Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერგნეთის შეხვედრა - დავა ჯვრის გამო


ერგნეთის შეხვედრა - დავა ჯვრის გამო
please wait

No media source currently available

0:00 0:02:26 0:00
გადმოწერა
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის 38-ე შეხვედრას პირველად დაესწრო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახალი ხელმძღვანელი საქართველოში ტოივო კლაარი. ქართულ და ოსურ დელეგაციებთან შეხვედრისა და გაცნობის შემდეგ მედიის წარმომადგენლებისთვის შეხვედრა დაიხურა. 4 საათიანი შეხვედრის დასრულების შემდეგ ტოივო კლაარმა ჟურნალისტებთან პირველი კომენტარი გააკეთა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატს მნიშვნელოვანი უწოდა.

„ეს ჩემი პირველი შეხვედრაა. მე ვფიქრობ, რომ ეს საკმაოდ პროდუქტიული შეხვედრა იყო. მიმაჩნია, რომ ეს შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია კონკრეტული საკითხებისა და გამოწვევების განსახილველად, რათა კონკრეტული გადაწყვეტილებები მოიძებნოს“, -განაცხადა ტოივო კლაარმა.

ქართულმა მხარემ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართებისა და ღობეების მონტაჟის სამუშაოები კიდევ ერთხელ გააპროტესტა და ოსურ და რუსულ სასაზღვრო უწყებებს ამ სამუშაოების შეწყვეტა მოსთხოვა, თუმცა დე ფაქტო რესპუბლიკის დელეგაციის ხელმძღვანელმა ხოხ გაგლოითიმ განაცხადა, რომ ეს სამხრეთ ოსეთის შიდა საქმეა და საკითხი ამ ფორმატში განხილვას არ ექვემდებარება, რაზეც დისკუსია აღარ გაგრძელებულა. გარდა ამისა, ქართულმა მხარემ დაკავებულების გათავისუფლებისა და უგზო-უკვლოდ დაკარგულების მოძიების საკითხი დააყენა. ქართული მხარე აგვისტოს ომის შემდეგ ეძებს გაუჩინარებულ სამოქალაქო პირს გრიგოლ ნალბანდოვს და ოსურ მხარეს მის მოძიებას სთხოვს, დაკავებულთა შესახებ კი ქართული და ოსური მხარეების ინფორმაცია ერთმანეთს არ ემთხვევა. ამჟამად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ბოლო დროს დაკავებული საქართველოს 4 მოქალაქის გათავისუფლებას ითხოვს, ოსური დელეგაციის ხელმძღვანელი ხოხ გაგლოითი კი აცხადებს, რომ ბოლო დროს დაკავებული 6 ქართველიდან 5 უკვე გათავისუფლებულია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენლის კახა ქემოკლიძის თქმით, დაკავებულთა რაოდენობა ცხელი ხაზის მეშვეობით დაზუსტდება

ამა წლის 12 ოქტომბერს ადამიანთა გაურკვეველი ჯგუფი შემოვიდა სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე დაახლოებით 20 მეტრით, იქ 25-30 წუთი იმყოფებოდა და დააყენა ხის მოწყობილობა ჯვრის სახით. შეგნებულად დაარღვიეს სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვარი. ჩვენი აზრით, ეს ძალიან ულამაზოა...
ხოხ გაგლოითი
ოსური დელეგაციის ხელმძღვანელმა ხოხ გაგლოითიმ სოფელ დვანში ხის ჯვრის აღმართვა გააპროტესტა. მისი თქმით, ეს ჯვარი უცნობმა პირებმა სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე დააყენეს და იქ ეკლესიის აშენებას აპირებენ, თუმცა ცნობილია, რომ ჯვარი დგას მავთულხლართებიდან 5 მეტრის დაშორებით, მერაბ მეკარიშვილის დაშლილ სახლსა და იმ ტრაფარეტს შორის, რომელსაც სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა აწერია. ხოხ გაგლოითი აცხადებს, რომ იქ ეკლესია ვერ აშენდება, რადგან ტერიტორია სამხრეთ ოსეთს ეკუთვნის.

„ამა წლის 12 ოქტომბერს ადამიანთა გაურკვეველი ჯგუფი შემოვიდა სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე დაახლოებით 20 მეტრით, იქ 25-30 წუთი იმყოფებოდა და დააყენა ხის მოწყობილობა ჯვრის სახით. შეგნებულად დაარღვიეს სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვარი. ჩვენი აზრით, ეს ძალიან ულამაზოა. ეჭვი არ გვეპარება, რომ ადამიანებს, რომელთაც ეს ქმედება ჩაიდინეს, პოლიტიკური მოტივაცია ჰქონდათ. არანაირი რელიგიური და ზნეობრივი მოტივაცია ამაში არ ყოფილა“, - ამბობს ხოხ გაგლოითი.

განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებს დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების სამსახური, სადაც აღნიშნულია, რომ ჯვარი საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებულ ტერიტორიაზე აყენია და ადამიანებს, ვინც ეს გააკეთა, საზღვარი და მავთულხლართები არ გადაულახავთ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი კახა ქემოკლიძე გაგლოითის პასუხად აცხადებს, რომ ჯვარი სოფელ დვანის ტერიტორიაზე დგას, ის საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ იქ პროტესტის ნიშნად დააყენა და ამაში მას შინაგან საქმეთა სამინისტრო ხელს ვერ შეუშლიდა.

„ეს არის გასაგები, განსაკუთრებით იმ კონტექსტში, როდესაც ისინი საკუთარი თვალით ხედავენ, თუ როგორ გაუყვეს ადგილობრივ მოსახლეობას მიწები, საკარმიდამო ნაკვეთები, სახლები და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, შინაგან საქმეთა სამინისტრო აკეთებს ყველაფერს, რომ არ იქნეს სიტუაცია დაძაბული ან, გარკვეულწილად, არ მოხდეს ესკალაცია ადგილზე და ამას ჩვენ გავაგრძელებთ, მაგრამ ძალიან ძნელია ამაზე რაიმე არგუმენტირებული პასუხის გაცემა ჩვენი მხრიდან ამ ფორმატში დაგეგმილ შეხვედრებზე“, - აცხადებს კახა ქემოკლიძე.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა 15 ნოემბერს გაიმართება.
XS
SM
MD
LG