Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორუფციის თემა პარლამენტში და მის ფარგლებს გარეთ


13 მარტს საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გაგრძელდა მწვავე დებატები კორუფციის თემაზე, ანუ პროცესი, რომელიც 28 თებერვალს, პრეზიდენტის საპარლამენტო გამოსვლის შემდეგ, დაიწყო. ფრაქციის ”ერთობა სამართლიანობისთვის” წარმომადგენლებმა, პრეზიდენტისა და მისი გარემოცვის კორუფციული კავშირების დადგენის მიზნით, რამდენიმე ინიციატივა წამოაყენეს, რასაც ერთიანი ძალისხმევით დაუპირისპირდნენ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები.

შინაგან საქმეთა მინისტრი, იუსტიციის მინისტრი და მთავარი პროკურორი - ეს იმ თანამდებობის პირთა ჩამონათვალია, რომლებთან საუბარსაც კორუფციის თემაზე ფრაქცია ”ერთობა სამართლიანობისთვის” სამთავრობო საათის ფორმატში ითხოვს. პარალელურად, ფრაქციის წარმომადგენელი, ”ქართული დასის” ლიდერი ჯონდი ბაღათურია საქართველოს პრეზიდენტს ტელედებატებში ეპატიჟება და სთავაზობს, რომ წყნარ ვითარებაში გაგრძელდეს მათ შორის 28 თებერვალს დაწყებული უმწვავესი კამათი. მოკლედ გავიხსენოთ, რომ პრეზიდენტის საპარლამენტო გამოსვლის შემდეგ ჯონდი ბაღათურიამ მიხეილ სააკაშვილი, მისი ოჯახის წევრები და გარემოცვა კორუფციაში დაადანაშაულა, რის შემდეგაც პრეზიდენტმა მას მანდატურების თანხლებით ”ტალახის აბაზანების” მიღება შესთავაზა და ”კარგად დაზელას” დაჰპირდა.

ამ საბჭოს მუშაობის გამჭვირვალობა ნამდვილად ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს, ვინაიდან არც ერთხელ ჩვენ არ მოგვისმენია ამ საბჭოს მუშაობის შედეგები ...
დიმიტრი ლორთქიფანიძე
დეპუტატი ბაღათურია თავისას არ იშლის და, ტელედებატების გარდა, ხსენებული ფაქტების დასადასტურებლად სპეციალური საპარლამენტო კომისიის შექმნასაც ითხოვს:

”პარლამენტში შეიქმნას ანტიკორუფციული კომისია საგამოძიებო უფლებებით, რომელიც გამოიძიებს პრეზიდენტის, მისი ოჯახის წევრთა, მისი გარემოცვისა და მთავრობის უმაღლეს თანამდებობის პირთა კორუფციულ შავ ბიზნეს-საქმიანობას.”

სახელისუფლებო კორუფციის ფაქტების არსებობაზე 13 მარტს ოპოზიციური ფრაქციის თავმჯდომარემ დიმიტრი ლორთქიფანიძემაც ილაპარაკა და ”სისტემურ დონეზე მნიშვნელოვანი ანტიკორუფციული კამპანიის” დაწყებაც დააანონსა. დეპუტატ ლორთქიფანიძეს არასაკმარისად მიაჩნია საქმიანობა 2008 წელს დაარსებული უწყებათშორის საკოორდინაციო ანტიკორუფციული საბჭოსი, რომელსაც საქართველოს იუსტიციის მინისტრი ხელმძღვანელობს და რომელიც ძირითადად სახელმწიფო უწყებათა წარმომადგენლებისგან შედგება:

”ამ საბჭოს მუშაობის გამჭვირვალობა ნამდვილად ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს, ვინაიდან არც ერთხელ ჩვენ არ მოგვისმენია ამ საბჭოს მუშაობის შედეგები და უნდა აღინიშნოს, რომ, 2010 წლის განახლებული დებულების თანახმად, ეს საბჭო ანგარიშვალდებულია მხოლოდ მთავრობისა და პრეზიდენტის წინაშე.”

იუსტიციის სამინისტროს ოფიციალურ ვებსაიტზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, ხსენებული 23-კაციანი საკოორდინაციო საბჭო, სადაც მხოლოდ 5 არასამთავრობო ორგანიზაციაა წარმოდგენილი, ძირითადად ორიენტირებულია ”ანტიკორუფციული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განახლებასა და მათი შესრულების კონტროლზე, საერთაშორისო ორგანიზაციების წინაშე ანგარიშების კონტროლზე, შესაბამისი საკანონმდებლო საქმიანობის ინიცირებასა და რეკომენდაციების მომზადებაზე.” საგულისხმოა, რომ საბჭო უფლებამოსილი არ არის რეაგირება მოახდინოს კორუფციის ამა თუ იმ გამოვლინებაზე.

სამუშაო პროცესს ”ეფექტურს” ვერ უწოდებს ხსენებული საკოორდინაციო საბჭოს ერთ-ერთი წარმომადგენელი, ”საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური. იმის გარდა, რომ შეხვედრები ინტენსიურ ხასიათს არ ატარებს, მიუღებელია ნაჩქარევი პროცესებიც.

”უკმაყოფილო ვართ იმიტომ, რომ ძალიან ხშირად ერთი დღით ადრე გვიგზავნიან შუალედურ ანგარიშებს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის შესრულებასთან დაკავშირებით და ჩვენ არ გვაქვს იმის დრო, რომ დავსხდეთ და თავიდან ბოლომდე შევისწავლოთ ეს დოკუმენტი და ჩვენი მოსაზრებები წარვადგინოთ სხდომაზე. ანუ ერთი დღე 40-გვერდიანი დოკუმენტის შესასწავლად და კითხვების მოსამზადებლად ნამდვილად არ არის საკმარისი”, - ეუბნება ეკა გიგაური რადიო თავისუფლებას.
რიგით ადამიანებს შეხება არა აქვთ კორუფციასთან... ამას ყველა კვლევა ადასტურებს, რომ ადამიანებს არა აქვთ შეხება კორუფციასთან ...
გოკა გაბაშვილი

დავუბრუნდეთ პარლამენტის დარბაზს. 13 მარტს წამოყენებული ინიციატივების გამო დიმიტრი ლორთქიფანიძემ და მისმა თანაფრაქციელმა ჯონდი ბაღათურიამ, შეიძლება ითქვას, საპარლამენტო უმრავლესობის რისხვა დაიმსახურეს. კოლეგებმა მათ უწოდეს ”სუბიექტები”, ”ინდივიდები” თუ ბიძინა ივანიშვილის ”კასტინგში მონაწილე” ოპოზიციონერები, რომლებსაც პოლიტიკური მომავალი არა აქვთ. უმრავლესობის წარმომადგენლები დარწმუნებით აცხადებენ, რომ საქართველოში კორუფციის პრობლემა პრაქტიკულად აღარ არსებობს და რომ ოპოზიციონერი დეპუტატების უსაფუძვლო აქტიურობა პოლიტიკური ქულების დაწერის მიზნით არის ნაკარნახევი. მაგალითად, უმრავლესობის ლიდერი პეტრე ცისკარიშვილი ამბობს, რომ ვარდების რევოლუციამდე, როდესაც პრეზიდენტი და მისი გარემოცვა მართლაც აკონტროლებდა სხვადასხვა სფეროებს - იქნებოდა ეს კომუნიკაციები თუ ენერგეტიკის სფერო, შედეგიც აშკარად ჩანდა: სახელმწიფო ბიუჯეტი იყო 12-ჯერ მცირე მასშტაბის, პენსია 14 ლარს არ აღემატებოდა, არ იყო ელექტროენერგია, გაზი და ბევრი რამ აკლდა ხალხს.

”თქვენ გინდათ, რომ იმდროინდელი საქართველო შეადაროთ დღევანდელ საქართველოს და გაავლოთ რაღაც პარალელები და ანალოგიები. რა თქმა უნდა, ეს არ გამოგივათ, რადგანაც დღეს საქართველოში პრაქტიკულად ეს პრობლემები დაძლეულია და მოგვარებულია”, - უთხრა ოპოზიციონერ კოლეგებს პეტრე ცისკარიშვილმა.

ე.წ. ელიტური კორუფციის არსებობას გამორიცხავს უმრავლესობის წარმომადგენელი გოკა გაბაშვილიც და მისი ამგვარი დასკვნა შემდეგნაირ ლოგიკურ მსჯელობას ემყარება:

”რიგით ადამიანებს შეხება არა აქვთ კორუფციასთან... ამას ყველა კვლევა ადასტურებს, რომ ადამიანებს არა აქვთ შეხება კორუფციასთან... თუ ქვედა ფენას არა აქვს შეხება კორუფციასთან, საშუალო ფენას არა აქვს შეხება კორუფციასთან, შეუძლებელია უმაღლესი ეშელონი იყოს კორუმპირებული... იმიტომ, რომ თევზი ყოველთვის ყარს თავიდან...”

საერთაშორისო კვლევებით მართლაც დასტურდება, რომ საქართველოში საყოფაცხოვრებო დონეზე ხალხს კორუფცია აღარ აწუხებს. თუმცა ფაქტია ისიც, რომ საუბარი არ წყდება პრობლემების არსებობის შესახებ უფრო მაღალ ეშელონებში, რადგანაც კორუფცია მხოლოდ ქრთამის აღებმიცემობა არ არის და რომ თანამდებობის ბოროტად გამოყენებაც კორუფციაა.

უმრავლესობის წარმომადგენლებმა სრულიად უყურადღებოდ დატოვეს დიმიტრი ლორთქიფანიძის მოსაზრებები ალტერნატიული ანტიკორუფციული საბჭოს მხარდაჭერის თაობაზე. დეპუტატი გულისხმობდა პოლიტტექნოლოგიების კვლევის ცენტრის ხელმძღვანელის კახი კახიშვილის ინიციატივას, შეიქმნას მუდმივმოქმედი ანტიკორუფციული საბჭო, მასში არასამთავრობო და სამთავრობო სექტორების თანაბარი ჩართვით. შესაძლებელია ამჟამად არსებული საბჭოს რესტრუქტურიზებაც, თუმცა ის არა იუსტიციის მინისტრს, არამედ პრეზიდენტს უნდა ექვემდებარებოდეს, ისევე როგორც ეს ვარდების რევოლუციამდე იყო.

”საზოგადოებაში ძალიან ხშირად ისმის საუბარი ელიტურ კორუფციაზე და, მათ შორის, დეპუტატების მხრიდან. თუ მიაჩნია ხელისუფლებას, რომ ეს არის ცარიელ ჭიქაში ატეხილი ქარიშხალი, არ უნდა იყოს პრობლემა ამ საბჭოს შექმნა... ანდა იმ საბჭოში, რომელიც ამჟამად არსებობს, პარიტეტის პრინციპით გააფართოონ არასამთავრობო ორგანიზაციების წრე და ერთხელ და სამუდამოდ მივიღებთ პასუხს - არის თუ არა ჩვენთან კორუფციის პრობლემა”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას კახი კახიშვილი.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG