Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირმა პავლიაშვილი საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა არჩევის პროცესზე


23 აგვისტოს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ირმა პავლიაშვილი, "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" (საია) პროექტის კოორდინატორი. მან ილაპარაკა საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა არჩევის პროცესში ორგანიზაციის მიერ აღნუსხულ ხარვეზებზე. საია-ს განცხადებაში აღნიშნულია საუბნო კომისიების პროფესიული ნიშნით კანდიდატების შერჩევის პროცესში ე.წ. "წინასწარი სიების" არსებობის შესახებ. ირმა პავლიაშვილმა ილაპარაკა წესებზე, რომლითაც უნდა იყვნენ შერჩეული საარჩევნო კომისიის წევრები - რომ პროცესზე ზეგავლენას ვერ უნდა ახდენდეს ვერც ერთი პოლიტიკური ძალა. ირმა პავლიაშვილი თვლის, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ მაღალი ნდობის გაჩენაში მნიშვნელოვანი სწორედ კომისიების წევრთა არჩევის პროცესია. "დილის საუბრების" სტუმარი ისეთი საკითხების გათვალისწინებასაც კი მნიშვნელოვნად თვლის, რაც კანონმდებლობით აკრძალული არ არის, მაგრამ შეიძლება სწორედ ადმინისტრაციის რეპუტაციასა და სანდოობაზე მოახდინოს ზეგავლენა. ირმა პავლიაშვილმა ამის მაგალითად დაასახელა შემთხვევები, როცა პირი წინა არჩევნებზე ადმინისტრაციაში პოლიტიკურ ძალას (ზოგიერთი - არაერთ ძალასაც) წარმოადგენდა და ახლანდელ არჩევნებზე კი პროფესიული ნიშნით შეირჩა. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა შერჩევის პროცესზე განცხადება გაავრცელა აგრეთვე "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ" (ISFED). ორგანიზაციის დამკვირვებლებს საუბნო კომისიების მომავალი წევრების ე.წ. "წინასწარი სიები" ხელში ჩაუვარდათ რამდენიმე ოლქში. მათ საშუალება ჰქონდათ, მოგვიანებით ეს სიები შეედარებინათ შერჩეული წევრების სიებთან და რიგ შემთხვევაში თითქმის აბსოლუტური დამთხვევა აღმოეჩინათ. ამ საკითხზე "დილის საუბრებში" სატელეფონო ჩართვისას აღნიშნა ISFED-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მიხეილ ბენიძემაც. მან აგრეთვე ილაპარაკა ორგანიზაციის მიერ მომზადებულ მეორე შუალედურ ანგარიშში აღნუსხულ წინასაარჩევნო პერიოდის დარღვევებზე.

XS
SM
MD
LG