Accessibility links

logo-print

რამდენიმე დღის წინ Frontline Georgia-ს კლუბში შედგა ნინო გოგუას დოკუმენტური ფილმის ჩვენება. „მადონა“ - ასე ჰქვია ფილმს, რომელიც მუნიციპალური ტრანსპორტის ერთადერთი მძღოლი ქალის ამბავს გვიამბობს. როგორია ცხოვრობდე პატრიარქალურ გარემოში და იყო ქალი, რომელიც კაცის საქმეს აკეთებს? ვინ აწესებს ამ ნორმებს და რა შედეგი მოაქვს გენდერული როლიდან გადახვევას? ფილმის რეჟისორს მარიამ შავგულიძე ესაუბრა.

რადიო თავისუფლება: ნინო, როგორ გაგიჩნდათ ფილმის გადაღების იდეა და როგორ იპოვეთ მადონა?

ნინო გოგუა: „მადონა ვიპოვე 2012 წელს სრულიად შემთხვევით, როდესაც ვმუშაობდი ჟურნალ „ლიბერალისთვის“ თბილისში ტრამვაის სისტემის აღდგენის ინიციატივაზე. ვეძებდი ტრამვაის გადარჩენილ ვაგონს, ასევე - ყოფილ ვატმანებს. მოვხვდი ავჭალაში, სადაც თავის დროზე ტრამვაის დეპო იყო. ამ დეპოს უკან, დაახლოებით 10 მეტრში, ტრამვაის ყოფილი ადმინისტრაციული შენობა იყო. ახლა იქ ის ვატმანები ცხოვრობენ, რომლებიც საბჭოთა კავშირის დროს ტრამვაიზე მუშაობდნენ. ერთ-ერთი მათგანი იყო მადონა“.

რადიო თავისუფლება: რატომ არსებობს საქართველოში ასეთი დიფერენციაცია - ქალის სამუშაო და კაცის სამუშაო? საერთოდ, როგორია საზოგადოების დამოკიდებულება ასეთი ადამიანებისა და ქალების მიმართ, რომლებიც არ ირჩევენ ქალის სამსახურს?

ნინო გოგუა: „ფილმის ავტორებისთვის მთავარი გამოწვევაა კითხვის ნიშანი დაუსვას ძალიან მკაცრად და, როგორც წესი, პატრიარქალურ​ი ღირებულებების შესაბამისად, დაყოფილ გენდერულ და სოციალურ როლებს. სადღაც გენდერული როლიდან გადახვევისთვის ადამიანს ქოლავენ და მნიშვნელობა არ აქვს, ეს ქალია თუ კაცი. სადღაც აგინებენ, სადღაც არც არაფერს ეუბნებიან, მაგრამ ასეთ ადამიანებთან თავს კომფორტულად არ გრძნობენ ან არ იმეგობრებენ მათთან და არც თავის შვილს უსურვებენ იყოს ასეთი. ჩვენს შემთხვევაში, რასაც ამ რეალობიდან ვიღებთ, სამწუხაროდ, არის ის, რომ, პირველ რიგში, ქალების და ასევე კაცების შემთხვევაშიც, ერთნაირად არის უგულებელყოფილი ადამიანის ინდივიდუალური მისწრაფებები. როგორც ქალი, რომელიც აკეთებს კაცურ საქმეს, ზუსტად ასევე კაცებიც, რომლებიც აკეთებენ ვითომდა ფემინურ საქმეს, ან არიან ფემინურები, ან აქვთ ფემინური მისწრაფებები, ყოველთვის არიან ზეგავლენის, ზეწოლის და აგრესიის მსხვერპლნი. ამიტომ ვფიქრობ, რომ ამით ვკარგავთ ინსპირირებულ სულებს, რომლებსაც სურთ რაღაცის გაკეთება“.

რადიო თავისუფლება: რა იყო თვითონ მადონას მოტივი ფილმში მონაწილეობისთვის? ფიქრობდა თუ არა, რომ ამით მას იმ პროცესში შეეძლო წვლილის შეტანა, რასაც მსგავსი ტაბუების რღვევა ჰქვია?

ნინო გოგუა: „მადონას ფილმში მონაწილეობის მოტივი იყო რამდენიმე. ერთ-ერთი, ალბათ, იყო ის, რომ ადამიანებმა ის, როგორც განსაკუთრებული ქალი, შეამჩნიონ. ხაზს ვუსვამ: არა მხოლოდ განსაკუთრებული ადამიანი, არამედ განსაკუთრებული ქალი. წლებია მუშაობს ამ სამსახურში და მისი პროფესიულად შესრულებული საქმისთვის აგრესია უფრო მიუღია, ვიდრე რამე წამახალისებელი ან დადებითი. ავტობუსის მძღოლობა შედის იმ პროფესიათა რიცხვში, რომელიც ძალიან სოციალური პროფესიაა. თვითონ მადონასაც განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს ამ საქმისა და მგზავრებისადმი. იმისდა მიუხედავად, იცნობს თუ არა, სულ ცდილობს კომფორტი შეუქმნას მათ. ამიტომ ვფიქრობ, მადონას აქვს მოლოდინი, რომ ეს პროფესიაც დასაფასებელია და ეს ფილმი შეიძლება ყოფილიყო ინსტრუმენტი ამის მოსაპოვებლად. ამასთან, ის ძალიან შეჩვეული იყო ცნობადობას, რომელსაც საბჭოთა მედია ქმნიდა, ეს იყო მედლები, ფოტოები და სტატიები გმირი ქალის შესახებ. ეს ყველაფერი სრულიად გაქრა საბჭოთა კავშირის დანგრევასთან ერთად და შეიძლება ამის მიმართაც შემორჩა ნოსტალგია“.

რადიო თავისუფლება: ფილმი ევროპულ ფესტივალებზეც აჩვენეს. როგორი იყო უცხოური საზოგადოების დამოკიდებულება? არის თუ არა ეს თემა მათთვისაც ისევე მტკივნეული, როგორც ეს საქართველოში შეიძლება იყოს?

ნინო გოგუა: „ისმის ხოლმე ასეთი კითხვა: აი, ჩვენ გვაქვს ასეთი ქვეყანა, საქართველო, ტრადიციულად პატრიარქალური, და ევროპა, თითქოს, ერთი შეხედვით, წინ არის წასული. მაგრამ მექანიზმი, რომელზეც ეს ფილმი ლაპარაკობს დ არა კონკრეტული შემთხვევები, მგონია, რომ საერთოა მსოფლიოს უმეტესი კულტურებისთვის. შეიძლება მძღოლობის გამო არა, მაგრამ სულ სხვა პროფესიის სხვა ადამიანს აქვს იგივე მექანიზმის პრობლემა. შეიძლება იმავე ტიპის პრობლემა აქვს კაცსაც. ეს მაყურებლის ინტერესებზეა დამოკიდებული - რა სურს, რომ ამ ფილმიდან დაინახოს, რამდენად უნდა, რომ ეს ყველაფერი გამოიყენოს როგორც იგავი, რომელშიც შიძლება A, B, C, ძროხა, აქლემი ან ცხვარი შეიცვალოს, მაგრამ მექანიზმი, რომლითაც ჩვენი რეალობა მუშაობს, იგივე დარჩეს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG