Accessibility links

logo-print

„საქართველოში დიდია მოლოდინი, რომ სავიზო ლიბერალიზაცია განხორციელდება“


იოჰანეს ჰანი

იოჰანეს ჰანი

ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოების კომისარმა იოჰანეს ჰანმა პრაღაში სტუმრობისას ინტერვიუ მისცა რადიო თავისუფლების კორესპონდენტს, რიკარდ იოზვიაკს.

ჩვენი რადიოს კორესპონდენტმა ევროკომისარს პირდაპირ ჰკითხა, აამოქმედებს თუ არა ევროკავშირი საქართველოს, უკრაინის და, მათთან ერთად, კოსოვოს მიმართ უვიზო მიმოსვლის რეჟიმს. ევროკომისარს იმედი აქვს, მაგრამ ამბობს, საბოლოოდ, პოლიტიკურ გადაწყვეტილებას უნდა დაველოდოთო.

„იმედი მაქვს, რადგან მათ თავიანთი სამუშაო შეასრულეს. ცხადია, ყოველთვის პოლიტიკური გადაწყვეტილებაა საბოლოო, მაგრამ რაც შეეხება სტანდარტების დაკმაყოფილებას, მოთხოვნებს, მათ შეასრულეს, რაც საჭირო იყო“, ამბობს ჰანი და აზუსტებს, მგონია, რომ, სულ მცირე, სამ ქვეყანას - საქართველოს, უკრაინას და კოსოვოს, შეიძლება თურქეთსაც, არ ვიცი ზუსტად, ერთნაირად უნდა მიუდგნენ ევროპის პარლამენტსა და ევროპის საბჭოშიო:

„ერთი რამ უნდა გვესმოდეს: ჩვენი, როგორც ევროპის კომისიის, ვალია, ყველას თანაბრად მოვექცეთ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ერთნაირ მეთოდოლოგიას მივმართავთ უკრაინის, საქართველოსა და, ასევე, კოსოვოს შემთხვევაში. იგივე ითქმის თურქეთზეც. მაგრამ ყველაფერი ჩვენს პარტნიორ ქვეყნებზე იქნება დამოკიდებული - რამდენად სწრაფად იმოქმედებენ და რამდენად დააკმაყოფილებენ ჩვენს მოთხოვნებს. ამასთანავე, ამ თვალსაზრისით თურქეთს არაფერს შევთავაზებთ, ასე ვთქვათ, უფრო იაფად, ვიდრე სხვა ქვეყნებს, რადგან არსებობს მოთხოვნები, რომლებიც ყველამ უნდა შეასრულოს“.

ევროკომისარი ინფორმირებულია, რომ საქართველო მოუთმენლად ელის სავიზო რეჟიმის გაუქმებას:

„საქართველოში დიდია მოლოდინი, რომ სავიზო ლიბერალიზაცია განხორციელდება. ამ ინიციატივას იმთავითვე მხარს უჭერდა ქვეყნის ყველა პოლიტიკური პარტია. სავიზო ლიბერალიზაციისთვის მზადების პროცესი ჯერ კიდევ წინა მთავრობის დროს დაიწყო, ხოლო ამჟამინდელი მთავრობა მას ბოლომდე მიიყვანს. ეს ის საკითხია, რომელსაც ოპოზიციური პარტიებიც კი მუდამ ემხრობოდნენ. ამიტომ, ვფიქრობ, ეს უნდა დარჩეს ერთობლივ ძალისხმევად და უნდა ჩაითვალოს, ვიტყოდი, ქვეყნის ყველა პოლიტიკური პარტიის ერთობლივ გამარჯვებად. ეს სწორედ ის არის, რასაც საქართველოს მოქალაქეები ელიან“.

გარდა იმისა, რომ საქართველოს და სხვა ქვეყნების მოქალაქეები იხეირებენ თავისუფალი მოგზაურობის უფლებით, ევროკომისარი ლაპარაკობს ბევრ სფეროზე, რომლებშიც რეფორმები გატარდა და რაც იმავე მოქალაქეების ინტერესებშია ქვეყნის შიგნითაც. როცა თურქეთზე ლაპარაკობს ამ ინტერვიუში, სავიზო რეჟიმის გაუქმების კონტექსტში, ევროკომისარი იოჰანეს ჰანი ამბობს, რომ თურქეთმა, რომელიც, როგორც ცნობილია, შორსაა ევროკავშირის სტანდარტებისგან, მოთხოვნები აწი უნდა დააკმაყოფილოს. საქართველომ, უკრაინამ და კოსოვომ, როგორც ჰანი ამტკიცებს, საშინაო დავალება შეასრულეს, ამიტომ საქართველოსა და უკრაინის თაობაზე უკვე შეტანილი გვაქვს განაცხადი ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტში და სულ მალე კოსოვოს მიმართაც ამას გავაკეთებთო. იოჰანეს ჰანი ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების თაობაზე ამბობს, რომ მოლდავეთთან, უკრაინასა და საქართველოსთან გაფორმებული ეს დოკუმენტი, რომლის მიღების პერსპექტივა აქვთ სომხეთს და აზერბაიჯანს, - და მომავალში, შეიძლება, ბელორუსიასაც, - არა მხოლოდ პარტნიორების, არამედ ევროკავშირის ინტერესებშიც არის:

„მიზანი, რომელსაც გვსურს მივაღწიოთ, ეს არის ჩვენს სამეზობლოში სტაბილურობა. ვფიქრობ, ამის მიღწევა შეიძლება მხოლოდ მაშინ, როცა კეთილდღეობა, ეკონომიკური განვითარებაა და ხალხს პერსპექტივა აქვს“.

იოჰანეს ჰანმა პასუხი გასცა ჩვენი კორესპონდენტის შეკითხვას, რომელიც შეეხებოდა ზოგადად აღმოსავლეთთან სამეზობლო პოლიტიკაში სიახლეებს, კერძოდ, სამეცნიერო კვლევისა და ტექნოლოგიის განვითარების ჩარჩო, „ჰორაიზენ 2020"-ად წოდებულ, პროგრამაში მონაწილე ქვეყნების პერსპექტივებს.

„მადლიერებით უნდა აღვნიშნო, რომ ამ ქვეყნებს არა მხოლოდ შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ ევროკავშირის კვლევით პროგრამა „ჰორაიზენ 2020“-ში, არამედ ახალგაზრდებს საშუალება აქვთ მოითხოვონ „ერაზმუსის სტიპენდია“. ეს ეხება რუსეთის მოქალაქეებსაც. ეს არის, ჩემი აზრით, სწორედ ის, ეგრეთ წოდებული, რბილი ძალის ელემენტები, რასაც ევროპა უჭერს მხარს და რაც ასე დარჩება მომავალშიც“.

„ჰორაიზენ 2020-ში“ საქართველოსთან ერთად ჩართული არიან ალბანეთი, ბოსნია-ჰერცეგოვინა, მაკედონია, მოლდავეთი, სერბია და უკრაინა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG