Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

თელავი ორ ნაწილად გაიყოფა


თელავი
თელავი
თელავი კახეთში ერთადერთი მუნიციპალიტეტია, რომელიც თვითმმართველი ქალაქის სტატუსს მიიღებს. თვითმმარველი ქალაქის სტატუსი მისაღებია ადგილობრივ საჯარო სამსახურებში დასაქმებული მოხელეების უმრავლესობისთვის, თუმცა განხილვის საგანია ის, თუ რამდენ ნაწილად დაიყოფა თვითმმართველი ქალაქის გარდა დარჩენილი ტერიტორიის ნაწილი.
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დიმიტრი ბოჭორიძე ამბობს, რომ მათ საკრებულოს რიგგარეშე სხდომა მოიწვიეს, სადაც სწორედ მუნიციპალიტეტის დაყოფის საკითხი განიხილეს. საკრებულოს სხდომას სამთავრობო კომისიიდან მოწვეული ექსპერტებიც ესწრებოდნენ და, როგორც დიმიტრი ბოჭორიძე ამბობს, უმრავლესობის გადაწყვეტილებით, თელავი ორ ნაწილად უნდა გაიყოს – თვითმმართველი ქალაქი თელავი და თელავის მუნიციპალიტეტის თემი, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება მაინც პარლამენტმა უნდა მიიღოს, სადაც თვითმმართველი ქალაქების დაყოფის საკითხი ჯერ პირველი მოსმენით არის მიღებული:

... „ასევე შემოგვთავაზეს ალტერნატიული წინადადებები, რომ თელავი გაყოფილიყო სამ ნაწილად, თუმცა მოწვეულმა ექსპერტებმაც და საკრებულოს წევრთა უმრავლესობამაც მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ უკეთესია ჩამოყალიბდეს თვითმმართველი ქალაქი თელავი და თელავის მუნიციპალიტეტის თემი“.

საკრებულოს გადაწყვეტილებას დადაებითად აფასებს "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" თელავის ორგანიზაციის თავმჯდომარე. ვანო გალახვარიძე ამბობს, რომ განიხილებოდა თელავის მუნიციპალიტეტის სამ ნაწილად დაყოფა, რაც მას გაუმართლებლად მიაჩნია. თუ რატომ, მიზეზებზე თავადვე საუბრობს:

„მთავარი პრობლემა ის არის, რომ დრო არ გვაქვს. თელავი,რომ რამდენიმე ნაწილად - თუნდაც 3 ნაწილად - გაიყოს, დამატებითი ადამიანური რესურსის მოძიებაა საჭირო, მათ გადამზადებაც უნდათ. გარდა ამისა, ეს დამატებით ფინანსურ რესურებს მოითხოვს. არაფერში მომზადებული არ ვართ და უკეთესი ვარიანტია ორ ნაწილად გაყოფა“.
ნებისმიერ თელაველს რომ შეეკითხოთ, ყველა გეტყვით, რომ მათთვის მისაღებია თელავის თვითმმართველ ქალაქად ჩამოყალიბება. მე მაინც მგონია, რომ ამ რეფორმის ყველაზე კარგი მომენტი დეცენტრალიზაციაა...
გიორგი მოსიაშვილი

თელავის თვითმმართველ ქალაქად ჩამოყალიბება მისაღებია კახა კუკავას პარტია „თავისუფალი საქართველოს“ წარმომადგენლის, გიორგი მოსიაშვილისთვისაც. ის მთავარ აქცენტს დეცენტრალიზაციაზე აკეთებეს და ამბობს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია, ადგილობრივი პრობლემები ადგილზევე მოგვარდეს:

„ნებისმიერ თელაველს რომ შეეკითხოთ, ყველა გეტყვით, რომ მათთვის მისაღებია თელავის თვითმმართველ ქალაქად ჩამოყალიბება. მე მაინც მგონია, რომ ამ რეფორმის ყველაზე კარგი მომენტი დეცენტრალიზაციაა. ადგილობრივი პრობლემები ადგილზევე უნდა გადაწყდეს. სოფელში თავად უნდა განსაზღვრონ საჭიროებები“.

თელავის ოთხ ნაწილად გაყოფა უნდა მომხდარიყო და ახლა მიღწეულია შეთანხმება, რომ ორ ნაწილად გაიყოს. ეს ყველასთვის მისაღებია, ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია "ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულთა ფინანსთა ასოციაციის" თავმჯდომარე ალექსი თეგერაშვილი:

„თელავის მუნიციპალიტეტი შეიძლება ორად გაიყოს. ჩემი აზრით, ქალაქი ამისთვის მზად არის. მანამდე ლაპარაკი იყო, რომ ოთხ ნაწილად უნდა გაყოფილიყო, რასაც მე პირადად არ ვეთანხმებოდი. ამ უკანასკნელს არ ეთანხმებოდა არც ადგილობრივი მთავრობა. ყველანაირად მოუმზადებლები ვიყავით“.

თვითმმმართველობის კოდექსში შესული ცვლილებების მიხედვით, საქართველოში სულ 7 თვითმმართველი ქალაქი შეიქმნება, რომელთაც არჩეული მერები და გამგებლები უხელმძღვანელებენ.
  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

XS
SM
MD
LG