Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლინას ლინკიავიჩუსი: დამნაშავემ პასუხი უნდა აგოს


ლინას ლინკიავიჩუსი
ლინას ლინკიავიჩუსი

ევროკავშირმა მკაცრად დაგმო რუსეთისა და სირიის მიერ მეამბოხეთა ხელში მყოფი ქალაქ ალეპოს, მეამბოხეთა დაკავებული არეალების, დაბომბვა. ამ ოპერაციებს „შეიძლება ომის დანაშაულის“ შეფასება მიეცეს, – ნათქვამია17 ოქტომბერს ლუქსემბურგში შეკრებილი ევროკავშირის 28-ვე წევრი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ განცხადებაში. თუ კიდევ რა მნიშვნელოვანი მესიჯები ჰქონდათ ევროკავშირის მინისტრებს, გთავაზობთ რამდენიმე ფრაგმენტს ინტერვიუდან, რომელიც ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრ ლინას ლინკიავიჩუსთან ლუქსემბურგში ჩაწერა ჩვენმა სპეციალურმა კორესპონდენტმა, რიკარდ იოზვიაკმა.

გადმოწერა

მიუხედავად გარკვეული მოლოდინებისა, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთის მიმართ დამატებითი სანქციების შემოღებაზე იმსჯელებდნენ, სირიაში მოსკოვის ქმედებების გამო, ორშაბათს ლუქსემბურგში შეკრებილი ევროპელი მინისტრები მხოლოდ ერთობლივი განცხადებით შემოიფარგლნენ. „ასეთი წინადადება ევროკავშირის არც ერთ ქვეყანას არ წარმოუდგენია“, – განაცხადა ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკურმა ლიდერმა ფედერიკა მოგერინიმ 17 ოქტომბერს ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე. ამასთან, როგორც გაირკვა, სირიის გამო, რუსეთისათვის ახალი სანქციების შემოღებაზე ევროკავშირის შიგნით არ არსებობს კონსენსუსი, რაც ჩვენს რადიოსთან ინტერვიუში ლიტვის ელჩმა ლინას ლინკიავიჩუსმაც დაადასტურა.

მეორე მსოფლიოს ომის დასრულების შემდგომ, შესაძლოა, ეს იყოს ყველაზე საშინელი ჰუმანიტარული კატასტროფა. გამიზნული დაბომბვა საავადმყოფოებისა თუ სხვა სამოქალაქო ინსტიტუტებისა (სირიაში) ნამდვილად არის დანაშაული და მისმა ჩამდენმა პასუხი უნდა აგოს...
ლინას ლინკიავიჩუსი

ლიტველი დიპლომატი იმ არცთუ ისე მრავალრიცხოვან ევროპელ პოლიტიკოსებს მიეკუთვნება, ვინც ფიქრობს, რომ სანქციები არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ბერკეტი რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად. იგი მოელის, რომ ევროკავშირის სამიტზე, რომელიც 20 სექტემბერს გაიმართება, უფრო კონკრეტული გადაწყვეტილება იქნება მიღებული.

„პირველ ყოვლისა, მინდა, მეტი ცვლილება დავინახო ამ პოლიტიკაში, რადგან ჩვენ სულაც არ ვამაყობთ რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციებით, სულაც არ მოგვწონს უხეში ენა. ეს (სანქციები) უკანასკნელი საშუალებაა, როცა არ გისმენენ და შენს მინიშნებებსაც არაფრად აგდებენ. სამწუხაროდ, ვერ ვხედავ, რომ ვითარება იცვლებოდეს, რაც არაერთხელ მითქვამს კიდეც: შეუძლებელია, იყო აგრესორი უკრაინაში და მშვიდობის დამცველი სადმე სხვაგან. ეს ეჭვგარეშეა და ამიტომ ისინიც კი კარგავენ მოთმინებას, ვისაც სჯეროდა რუსეთთან კონსტრუქციული თანამშრომლობის; ისინიც კი ბრალს სდებენ რუსეთს სამხედრო დანაშაულის ჩადენაში. სხვათა შორის, ეს ძალიან მძიმე ბრალდებებია და დამატებითი სანქციების შემოღებაზე მსჯელობა არ არის ჩვენი ინიციატივა, თუმცა, ჩემთვის გასაგებია ეს ინიციატივა და ჩვენ მას განვიხილავთ. პირველ ყოვლისა, მნიშვნელოვანია, ვითარება შევაფასოთ ადეკვატურად, სინამდვილეზე დაყრდნობით და არ ვიხელმძღვანელოთ სასურველის რეალობად წარმოჩენის სურვილით. სინამდვილე კი ძალიან სამწუხაროა. მეორე მსოფლიოს ომის დასრულების შემდგომ, შესაძლოა, ეს იყოს ყველაზე საშინელი ჰუმანიტარული კატასტროფა. გამიზნული დაბომბვა საავადმყოფოებისა თუ სხვა სამოქალაქო ინსტიტუტებისა (სირიაში) ნამდვილად არის დანაშაული და მისმა ჩამდენმა პასუხი უნდა აგოს“, – აცხადებს ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკიავიჩუსი, „რადიო თავისუფლების“ სპეციალურ კორესპონდენტ რიკარდ იოზვიაკთან ინტერვიუში.

თუმცა, ლიტველი დიპლომატი იმ პრობლემაზეც ამახვილებს ყურადღებას, რასაც აწყდება საერთაშორისო თანამეგობრობა და, უპირველესად, გაერო, სადაც რუსეთი ვეტოს უფლებით სარგებლობს და ძირს უთხრის საერთაშორისო ინსტიტუტებისადმი რწმენას.

ჩვენი კორესპონდენტის შეკითხვაზე, თუ რა შეცდომა დაუშვა, თავის მხრივ, ევროკაშირმა რუსეთთან ურთიერთობაში, ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლინას ლინკიავიჩუსმა, საქართველოსა და უკრაინის ასოცირების შეთანხმებისა და სავიზო ლიბერალიზების საკითხში „ყოყმანი“ დაასახელა.

მაინც ვერ ვახერხებთ, ბოლომდე მივიყვანოთ უკრაინასთან ასოცირების შეთანხმება. აქ ჩამორჩენა გვაქვს. ამდენად, დროის აღქმა ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირისათვის, რათა მან კვლავ შეძლოს უნარიანად გაუმკლავდეს მომავალ გამოწვევებს, დროულად და ქმედითად იმოქმედოს...
ლინას ლინკიავიჩუსი

„ევროკავშირმა, რომელიც 28 წევრისაგან შედგება, [რუსეთთან მიმართებით] შესაძლებლობის ფარგლებში, ყველაფერი გააკეთა. აქ არის განსხვავებული პოზიციები და შეხედულებები, მაგრამ ძლიერები მაშინ ვართ, როცა რაიმეს გაკეთებას ერთობლივად გადავწყვეტთ. სწორედ ესაა გადაწყვეტილების რეალური ძალა. მაგრამ პრობლემა გადაწყვეტილებამდე მისვლაა, ზოგჯერ ამაზე დიდი დრო იხარჯება, უმნიშვნელოვანეს რამეებს ხშირად დიდი დაგვიანებით ვაკეთებთ. ზოგჯერ კი, გულწრფელად რომ ვთქვათ, ინიციატივას ხელიდან ვუშვებთ. მაგალითად, ნაცვლად იმისა, რომ ერთი წლის წინ გადაგვეწყვიტა (საქართველოსა და უკრაინისთვის) უვიზო მიმოსვლის საკითხი, ჩვენ მხოლოდ ახლა ვფიქრობთ, მივცეთ თუ არა ეს შეღავათი ქართველებსა და უკრაინელებს. ეს სწორი არ არის. ან ავიღოთ ასოცირების შესახებ შეთანხება. რა თქმა უნდა, ეს შეთანხმებები მუშაობს. მათ მოაქვს დამატებითი შემოსავალი, და არა – მხოლოდ სიმბოლური. მას პრაქტიკული მნიშვნელობაც აქვს. და ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკა, ეს ფულიცაა, ესაა ვაჭრობა, მაგალითად. მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობამ გააორმაგა ვაჭრობა უკრაინასთან, რაც მეტად მნიშვნელოვანი შედეგია. მაგრამ მაინც ვერ ვახერხებთ, ბოლომდე მივიყვანოთ უკრაინასთან ასოცირების შეთანხმება. აქ ჩამორჩენა გვაქვს. ამდენად, დროის აღქმა ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირისათვის, რათა მან კვლავ შეძლოს უნარიანად გაუმკლავდეს მომავალ გამოწვევებს, დროულად და ქმედითად იმოქმედოს...“ – აცხადებს ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკიავიჩუსი, „რადიო თავისუფლების“ სპეციალურ კორესპონდენტ რიკარდ იოზვიაკთან ინტერვიუში. ეს ინტერვიუ, გავიმეორებთ, ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომის წინ ჩაიწერა ჩვენმა კოლეგამ. სხდომამ მიიღო ერთობლივი განცხადება, რომელშიც წერია, რომ სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის რეჟიმისა და მისი მოკავშირის, რუსეთის მიერ წამოწყებული საჰაერო ოპერაციის ინტენსივობა და მასშტაბი აშკარად არაპროპორციული იყო. განცხადების თანახმად, იერიშების სამიზნე გახდა სამოქალაქო ობიექტები, საავადმყოფოები, სამედიცინო პერსონალი, სკოლები და სხვა მნიშვნელოვანი ობიექტები, ცალკეულ საბრძოლო ოპერაციებში ასევე ხდებოდა კასრული და კასეტური ბომბების, ქიმიური იარაღის მოხმარება.

20 ოქტომბერს ევროკავშირის საბჭოს სამიტზე იმსჯელებენ სირიისა და მისი მოკავშირეების მიმართ ახალი სანქციების შემოღებაზე. თუმცა, ევროკავშირის ქვეყნებს შორის, როგორც ლინას ლინკიავიჩუსმა უთხრა „რადიო თავისუფლებას“, რუსეთის მიმართ დამატებითი სანქციების შემოღების თაობაზე კონსენსუსი არ არსებობს.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG