Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბურების ფერმები საქართველოში


სამხრეთაფრიკელი ბური ფერმერების მიერ საქართველოს სოფლის მეურნეობის სფეროში ინვესტიციის ჩადების საკითხი კვლავაც აქტუალურია. ამჟამად საქართველოში იმყოფება ტრანსვაალის მიწათმოქმედთა ასოციაციის გენერალური მენეჯერი, რომელიც საინვესტიციო პროექტებისათვის შესაბამის პირობებს ეცნობა. ბურები საქართველოში ფერმების შექმნით არიან დაინტერესებულნი. მათი პირველი დელეგაცია საქართველოს ჯერ კიდევ გასული წლის შემოდგომაზე სტუმრობდა.
ბურებისათვის საქართველო შესაძლოა აღთქმული ქვეყანა გახდეს...

ქართულ სოციალურ ქსელებში უკვე ასე ხუმრობენ: ”დაბურული" სოფლის მეურნეობა გადაარჩენს საქართველოსო?..

სამხრეთაფრიკელი ჟურნალისტი კრის ბიშოპი კი თავის რეპორტაჟს ბურების საქართველოში შესაძლო დასახლების შესახებ ასე იწყებს:

„ბურებისათვის საქართველო შესაძლოა აღთქმული ქვეყანა გახდეს“.

ძველჰოლანდიურ ენაზე სიტყვა ”ბურ” გლეხს ნიშნავს. ბურები, იგივე აფრიკანერები, სამხრეთ აფრიკაში გადასახლებული ჰოლანდიელი გლეხების შთამომავლები არიან და შესაძლოა მათი გარკვეული ნაწილი მალე საქართველოში დასახლდეს. ეს ინფორმაცია ჯერ კიდევ გასული წლის ზაფხულში გავრცელდა, როდესაც სახელმწიფო მინისტრმა დიასპორების საკითხებში პაპუნა დავითაიამ სამხრეთ აფრიკიდან სამშობლოში ბურ ფერმერებთან გაფორმებული მემორანდუმი ჩამოიტანა, რომლის ერთ-ერთი მუხლი ბური ფერმერების მიერ მათი ბიზნესის საქართველოში წამოწყებას ეხება.

მაშინ პაპუნა დავითაიამ ბრიტანულ გამოცემა The Independent-ისათვის მიცემულ ინტერვიუში ასევე თქვა:

”ხელისუფლებას იმედი აქვს, რომ საუკეთესო ფერმერების და მათი ცოდნა-გამოცდილების იმპორტი სოფლის მეურნეობას და მეღვინეობას კრიზისიდან გამოიყვანს. საქართველოს აგრარული სექტორი ღრმა კრიზისშია: სოფლის მეურნეობის სფეროში საქართველოს მოსახლეობის 40%-ია დასაქმებული. ამავე დროს, ადგილობრივი აგროპროდუქციის წილი საქართველოს მთლიან შიდა პროდუქტში 8%-ია და ის შიდა ბაზრის მოთხოვნის მხოლოდ 12%-ს აკმაყოფილებს”.
შესაძლოა ისეთი ფერმა გაკეთდეს, რომ ისინი იყვნენ მფლობელები და მენეჯმენტიც მათი იყოს, მაგრამ საკუთარი ქვეყნიდან მართავდნენ...

ამ საკითხის გარშემო ბევრი კითხვა დაგროვდა. რა სარგებელი ექნება საქართველოს სოფლის მეურნეობას, რამდენი ოჯახი გეგმავს საქართველოში ჩამოსვლას, სად და რა ფასად შეიძენენ ისინი მიწებს?

დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე, ნიკა ავალიანი, განმარტავს, რომ საქართველოში ბურების ფერმების მსგავსი ასი ფერმაც რომ გაკეთდეს, სოფლის მეურნეობის წილი მთლიან შიდა პროდუქტში მნიშვნელოვნად გაიზრდება. ავალიანი ასევე ამბობს, რომ მცდარია ინფორმაცია, თითქოს იგეგმება ბურების მასობრივი ჩამოსახლება საქართველოში:

”შესაძლოა ისეთი ფერმა გაკეთდეს, რომ ისინი იყვნენ მფლობელები და მენეჯმენტიც მათი იყოს, მაგრამ საკუთარი ქვეყნიდან მართავდნენ, ანუ აქ არ იცხოვრონ და ისე მართონ ბიზნესი. ეს ინვესტორის არჩევანზეა. არ არსებობს ასეთი ფორმულა, რომ ერთი ფერმა უდრის ხუთი სამხრეთაფრიკელი ბურის ჩამოსახლებას. ეს ტერმინიც - ჩამოსახლება - არასწორადაა მედიის მიერ შერჩეული და 40 000 ოჯახის ჩამოსვლაც არარეალურია. უბრალოდ, იქ არის 40 000 კომერციული ფერმერი. მედიამ აიტაცა, თითქოს 40 000-ვე ჩვენ მოგვყავს, რაც სიმართლე არ არის“.
ჩვენ სწავლება კი არა, ტექნიკა გვჭირდება, მეთესლეობა უნდა განვითარდეს, ბაზრის მოძიებაში უნდა დაგვეხმარონ, ახალი ტექნოლოგიები გაგვაცნონ...

რაც შეეხება სოფლის მეურნეობის დარგებს, რომელთა განვითარებასაც ბურები მოჰკიდებენ ხელს, „არის სიმინდის მოყვანა, მესაქონლეობა; ცხვრის ფერმების გაკეთება უნდათ... ისეთ სფეროებშიც აქვთ ინტერესი, რომლებშიც მათ გამოცდილება არა აქვთ”.

ქართველ ფერმერებს ბური კოლეგების შრომისმოყვარეობასა და წარმატებულ ბიზნესში ეჭვი არ შეაქვთ, თუმცა ამბობენ, რომ ქართველ გლეხებს მაგალითების ჩვენება კი არა, დახმარება სჭირდებათ.

”ჩვენ სწავლება კი არა ტექნიკა გვჭირდება, მეთესლეობა უნდა განვითარდეს, მეცნიერება ჩაერთოს ამ ამბავში, ბაზრის მოძიებაში უნდა დაგვეხმარონ, ახალი ტექნოლოგიები გაგვაცნონ... ასე მცირიმიწიან საქართველოში, არ ვიცი რამდენად სწორი გადაწყვეტილებაა, სხვები ჩამოყვანა აქ, როცა ამდენი მიგრანტი გვყავს.. კი, ჩამოვიდნენ, რაც არ ვიცით, გვასწავლონ, მაგრამ ეგრეც არ არის საქმე, რომ ჩვენ არაფერი ვიცით და მათ უნდა გვასწავლონ ყველაფერი”, - გვეუბნება ფერმერი კახეთის რეგიონიდან, დავით ლომიძე.
მე არ მინდა, რომ საქართველოში ჩამოვიდე და ახალი სამხრეთი აფრიკა შევქმნა იქ. თუ წამოვალ, მეც ქართველი ვიქნები...

ეკონომიკის საკითხების ექსპერტი სოსო არჩვაძე კი მიიჩნევს, რომ უფრო უპრიანი იქნებოდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში სანიმუშო მეურნეობების მოწყობა, რომელთაც ქართველი ფერმერები გაუძღვებოდნენ:
ჯერჯერობით ცნობილი არ არის რამდენი ბური ფერმერი გადაწყვეტს საქართველოში ბიზნესის აწყობას, როდის დაიწყება მიგრაციის პროცესი და პირველ ეტაპზე რამდენი ოჯახი ჩამოვა საქართველოში. თუმცა კრის ბიშოპთან ინტერვიუში ერთ-ერთ ფერმერს ასეთი განწყობა აქვს:

”მე არ მინდა, რომ საქართველოში ჩამოვიდე და ახალი სამხრეთი აფრიკა შევქმნა იქ. თუ წამოვალ, მეც ქართველი ვიქნები”.

საქართველოს რამდენიმე რაიონში უკვე მიდის მიწის ლაბორატორიული კვლევა და, როგორც ნიკა ავალიანი აცხადებს, პირველი სამხრეთაფრიკული ფერმის მფლობელებსაც უახლოეს მომავალში უნდა ველოდეთ.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG