Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ იქცნენ პრესცენტრები აუღებელ ციხესიმაგრეებად?


ქართველი ჟურნალისტების ნაწილი უკვე დიდი ხანია ჩივის, რომ სახელმწიფო სტრუქტურების პრესსამსახურებისგან საჯარო ინფორმაციას გაჭირვებით ან საერთოდ ვერ იღებენ, რის გამოც საგაზეთო სტატია თუ ტელე-რადიო სიუჟეტი ხშირად დაუბალანსებელი გამოდის. ჟურნალისტები ამბობენ, რომ პრესცენტრები სამინისტროების და სხვა სახელმწიფო უწყებების დამცავ ფარებად გადაიქცნენ და ყველანაირად ცდილობენ კრიტიკულ შეკითხვებზე პასუხს თავი აარიდონ. პრესცენტრების ხელმძღვანელები ამ შენიშვნას არ იღებენ და აცხადებენ, რომ ქართულ მედიაში არაპროფესიონალები ჭარბობენ და ხშირად მათ არაკომპეტენტურ კითხვებზე პასუხის გაცემისგან განგებ იკავებენ თავს. შედეგი კი ერთია: საზოგადოებას, უმრავლეს შემთხვევაში, მისთვის საინტერესო საკითხებზე არასრულყოფილი ინფორმაცია მიეწოდება.
მერიის პრესსამსახური ყოველთვის პასუხობს ტელეფონს, მაგრამ სხვა საკითხია, რამდენად ამომწურავია მათი პასუხი ...

ყოველდღიურ გაზეთ ”რეზონანსის” ჟურნალისტს ლანა ბერიძეს დღეში სულ ცოტა ორ-სამ პრესცენტრთან უწევს ურთიერთობა და, უმრავლეს შემთხვევაში, ინფორმაციის მოპოვების მცდელობა უშედეგოდ სრულდება. შესაბამისი პირი ან ტელეფონს არ იღებს, ან კონკრეტულ დროს ითხოვს და ამ დროის გასვლის შემდეგ ტელეფონს აღარ პასუხობს, ან ამბობს, რომ ეს საჯარო ინფორმაცია არ არის, ხანაც მიწოდებული ინფორმაცია იმდენად მწირი და უშინაარსოა, რომ ჟურნალისტს მისი გამოყენება მხოლოდ მასალაში ბალანსის საჩვენებლად უწევს. ლანა ბერიძეს ძალიან ხშირად ჰქონია შეგრძნება, რომ სახელმწიფო სტრუქტურებს, უბრალოდ, არ აღელვებთ რას დაწერს თავისუფალი მედია და რომ მათთვის მთავარია თავიანთთვის მისაღები ინფორმაცია რამდენიმე კონკრეტული ტელევიზიით გაშუქდეს - თან ისე, როგორც მათ ესიამოვნებათ. ”რეზონანსის” ჟურნალისტი, საკუთარ დაკვირვებაზე დაყრდნობით, რამდენიმე უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მუშაობას ასე ახასიათებს:

“მერიის პრესსამსახური ყოველთვის პასუხობს ტელეფონს, მაგრამ სხვა საკითხია, რამდენად ამომწურავია მათი პასუხი. როდესაც მისალმების შემდეგ ითხოვ ისეთ ინფორმაციას, რომელიც მათთვის არ არის სასურველი, ამ ინფორმაციას უკვე ”ბლოკავენ”. რაც ეხება შსს-ს, მანდ საერთოდ არ პასუხობენ ტელეფონს და, რაც უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ, ერთადერთი, ვინც გვპასუხობს, ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი შოთა უტიაშვილია. პრესცენტრის ხელმძღვანელთან ზურაბ გვენეტაძესთან დაკავშირება პრაქტიკულად შეუძლებელია. თუ აიღო და მოასწარი უთხრა რა გაინტერესებს, გეტყვის, რომ ერთ საათში დაურეკო და მერე უკვე აღარ გიპასუხებს. სასჯელაღსრულების სამინისტროს პრესცენტრის პასუხი, მე მრჩება შთაბეჭდილება, იმაზეა დამოკიდებული, როგორ ხასიათზეა და ა.შ...“

ლანა ბერიძის შეფასებით, უფრო ადვილია პირადად დაეკონტაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის რომელიმე მოადგილეს, მესიჯი მისწერო და სთხოვო კომენტარი, ვიდრე დაუკავშირდე ამ უწყების პრესცენტრს:
ზარალდება საზოგადოება, რომელიც მუდმივად ვერ იღებს ინფორმაციას, არ იცის რა პოზიცია აქვს ამა თუ იმ სახელმწიფო უწყებას ...

”საგარეოს პრესსამსახური აუღებელი ციხესიმაგრეა, რომელიც არასოდეს ტელეფონს არ იღებს. როდესაც შემდეგ საუბრობენ პროფესიონალიზმის არსებობაზე და იმაზე, რომ თურმე ჟურნალისტები ვერ იძიებენ ინფორმაციას, სწორედ აქედან გამომდინარეობს. როცა უწყება ჩაკეტილია წლობით, ბუნებრივია, რომ მე გამიჭირდება ინფორმაციის მოპოვება და ჩემს მასალაში მუდმივად იქნება, რომ ამა და ამ უწყებამ კომენტარისგან კიდევ ერთხელ შეიკავა თავი...”

ეჭვი, რომ პრესსამსახურის თანამშრომლებს ამის გამო შენიშვნას არავინ მისცემს და ეს მათ უშუალო უფროსობასთანაა შეთანხმებული, ლოგიკურად ჩნდება. მათ იციან, ამბობს ლანა ბერიძე, რომ ამისათვის არავინ დაისჯება. ერთადერთი, ვინც ამ ამბავში ზარალდება, აუდიტორიაა:

” ზარალდება საზოგადოება, რომელიც მუდმივად ვერ იღებს ინფორმაციას, არ იცის რა პოზიცია აქვს ამა თუ იმ სახელმწიფო უწყებას, რომლის პირდაპირი მოვალეობაა ხალხს ელაპარაკოს.”

კიდევ უფრო გართულებულია ინფორმაციის მოპოვება რეგიონალურ მედიაში. ჟურნალისტი მაია მეცხვარიშვილი, რომელიც წლები რედაქტორობდა იმერეთში გამომავალ ”ახალ გაზეთს”, დღეს კი ინტერნეტგამოცემა ”ნეტგაზეთის” რედაქტორია, ამბობს, რომ შსს-ს, პროკურატურის და სხვა ძალოვანი სტრუქტურების ჩაკეტილობა უკვე აღარავის უკვირს. ჟურნალისტური გამოძიების შემთხვევაში, ინფორმაციის მიღება პრაქტიკულად გამორიცხულია. მას ის უფრო აკვირვებს, რატომ ჩაიკეტა ისეთი სტრუქტურა, როგორიცაა განათლების სამინისტრო:

”მართლა გასაოცარი ტენდენცია დაამკვიდრა განათლების სამინისტრომ ბოლო პერიოდში. მე არ ვიცი, ამ ორგანიზაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური თუ თანამშრომლობს რომელიმე მედიასაშუალებასთან. ჩვენ რამდენჯერაც არ უნდა მივმართოთ მათ, ოფიციალურად თუ ტელეფონით, ვერასდროს პასუხს ვერ ვიგებთ.. გვქონია შემთხვევები, როდესაც გამოვითხოვეთ საჯარო ინფორმაცია, ვერ მივიღეთ, გავასაჩივრეთ, დაგვიკმაყოფილეს საჩივარი და ინფორმაცია მაინც არ მოგვაწოდეს.“

მაია მეცხვარიშვილს არა აქვს პასუხი კითხვაზე, კიდევ რა მექანიზმების გამოყენება შეუძლიათ ჟურნალისტებს, რომლებიც კითხვებს სვამენ, იმ ფონზე, როცა არ მუშაობს კანონი და არ არსებობს პოლიტიკური ნება პრესცენტრებმა ითანამშრომლონ თავისუფალ მედიასთან. მაიასაც, მისი კოლეგების მსგავსად, უჩნდება ეჭვი, რომ კონკრეტულ სამინისტროებში არსებობს პირდაპირი მითითება - არ უპასუხონ არასასურველ მედიას არასასურველ კითხვებზე:

”ალბათ, არსებობს დავალება პირველი პირისგან, რომ არ გაიცეს არანაირი საჯარო ინფორმაცია. და, შესაძლოა, არის კვალიფიკაციის პრობლემაც. ვრეკავთ, ვეკითხებით, პასუხი არა აქვთ. ვრეკავთ მეორე, მესამე დღეს, პასუხი ისევ არ არის.”

სხვათა შორის, ეს არ არის მხოლოდ ეჭვი. მედიის მიმართ ჩინოვნიკების ამგვარ აგდებულ დამოკიდებულებაზე პირად საუბრებში ლაპარაკობენ ის ყოფილი ჟურნალისტები, რომლებიც სახელმწიფო სამსახურების პრესცენტრებში წავიდნენ. სამწუხაროდ, მათ ამის ღიად დაფიქსირება დღეს არ შეუძლიათ.
ვინც მიკავშირდება და ინტერესს გამოთქვამს, ყოველთვის ადეკვატურ პასუხს იღებს ...

რატომ ხდება, რომ პრესცენტრების თანამშრომლები ჟურნალისტების მიმართ თავაზიანობას ავლენენ მხოლოდ მაშინ, როდესაც რომელიმე სახელმწიფი პროგრამის გაშუქება ხდება საჭირო და უპასუხოდ ტოვებენ მედიას სხვა შემთხვევებში? ჩვენ დავინტერესდით, მაგალითად, შსს პრესცენტრის ხელმძღვანელის ან განათლების სამინისტროს ხელმძღვანელისთვის რას ნიშნავს პრესცენტრის უფროსობა და მათთან დარეკვა ვცადეთ.

არც ერთმა ჩვენს ზარს ამჯერად არ უპასუხა.

გარკვეული ხნის შემდეგ გვიპასუხა სასჯელაღსრულების სამინისტროს პრესცენტრის უფროსმა თეა სუხიშვილმა, რომელსაც მის მიმართ გამოთქმული პრეტენზიები გავაცანით:

”ვინც მიკავშირდება და ინტერესს გამოთქვამს, ყოველთვის ადეკვატურ პასუხს იღებს. ხშირად ხდება, რომ მე არ ვარ სამინისტროში, დაწესებულებაში ვარ, ან ტელეფონი მაქვს გამორთული, მაგრამ ასეთ დროს ერთი ადამიანი მაინც არის პრესცენტრში, ვისაც პასუხის გაცემა შეუძლია.”

კრიტიკა მიუღებელია მერიის საზოგადოებასა და მედიასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, თამარ ქურხაშვილისთვისაც:

მათ უნდათ იმწამსვე მიიღონ პასუხი ისეთ საკითხებზეც კი, რომელიც, ელემენტარულად, დაზუსტებას მოითხოვს ...
”ვერ დავეთანხმები ამ ბრალდებებს. ერთ საათში დარეკვა შესაძლოა ვთხოვოთ მხოლოდ მაშინ, თუ ძალიან კონკრეტული საკითხია გასარკვევი, რომ სადღაც რომელიღაც უბანში რაღაც ობიექტის გარშემო დასმული კითხვები, თორემ, სხვა მხრივ, ჩვენ მუდამ ღია ვართ ყველასათვის. მთელი ჩვენი ჯგუფი მომართულია, რომ ინფორმაცია იყოს საჯარო და მოსახლეობამ მაქსიმალურად მოკლე დროში ჟურნალისტების დახმარებით მიიღოს ინფორმაცია.”

ეკონომიკის სამინისტრო პასუხს არ იძლევა სახელმწიფო საიდუმლოს მოთხოვნის შემთხვევაში, გვეუბნება პრესცენტრის ხელმძღვანელი, ყოფილი ჟურნალისტი თეა ბოლქვაძე. მისი სამსახური დროს ითხოვს, თუ ინფორმაცია მოსაძიებელია. სხვა შემთხვევაში ეკონომიკის სამინისტრო უარით არავის ისტუმრებს, გამონაკლისების გარდა, ამბობს თეა ბოლქვაძე:

”ძალიან ხშირად ჟურნალისტები რეკავენ, სვამენ კითხვას და არც გელოდებიან რას პასუხობ, მაშინვე იწერენ. მათ უნდათ იმწამსვე მიიღონ პასუხი ისეთ საკითხებზეც კი, რომელიც, ელემენტარულად, დაზუსტებას მოითხოვს. ვთქვათ, 2004 წელს გაყიდულ რომელიმე შენობაზე აინტერესებთ რაღაც დეტალი ან სხვა.. ან თუ უპასუხებ, რომ ამ საკითხზე სასამართლოშია სარჩელი და ეკონომიკის სამინისტროს პრეროგატივა არ არის პასუხი, ეს მათთვის უკვე უარს ნიშნავს. ზოგჯერ აძლევ კომენტარს და წერენ მხოლოდ ნაწილს და არა ბოლომდე. არადა, ხშირად არასრულყოფილად დაწერილი ინფორმაცია სულ სხვა შინაარსს იღებს. ამიტომაა, რომ ასეთ დროს ჩვენც გვიჩნდება პროტესტის გრძნობა და ასეთ ჟურნალისტს აღარ გინდა უპასუხო. ეს ორმხრივი უნდობლობაა. ცოტა მეტი პასუხისმგებლობით რომ მოეკიდოს ორივე მხარე, მაშინ შეიძლება შედეგის მიღწევა და პრესსამსახურიც სხვანაირად მოეკიდება მათ.”

ჟურნალისტები კი აცხადებენ, რომ თავისუფალი მედია არ ნიშნავს მხოლოდ იმას - წერო ის, რაც გინდა. თავისუფალი მედია ნიშნავს, არ დაგიმალონ სახელმწიფო სტრუქტურებმა საჯარო ინფორმაცია.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG