Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კაი კარელსონი: "ერთმანეთის აღმოჩენა..."


კაი კარელსონი, ესტონეთის ელჩს საქართველოში
კაი კარელსონი, ესტონეთის ელჩს საქართველოში

ავტორი: სალომე აფხაზიშვილი

რატომ ეწყობა ხოლმე ორი ქვეყნის საერთო დღეები? რა შეიძლება იყოს საინტერესო ქართველებისა თუ ესტონელებისთვის, მაგალითად, სამი დღის განმავლობაში სათქმელად თუ საჩვენებლად? ამგვარი დღეები საქართველოში დღეს, 4 ნოემბერს დასრულდა. თბილისელებს ესტონური კულტურის, კულინარიის, საგანმანათლებლო და სამეცნიერო მიღწევების გაცნობის შესაძლებლობა ჰქონდათ. ერთ-ერთი მთავარი მიმართულება გაცვლითი სასწავლო პროგრამები იყო, რომელთაც ესტონეთი საქართველოში მცხოვრებ ახალგაზრდებს სთავაზობს. ესტონური დღეები საქართველოში ესტონეთის საელჩოს, არქიმედე ფონდისა და ორგანიზაციის „ისწავლე ესტონეთში“ ინიციატივით ჩატარდა. ორი ქვეყნის პარტნიორობასა და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე რადიო თავისუფლება ესტონეთის ელჩს საქართველოში, კაი კარელსონს ესაუბრა, რომელიც მოვალეობის შესრულებას რამდენიმე კვირის წინ შეუდგა.

კაი კარელსონი: "ერთმანეთის აღმოჩენა..."
please wait

No media source currently available

0:00 0:07:38 0:00
გადმოწერა

რადიო თავისუფლება: ესტონური დღეებით დავიწყოთ... ესტონეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიურ ურთიერთობებს ათ წელზე მეტი ხნის ისტორია აქვს. ამ ურთიერთობების გასაღრმავებლად თბილისში რამდენიმედღიანი ღონისძიებაც იმართება. რა მიზანი აქვს ასეთ შეხვედრებს?

კაი კარელსონი: ესტონეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები 1992 წლიდან იწყება, დიპლომატიურ ურთიერთობებს კი საფუძველი 2006 წლიდან ჩაეყარა, როდესაც საქართველომ ესტონეთის, ესტონეთმა კი საქართველოს საელჩო გახსნა. ესტონური დღეები ორ ქვეყანას შორის არსებული აქტიური თანამშრომლობის გამოხატულებაა. ამ ეტაპზე ყველაზე წარმატებული შედეგები განათლების სფეროში გვაქვს. გადავწყვიტეთ, განათლების მიღების შესაძლებლობები ქართველი ახალგაზრდების კიდევ უფრო ფართო ჯგუფისთვის გაგვეცნო. ამავე დროს, ამ გზით უფრო მეტი ადამიანი გაიცნობს ესტონეთს.

რადიო თავისუფლება: შეიძლება ითქვას, რომ საქართველოსა და ესტონეთის ისტორია მსგავსია. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ჩვენ ერთნაირი სირთულეების წინაშე აღმოვჩნდით, თუმცა ესტონეთმა მოახერხა მათთან გამკლავება და, ამ თვალსაზრისით, ის ლიდერია პოსტსაბჭოთა სივრცეში. როგორ ფიქრობთ, რომელია ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი, რომელსაც ესტონეთმა მიაღწია?

კაი კარელსონი: ჩვენი ქვეყნის განვითარების გზაზე მთავარი საკვანძო მოვლენა ნატოსა და ევროკავშირში გაერთიანებაა. მოვლენებს წინ გავუსწრებ და ვიტყვი, რომ იგივე გამოცდილება საქართველოსაც ელის. გარდამავალ ეტაპზე, რომელიც 1990-იან წლებში გამოვიარეთ, ვისწავლეთ, როგორ უნდა მოვმზადებულიყავით ევროკავშირისა და ნატოს წევრობისთვის. შეგვიძლია ამ მიმართულებით ჩვენი გამოცდილება საქართველოსაც გავუზიაროთ. რაც უფრო აქტიური იქნება ჩვენი ურთიერთობები, მით უფრო შედეგიანი იქნება ჩვენი თანამშრომლობა. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს მთავრობაში ჯერ კიდევ მუშაობენ ადამიანები, რომლებმაც 1990-იანების სირთულეები გაიარეს და ამ მიმართულებით დიდი გამოცდილება მიიღეს, ამიტომ სწორედ მათგან შეიძლება ისწავლოს საქართველომ.

რადიო თავისუფლება: როგორ აფასებთ გზას, რომელიც საქართველომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ევროკავშირის მიმართულებით გაიარა?

კაი კარელსონი: საქართველო ძალიან სწრაფად ვითარდება. ევროკავშირი მიიჩნევს, რომ, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის, საქართველო მოწინავე პოზიციაზეა. ბევრ სფეროშია წინსვლა, თუმცა გასაკეთებელი კიდევ ბევრია. ესტონეთი მზად არის საქართველოს დახმარება გაუწიოს. ვფიქრობ, რომ ევროკავშირის სხვა ქვეყნებმაც უნდა მოგვბაძონ და გაუზიარონ თავიანთი გამოცდილება საქართველოს.

რადიო თავისუფლება: განათლების გარდა, კიდევ რომელ სფეროებში გეგმავთ გამოცდილების გაზიარებას საქართველოსთვის?

კაი კარელსონი: რამდენიმე სფეროში ვთანამშრომლობთ საქართველოსთან. ეს თანამშრომლობა, განსაკუთრებით, უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში გაღრმავდა. ჩვენი პრიორიტეტი ინსტიტუციების მშენებლობას, აგროსექტორის, დაგეგმვისა და განათლების სფეროს განვითარებას უკავშირდება. ვაპირებთ პროფესიულ ტრენინგებსაც. ბოლო წლებში 50-მდე პროექტი განვახორციელეთ და დაფინანსებას არც მომდევნო წლებში შევწყვეტთ. ესტონეთი გამორჩეულია საინფორმაციო ტექნოლოგიების მაღალი ხარისხით, სწორედ ამ მიმართულებით გავაძლიერებთ ჩვენს ჩართულობას. ჩვენი სამთავრობო სექტორის წარმომადგენლები მზად არიან საქართველოს გაუზიარონ გამოცდილება ღია მმართველობის მიმართულებით. ამავე დროს, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენი რჩევები პირდაპირ წარმატებას არ ნიშნავს, რადგან ყველა ქვეყანას საკუთარი კულტურული თუ საკანონმდებლო გარემო აქვს და ყველაფრის გამეორება ასპროცენტიან წარმატებას არ გულისხმობს. თუმცა, ჩვენი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, მაინც ყველაფერს ვაკეთებთ.

რადიო თავისუფლება: აფხაზეთში ჯერ კიდევ ცხოვრობენ ესტონური ოჯახები. მათთან რა ურთიერთობები გაქვთ?

კაი კარელსონი: საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები ესტონელების რაოდენობა მკვეთრად შემცირდა, თუმცა ესტონეთი არ წყვეტს ურთიერთობას იმ ადამიანებთან, რომლებიც აქ ჯერ კიდევ ცხოვრობენ.

რადიო თავისუფლება: ნება მომეცით, ისევ განათლების თემას დავუბრუნდე. როდესაც პოსტ-საბჭოთა სივრცეში ესტონეთის ლიდერობაზე ვსაუბრობთ, განათლების სფეროც უნდა ვახსენოთ. ფაქტია, რომ ბევრი ქართველი ახალგაზრდა, უმაღლესი განათლების გაუმჯობესების მიზნით, სწავლას ესტონეთის უნივერსიტეტებში აგრძელებს. როგორ მოახერხა თქვენმა ქვეყანამ განათლების სფეროში ლიდერობის მოპოვება?

კაი კარელსონი: არ ვიცი, რამდენად არის ესტონეთი ამ მიმართულებით ლიდერი, თუმცა განათლების სფეროში ესტონეთი საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორია. ვიცი, რომ ბევრი ქართველი სტუდენტი სწავლობს ტარტუს უნივერსიტეტის სამედიცინო პროგრამებზე. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ესტონეთს ამ სფეროში მაღალი ხარისხის განათლების გაცემა შეუძლია. აუცილებელია, რომ გამოცდილების გაზიარება, უმაღლესი განათლების გარდა, სხვა საფეხურებზეც განხორციელდეს. ესტონეთის გამოცდილებიდან თუ ვისაუბრებთ, 1990-იან წლებში ჩვენმა ქვეყანამ მნიშვნელოვანი ინვესტიციები ჩადო განათლების სფეროში. ესტონეთის მთავრობამ გააცნობიერა, რომ სამთავრობო მხარდაჭერა განათლების სფეროს შესაძლებელია კიდევ ათეულობით წელი დასჭირვებოდა. ამ „ასაკს“ ვერც ერთი მთავრობა ვერ აღწევს, რადგან მთავრობები ოთხ წელიწადს არიან ხოლმე ხელისუფლებაში, ამან კი, განათლების სფეროს ინვესტირებას ხელი არ უნდა შეუშალოს. თვალსაჩინო მაგალითია ფინეთიც, რადგან მათ მაღალი ხარისხის განათლების სისტემა აქვთ. საქართველომ, ესტონეთის გარდა, სხვა ქვეყნებისგანაც უნდა ისწავლოს.

რადიო თავისუფლება: რით გამოიხატება თქვენი გეგმები განათლების სფეროში?

კაი კარელსონი: სულ ოთხი კვირაა, რაც საქართველოში ვარ. ბევრი საკითხია შესასწავლი და მხოლოდ ამის შემდეგ შევძლებ ჩამოყალიბებას პრიორიტეტების თაობაზე. ახლავე შემიძლია დავასახელო ერთ-ერთი მათგანი – ევროკავშირის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდა. რას გულისხმობს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება? რას ნიშნავს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში სტუმრობა და იქ განათლების მიღება? ან, უბრალოდ, რას მოიცავს ურთიერთობები, რომელთა მიზანია ბიზნესისა და ფერმერული სფეროს განვითარება?

რადიო თავისუფლება: როგორია ახლადდანიშნული ელჩის გზავნილი საქართველოს მოქალაქეებისთვის?

კაი კარელსონი: ჯერჯერობით, დაზუსტებით ის ვიცი, რომ ესტონეთში იცნობენ საქართველოს. ეს ცოდნა ორმხრივია. ვიცი, რომ ესტონეთიდან ბევრი ტურისტი ჩამოდის საქართველოში. ის, რაც თვალსაჩინოა, ამ ორ ქვეყანას შორის მეგობრობაა. ჩემი მთავარი გზავნილი იქნება, რომ არ შეწყვიტონ ურთიერთობები და გააგრძელონ ერთმანეთის აღმოჩენა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG