Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტმა მთავრობას ნდობა გამოუცხადა


101 მომხრე, 16 წინააღმდეგი - ასეთი შედეგით დასრულდა კენჭისყრა და 20 მარტს საქართველოს პარლამენტმა რიგგარეშე სხდომაზე ნდობა გამოუცხადა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას. კონსტიტუციის მოთხოვნის შესაბამისი ამგვარი აუცილებლობა გაჩნდა მას შემდეგ, რაც, პარლამენტში მთავრობის შემადგენლობის ბოლო დამტკიცების შემდეგ, კერძოდ კი, გასულ კვირაში, მე-7 მინისტრი შეიცვალა. გავიხსენოთ, რომ გასულ კვირაში შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პოსტზე ანდრია ურუშაძის ნაცვლად ზურაბ ჭიაბერაშვილი დაინიშნა. რა ვითარებაში გამოუცხადა ნდობა პარლამენტმა მთავრობას?

პრემიერ-მინისტრს, 16 მინისტრსა და 3 სახელმწიფო მინისტრს პარლამენტმა ნდობა დაახლოებით 6-საათიანი მსჯელობის შემდეგ გამოუცხადა და ეს ნდობა ასევე ვრცელდება სამთავრობო პროგრამაზე - ”ერთიანი საქართველო სიღარიბის გარეშე”, რომელიც დეპუტატებს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა წარუდგინა. მან საკმაოდ დიდი დრო დაუთმო სამთავრობო პროგრამის სოციალურ-ეკონომიკურ ნაწილს, რომელიც მთავრობის 10-პუნქტიან გეგმას ეფუძნება და რომლის უმთავრეს მიზანსაც, მისი თქმით, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა წარმოადგენს. თუმცა პრემიერ-მინისტრმა გამოსვლა მაინც საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე საუბრით დაიწყო. მან თქვა, რომ დეოკუპაცია კვლავაც რჩება ქვეყნის უმაღლეს მიზნად, თუმცა წარმატებული საგარეო პოლიტიკა ასევე უმნიშვნელოვანესია ქვეყნის ეკონომიკური წინსვლისთვის, რადგანაც ეს მეტ ტურისტს, მეტ ინვესტიციას და მეტი სამუშაო ადგილის შექმნას ნიშნავს.

რაც შეეხება ქვეყნის გეოსტრატეგიულ მნიშვნელობას, პრემიერ-მინისტრის თქმით, თუკი საქართველო სულ რამდენიმე წლის წინ ”სატრანზიტო დერეფნის ფუნქციით” კმაყოფილდებოდა, ამჟამად ეს უკვე ცოტაა საქართველოსთვის და ქვეყანას დღეს უკვე აქვს ”რეგიონალური ცენტრის” ფუნქცია:

”რეგიონალური ცენტრი, როგორც საინვესტიციო რეგიონალური ცენტრი, სავაჭრო რეგიონალური ცენტრი, ლოგისტიკური რეგიონალური ცენტრი, ტურისტული რეგიონალური ცენტრი... და ცენტრის ფუნქცია, რა თქმა უნდა, დამატებით სტრატეგიულ მნიშვნელობას ჰმატებს ქვეყანას, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნის პერსპექტივას ჰმატებს ქვეყანას და, რა თქმა უნდა, დამატებით უსაფრთხოების მომენტს ჰმატებს ჩვენს ქვეყანას.”
არ არის რეალიზებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება აშშ-თან, ნატოში გაწევრიანება ან კიდევ რუსული ბაზრის გახსნა ...
ნიკა გილაური

კიდევ ერთი როლი, რომელიც, პრემიერ-მინისტრის თქმით, ბოლო პერიოდში მიენიჭა საქართველოს, ეს ”რეფორმების ექსპორტიორის” როლია და ეს, უპირველეს ყოვლისა, კორუფციასთან წარმატებული ბრძოლის დამსახურებაა.

ნიკა გილაური ამბობს, რომ საერთაშორისო პოლიტიკის თვალსაზრისით მთავარი პოზიტიური შესაძლებლობები ჯერ არ არის რეალიზებული და ამ კუთხით სახელდება 4 ძირითადი ფაქტორი, რომლებსაც პრემიერ-მინისტრი ”საქართველოს ეკონომიკის ზრდის უდიდეს სტიმულს” უწოდებს:

”არ არის რეალიზებული ჯერ კიდევ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ევროკავშირთან, არ არის რეალიზებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება აშშ-თან, ნატოში გაწევრიანება ან კიდევ რუსული ბაზრის გახსნა. ეს ოთხივე საგარეო ეკონომიკური ფაქტორი ადრე თუ გვიან იქნება რეალიზებული უახლოეს მომავალში.”

ნიკა გილაურმა თქვა, რომ საქართველოს ეკონომიკამ უკვე დაძლია 2009 წელს გამწვავებული უმთავრესი ეკონომიკური პრობლემები, რაც რუსეთთან ომითა და მსოფლიო ეკონომიკური კრიზისით იყო განპირობებული. ეკონომიკური მაჩვენებლები შესაშური ტემპით იზრდება, თუმცა უმუშევრობა, პრემიერ-მინისტრის თქმით, კვლავაც რჩება ეკონომიკის ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად. მის მიერ მოყვანილი სტატისტიკის მიხედვით, გასული წლის სამი კვარტალის მაჩვენებლით, უმუშევრობა საქართველოში 15,2%-მდე შემცირდა. თუმცა, უკვე კითხვა-პასუხის ფორმატში, ქრისტიან-დემოკრატმა დეპუტატმა ლევან ვეფხვაძემ შეახსენა ნიკა გილაურს, რომ ვარდების რევოლუციამდე უმუშევრობის ოფიციალური მაჩვენებელი დაახლოებით 13%-ს შეადგენდა. მან ასევე აღნიშნა, რომ მთავრობამ ბოლომდე ამოწურა პრობლემების დაძლევის რესურსი.
აქ წარმოდგენილია მთავრობა, რომლის ძირითადი ფუნქციაა კორუმპირებული პრეზიდენტის კორუმპირებული რეჟიმის სამსახური და მისთვის უკანონოდ ძალაუფლების შენარჩუნება ...
ჯონდი ბაღათურია

შეიძლება ითქვას, რომ „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ წარმომადგენლები პრემიერ-მინისტრთან დებატების პროცესში განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდნენ. მაგალითად, პარტიის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ, რამდენიმე მცდელობის შემდეგ, მაინც აახსნევინა ნიკა გილაურს, რომ ახალი ჰესების მშენებლობის გეგმა ახლო პერსპექტივაში არ გულისხმობს ტარიფის შემცირებას ელექტროენერგიაზე, ხოლო ნიკოლოზ ლალიაშვილმა გამოთქვა მოსაზრება, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ ბოლომდე არასოდეს დაფასდება საქართველოში მიმდინარე რეფორმა, თუკი არ მოხდება პოლიციის დეპოლიტიზება და დემოკრატიული ინსტიტუტების სათანადო მშენებლობა.

მთავრობის მუშაობასთან მიმართებით მწვავე იყო ოპოზიციონერი დეპუტატების დიმიტრი ლორთქიფანიძისა და გურამ ჩახვაძის გამოსვლებიც, თუმცა ყველაზე მწვავე შეფასებები მაინც ოპოზიციონერი დეპუტატის ჯონდი ბაღათურიასგან ისმოდა:

”აქ წარმოდგენილია მთავრობა, რომლის ძირითადი ფუნქციაა კორუმპირებული პრეზიდენტის კორუმპირებული რეჟიმის სამსახური და მისთვის უკანონოდ ძალაუფლების შენარჩუნება; წარმოდგენილია მთავრობა, რომლის წევრთა უმრავლესობამ, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, წარმატებით კეთილმოაწყო თავისი ცხოვრება და გამდიდრდა ხალხისა და სახელმწიფოს გაღატაკების პირდაპირპროპორციულად. ”

დასმული აქცენტების გამო, დეპუტატ ბაღათურიას საკმაოდ მწვავედ დაუპირისპირდნენ უმრავლესობის წარმომადგენლები. თუკი, მაგალითად, მიხეილ მაჭავარიანმა მის საქციელში კვლავ ბიძინა ივანიშვილის ე.წ. კასტინგში მონაწილეობის მცდელობა დაინახა, პავლე კუბლაშვილმა ბაღათურიას უწოდა იგნორირების ღირსი ”უბედური მასხარა”, რომელსაც არავინ აძლევს ფულს ივანიშვილის შუშის სასახლიდან:

”ამ ადამიანზე ყურადღების გამახვილება არ შეიძლება. უბრალოდ, შეგვიძლია, ალბათ, რომ მივუსამძიმროთ მისი ასეთი მდგომარეობა და გადავიდეთ თემებზე, რაც ჩვენი საზოგადოებისთვის გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია.”

პავლე კუბლაშვილმა, ისევე როგორც საპარლამენტო უმრავლესობის სხვა არაერთმა წარმომადგენელმა, აბსოლუტურად მოიწონა მთავრობის მიერ უკვე გაკეთებული თუ გასაკეთებელი საქმეები. ისინი მუდმივად იმეორებდნენ, რომ წარმატებული რეფორმების პროცესის ბოლომდე ასევე წარმატებით მისაყვანად და ჯერ კიდევ დარჩენილ პრობლემებთან გასამკლავებლად, მთავრობის შემადგენლობას ნამდვილად ეკუთვნოდა ნდობის გამოცხადება. ამგვარი განწყობის ფონზე, 20 მარტის სხდომაზე უმრავლესობისთვის სასურველი შედეგის მიღება სულაც არ გაჰკვირვებია საპარლამენტო ოპოზიციას.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG