვილი

გენდერული თანასწორობის პრობლემები საქართველოში... ძალადობა ქალთა მიმართ... რა როლი აქვთ პოლიტიკოსებს გენდერული თანასწორობის მიღწევის საქმეში, როგორ უნდა შეეწყოს ხელი ქალთა პოლიტიკური აქტივობის გაძლიერებას და რა მნიშვნელოვანი რეფორმებია გასატარებელი ოჯახში ძალადობის აღმოსაფხვრელად, რა უნდა გაკეთდეს ძალადობის პრევენციისთვის და როგორია საერთაშორისო გამოცდილება - ამ საკითხებზე საუბრობს გაეროს ქალთა ორგანიზაციის ხელმძღვანელი საქართველოში ერიკა კვაპილოვა.

რადიო თავისუფლება: ბოლო დროს საქართველოში ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ მიმართული მოძრაობა საგრძნობლად გაძლიერდა. თუ შეიძლება, მოკლედ ჩამოგვითვალეთ ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური რეფორმები, განსაკუთრებით კი ის ინიციატივები, რომლებიც გაეროს ქალთა ფონდის ხელშეწყობით განხორციელდა.

ერიკა კვაპილოვა: პირველ რიგში, დაგიდასტურებთ, რომ საქართველოს კანონმდებლობაში, ქალთა წინააღმდეგ და ოჯახური ძალადობის კუთხით, საკმაოდ ბევრი პროგრესული ცვლილება განხორციელდა. ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ საქართველოს კანონმდებლობით უკანონო გახდა იძულებითი ქორწინება და ოჯახური ძალადობა. ასევე დიდი წინსვლაა საერთო პოლიტიკის და არა მარტო კანონმდებლობის მხრივ. ეროვნულ კანონმდებლობაში დაგეგმილია სტრატეგიები, რომლებშიც გათვალისწინებულია სერიოზული ნაბიჯები ქალთა და ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, გაეროს ქალთა ფონდი, როგორც ამ სფეროში მუშაობის მანდატის მქონე ორგანიზაცია, დაეხმარა ხელისუფლებას. ჩვენ საქართველოს მთავრობასთან ერთად რამდენიმე საკანონმდებლო ცვლილებაზე ვიმუშავეთ. ჩვენ ასევე აქტიურად ვმუშაობთ სამოქალაქო ორგანიზაციებთან, ნახსენები ცვლილებების ადვოკატირების კუთხით. ასე რომ, ჩვენი მუშაობის არეალი საკმაოდ ფართოა. ასევე უნდა ითქვას, რომ გვაქვს ძალიან კარგი თანამშრომლობა პარლამენტთან, მთავრობასა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან. ზოგადად ვიტყოდი, რომ საზოგადოებაში ამ პრობლემის მოგვარების ნება არსებობს, რაც ძალიან კარგი ნიშანია.

რადიო თავისუფლება: როგორც გაეროს ქალთა ფონდი აღნიშნავს, ისეთ პრობლემას, როგორიც ქალთა წინააღმდეგ ძალადობაა, პრევენციული ნაბიჯების გადადგმაც სჭირდება. რაში გამოიხატება პრევენციული ზომები და რამდენად ეფექტურია საერთაშორისო პრაქტიკა ამ მხრივ, საქართველოში არსებულ სიტუაციასთან შედარებით?

ერიკა კვაპილოვა: დიახ, პრევენცია ყოველთვის უკეთესია, ვიდრე უკვე არსებული ჭრილობების მოშუშება და გატეხილის გამთელება, მაგრამ ის ასევე მეტად რთული და ძნელად განსახორციელებელი პროცესია, რადგან პრევენცია საკმაოდ კომპლექსური ცნებაა. პირველ რიგში, პრევენცია ნიშნავს რაიმეს მოხდენისთვის ხელის შეშლას. ეს ნიშნავს, რომ უნდა მთლიანად აღმოიფხვრას ქალთა წინააღმდეგ ძალადობა, რაც ძალიან, ძალიან ძნელია, მაგრამ მუდმივად უნდა ხდებოდეს იმის შეხსენება და გამეორება, რომ ნებისმიერი ფორმის ძალადობა დაუშვებელია. ასე რომ, ძალადობის მიმართ ნულოვან ტოლერანტობას უნდა ამკვიდრებდნენ ის ადამიანები, ვინც საზოგადოებრივ აზრს ქმნის - სპორტსმენები თუ სხვანი. მეორე ის გახლავთ, რომ პრევენცია ასევე ნიშნავს ძალადობის ფაქტებზე მყისიერ რეაგირებას, რისი მიზანიც არის შეამციროს ძალადობის შედეგი. მესამე - ძალადობას გრძელვადიანი შედეგები აქვს, რაც ნიშნავს, რომ ძალადობის ან ოჯახური ძალადობის მსხვერპლ ქალებს ესაჭიროებათ არა მხოლოდ მყისიერი დახმარება, როდესაც ძალადობის ფაქტები ხდება, არამედ მრავალ მათგანს სჭირდება გრძელვადიანი დახმარება, რადგან ფსიქოლოგიური პრობლემები აქვთ ან სოციალურ-ეკონომიკური, არ შეუძლიათ დამოუკიდებლად არჩინონ საკუთარი ოჯახი და ბავშვები. ასე რომ, პრევენციის კონცეფცია საკმაოდ რთული და კომპლექსურია.

რადიო თავისუფლება: გაეროს ქალთა ფონდს ბევრჯერ აქვს მიღებული მონაწილეობა ოჯახური ძალადობის პრევენციისა და ცნობიერების ამაღლებისაკენ მიმართულ ღონისძიებებში. თუ შეიძლება, მოკლედ გვიამბეთ ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართულ იმ პროგრამებზე, რომლებზეც გაეროს ქალთა ფონდს უმუშავია.

ერიკა კვაპილოვა: დიახ, ეს ჩვენი საქმიანობის ნაწილია და მიგვაჩნია, რომ პირველი, რაც უნდა შეიცვალოს, ეს ცნობიერებაა. კანონმდებლობის შეცვლა შესაძლებელია და უნდა ითქვას, რომ საქართველოს საკმაოდ კარგი და ძალიან პროგრესული კანონმდებლობა აქვს და ამ მიმართულებით კვლავ გრძელდება ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, მაგრამ მეტია გასაკეთებელი ქალების წინააღმდეგ ძალადობის მიმართ აზრის და მიდგომის შესაცვლელად. ყველაზე რთული საზოგადოებრივი აზრის შეცვლაა და, სწორედ ამიტომ, ჩვენ ამ მიმართულებით ძალიან აქტიურად ვმუშაობთ ჩვენს პარტნიორებთან გაეროში და სხვა ორგანიზაციებთან ერთად. ამ მიმართულებით წარმატებით ვთანამშრომლობთ შვედეთის ხელისუფლებასთან, რომელსაც უნდა დაეხმაროს საქართველოს ამ საქმეში. ჩვენ ვმუშაობთ ასევე ჩემპიონებთან და ვთანამშრომლობთ რაგბის კავშირთან. ისინი გვეხმარებიან ქალთა მიმართ პატივისცემისა და მათი უფლებების დაცვის ხელშეწყობაში და აქტიურად მონაწილეობენ ჩვენს კამპანიაში, რომელიც ნიშნავს ნულოვან ტოლერანტობას ძალადობისადმი. მორაგბეები ესაუბრებიან მამაკაცებსა და ბიჭებს, რადგან დანაშაულის ჩამდენთა 95% სწორედ ისინი არიან - პერმანენტულად განიხილავენ მათთან არაძალადობრივი მოქმედების სისწორეს. რა თქმა უნდა, ძალადობის აღმოსაფხვრელად ყველაზე საუკეთესო სპიკერები პოლიტიკოსები არიან. პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის სპიკერი, ძალიან ხშირად და აქტიურად აცხადებენ, რომ ქალთა წინააღმდეგ ძალადობისადმი ქართული საზოგადოება არასოდეს იქნება ტოლერანტული, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია.

რადიო თავისუფლება: კიდევ რა არის საჭირო ცნობიერების ასამაღლებლად და ოჯახური ძალადობის თავიდან ასაცილებლად მომავალში?

ერიკა კვაპილოვა: როგორც უკვე აღვნიშნე, ჯერ კიდევ ძალიან ბევრია გასაკეთებელი. ამ პროცესში მედია კრიტიკულ როლს ასრულებს. როგორც ცნობილია, მედიას საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე უდიდესი ზეგავლენა აქვს, ასე რომ, ჩემი აზრით, უკიდურესად მნიშვნელოვანია მედიასთან მუშაობა და ჟურნალისტების მგრძნობელობის ამაღლება. რა თქმა უნდა, განათლების სფეროც ძალიან მნიშვნელოვანია. საუბარი უნდა დაიწყოს ოჯახში, მაგრამ აუცილებლად უნდა გაგრძელდეს საბავშვო ბაღებსა და სკოლებში. ამ კუთხით პროგრესსაც უკვე ვხედავთ. გაერო მალე მოაწერს ხელს მთავრობასთან ხუთწლიან პროგრამას, რომლის ფარგლებშიც საქართველოს ხელისუფლებას იგი მრავალი მიმართულებით გაუწევს დახმარებას. ამ მიმართულებათა შორის განათლების სფეროც არის. იგეგმება სასწავლო პროგრამების განხილვა და გენდერის სწავლება, როგორც გენდერულად სენსიტიური განათლების საფუძვლის. არსებობს ბევრი სხვა სფერო, სადაც შესაძლოა განხორციელდეს პრევენცია, მაგრამ მე გამოვარჩევდი მედიასა და განათლებას, როგორც ქვეყნისათვის სტრატეგიული მნიშვნელობის მქონეს.

რადიო თავისუფლება: ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში სამთავრობო სტრუქტურების როლი ერთი საკითხია... რა როლი აქვთ ამ პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სამოქალაქო აქტივისტებს და როგორ უზრუნველყოფს გაეროს ქალთა ფონდი ამ ჯგუფების ჩართულობას?

ერიკა კვაპილოვა: დიახ, აუცილებელია კიდევ და კიდევ გაესვას ხაზი, რომ სწორედ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა დაიწყეს მთელი ეს პროცესი და ყურადღება ქალთა მიმართ ძალადობის პრობლემისაკენ მიმართეს. მათი ინიციატივით განხორციელდა ასევე 2006 წლის ოჯახური ძალადობის საკანონმდებლო ცვლილებები. ისინი დახმარებას და მომსახურებას უწევდნენ ძალადობის მსხვერპლ ქალებს იმ დროს, როდესაც არ არსებობდა სახელმწიფო სერვისები და თავშესაფრები და ამ საქმიანობას დღესაც აგრძელებენ. არასამთავრობო ორგანიზაციები უზარმაზარ როლს ასრულებენ არა მარტო მომსახურების გაწევით, არამედ ისინი გვევლინებიან, ასევე, მრჩეველთა როლში, პოლიტიკის წარმართვის თვალსაზრისით, რადგან მათ ძალიან დიდი პრაქტიკული გამოცდილება აქვთ. ამ შემთხვევაში, ჩვენი როლია უზრუნველვყოთ არასამთავრობო ორგანიზაციების ექსპერტული მოსაზრებების მოსმენა და ჩვენ ძალიან ხშირად ვმოქმედებთ როგორც ფასილიტატორები ხელისუფლებასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ეს საქართველოში დიდ პრობლემას არ წარმოადგენს, რადგან ამ საკითხზე მომუშავე სახელისუფლებო ორგანიზაციები და სამინისტროები საკმაოდ გახსნილები არიან და დიალოგი მთავრობასა და არასამთავრობო სექტორს შორის სტანდარტული პრაქტიკაა. ასე რომ, ჩვენ ამ პროცესის მონაწილეები ვართ, მაგრამ ჩვენი, როგორც ფასილიტატორის, საქმიანობა ისეთი რთული არ არის, როგორც სხვა ქვეყნებში.

რადიო თავისუფლება: პრეზიდენტმა მარგველაშვილმა 2015 წელი ქალთა წლად გამოაცხადა. რას ნიშნავს ეს? ანუ, იქნებ დავაზუსტოთ, რა სახის კანონმდებლობა უნდა შეიქმნას ან რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ 2015 ქალთა წლად ჩაითვალოს?

ერიკა კვაპილოვა: პირველ რიგში, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ნებისმიერი ქვეყნისთვის მეტად მნიშვნელოვანია ქვეყნის ლიდერების მიერ ქალთა წინააღმდეგ და ოჯახური ძალადობის მიმართ საკუთარი აზრის გამოთქმა. საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ მინისტრი და პარლამენტის სპიკერი ნათლად აცხადებენ, რომ ასეთი ქმედებისადმი ტოლერანტობა არ იქნება.პრეზიდენტის მიერ გამოცხადებული ქალთა წელი ნიშნავს, რომ იგი ახორციელებს ქალების გაძლიერებისა და გენდერული თანასწორობისადმი საკუთარ, უფრო ფართო, მხარდაჭერას, რომელიც სცდება ქალთა წინააღმდეგ ძალადობის აღმოფხვრის ფარგლებს. შესაძლოა, მისი იდეა 2015 წლის ქალთა წლად გამოცხადების შესახებ განპირობებული იყოს იმ ტრაგიკული ფაქტებით, რომლებსაც ადგილი ჰქონდა გასულ წელს, როდესაც უამრავი ქალი ემსხვერპლა ოჯახურ ძალადობას. თუმცა ის ამ ფარგლებსაც გასცდა და საჯარო გამოსვლებში ხშირად აღუნიშნავს გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის გააქტიურების მნიშვნელობა.ის პოლიტიკაში ქალებისათვის სავალდებულო კვოტების დადგენის მხარდამჭერია. მას აქვს გარკვეული ძალაუფლება, როგორც პრეზიდენტს, და, ჩემი აზრით, ამ კუთხით მისი მხარდაჭერის ერთ-ერთი პირველი გამოხატულება იყო იმის მომხრეობა, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ პირველად დანიშნულიყო ქალი. პრეზიდენტი კვლავაც აგრძელებს ქალთა უფლებების დაცვისა და ქალთა გაძლიერების კამპანიას.

რადიო თავისუფლება: პარლამენტის წევრები, როგორც საზოგადო მოღვაწეები, დიდ როლს ასრულებენ საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაში. აქედან გამომდინარე, უარყოფითი კომენტარები, განსაკუთრებით გენდერული თანასწორობის წინააღმდეგ მიმართული, შესაძლოა საზიანო იყოს. რა უნდა გააკეთონ პოლიტიკოსებმა გენდერული თანასწორობის კიდევ უფრო გასაფართოებლად?

ერიკა კვაპილოვა: ჩემი აზრით, ყოველმა პოლიტიკოსმა კარგად უნდა გაიაზროს საკუთარი პასუხისმგებლობა და ანგარიშვალდებულება ამომრჩეველთა მიმართ. მათი პასუხისმგებლობაა ასევე, რა რეაქცია ექნებათ და რას იტყვიან. მე, რა თქმა უნდა, არ შემიძლია კომენტარი გავაკეთო პარლამენტის წევრების მიერ გაკეთებულ კომენტარებზე. თუმცა, როდესაც ვსაუბრობთ პარლამენტზე, უნდა ვთქვათ, რომ არსებობს გენდერული საკითხების სპეციალური კომიტეტი და ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტი, რომლებიც აქტიურად უჭერენ მხარს ქალთა გაძლიერებას და აქტიურად იყენებენ საკუთარ ხმებს ამ საკითხების მოსაგვარებლად. საკმაოდ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი პარლამენტის წევრებთან დაკავშირებით, როდესაც საქმე ეხება ქალთა უფლებების დაცვის საკითხებს და ვხედავ ამ მიმართულებით წინსვლას, რაც ძალიან სასიხარულოა.

რადიო თავისუფლება: ამ ბოლო დროს აქტიურად განიხილება ქართულ პოლიტიკაში ქალთა ნაკლები აქტიურობა და კვოტების შემოღების აუცილებლობა. კვოტები შესაძლოა ეფექტური იყოს, მაგრამ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი შესაძლოა იყოს გენდერული სტერეოტიპების გაქარწყლება. რა მეთოდები არსებობს საქართველოში ქალთა პოლიტიკური ჩართულობის ხელშეწყობისათვის?

ერიკა კვაპილოვა: დიახ, საერთაშორისო გამოცდილებიდან ჩანს, რომ ზოგიერთ ქვეყანაში განხორციელებული დროებითი სპეციალური ზომები, როგორიცაა სავალდებულო კვოტები, საკმაოდ წამახალისებელია გადაწვეტილებების მიღების პროცესში ქალთა გააქტიურებისთვის. დაწყებულია და აქტიურად მიმდინარეობს საქართველოში სავალდებულო კვოტების შემოღების საკითხის განხილვა. ადამიანის უფლებათა კომიტეტმა უკვე მისცა მწვანე შუქი მოცემული საკითხის პარლამენტში განხილვას. პარლამენტში უკვე შესულია განსახილველად ორი პროექტი სავალდებულო კვოტების თაობაზე. ასე რომ, ამ საკითხის განხილვა საკანონმდებლო ორგანოში უკვე დაწყებულია, რაც ძალიან კარგია. ხმების უმრავლესობა კვოტების შემოღებისაკენ იხრება, ასე რომ, ჩემი აზრით, ამჟამად განიხილება კონკრეტულად რა ტიპის კვოტები უნდა იყოს შემოღებული, როდის და როგორ. ეს განხილვის საგანია. როგორც თქვენ აღნიშნეთ, არსებობს ასევე დამატებითი ზომები და ინსტრუმენტები ქალთა პოლიტიკური ჩართულობის გასაძლიერებლად, რადგან, თუკი გვაქვს სურვილი ვიხილოთ მეტი ქალი პოლიტიკაში, მათ უფრო მეტი შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ საზოგადოებრივ საქმიანობაში მონაწილეობისთვის. ისევე როგორც საქართველოში, ბევრ ქვეყანაში გამოწვევა არ არის მხოლოდ სტერეოტიპული აზროვნება, ის აზრი, რომ ქალების ადგილი პოლიტიკაში არ არის. გამოწვევაა ასევე უქონლობა გარკვეული სერვისისა, რომელიც შესაძლებლობას მისცემდა ქალებს მეტი დრო დაუთმონ საზოგადოებრივ საქმიანობას. ასე რომ, არსებობს საშუალება უფრო მეტი დრო დაეთმოს ქალთა მონაწილეობის გაზრდას პოლიტიკური პარტიების შიგნით. პოლიტიკურმა პარტიებმაც მეტად უნდა მიაქციონ ყურადღება ქალთა შესაძლებლობების განვითარებას და გაწევრიანებას მათ სტრუქტურებში. დაარწმუნეთ ქალები, რომ მათ ისევე შეუძლიათ გადაწყვეტილების მიღება, როგორც მამაკაცებს. ასე რომ, არსებობს მრავალი შესაძლებლობა იმისათვის, რომ ქალები წავახალისოთ, მაგრამ, როგორც უკვე აღვნიშნე, ქალებს უნდა ჰქონდეთ საკმარისი დრო და მხარდაჭერა იმისათვის, რომ პოლიტიკაში ჩართვა შეძლონ. ასევე, უკეთ უნდა განაწილდეს პასუხისმგებლობა ოჯახის შიგნით ქმარსა და ცოლს შორის, როდესაც ეს ბავშვების აღზრდას ეხება. ასე რომ, სავალდებულო კვოტებთან ერთად, სხვა მრავალი პირობაცარსებობს, რომელთა მიღწევაც აუცილებელია, რათა პოლიტიკაში მეტი ქალი ვიხილოთ.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG