Accessibility links

ნუცა თოხაძე "საპარტნიორო ფონდის" საქმიანობაზე


26 აგვისტოს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ნუცა თოხაძე, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ანალიტიკოსი. მან ილაპარაკა "საპარტნიორო ფონდის" საქმიანობის გამოკვლევაზე, რომელიც 25 აგვისტოს გამოქვეყნდა. ნუცა თოხაძემ მიმოიხილა ფონდის მონაწილეობით განხორციელებული და მიმდინარე პროექტები. "დილის საუბრების" სტუმარმა აღნიშნა, რომ მათი უმრავლესობა აკმაყოფილებს მიზანშეწონილობისა და გამჭვირვალების კრიტერიუმს. "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" კითხვები აქვს სამ პროექტზე. გამოკვლევის ავტორები თვლიან, რომ "საპარტნიორო ფონდის" - როგორც სახელმწიფო საინვესტიციო ფონდის მიერ პროექტებისა და პარტნიორების შერჩევის პროცესი სრულად გამჭვირვალე უნდა იყოს, რისთვისაც "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ხედვით, "საპარტნიორო ფონდს" უნდა ეკრძალებოდეს იმ იურიდიულ პირებზე სახსრების გაცემა, რომლებიც ოფშორულ ზონებში არიან რეგისტრირებული, ან ისეთ იურიდიულ პირებზე, რომელთა წილს ან აქციებს პირდაპირ ან ირიბად ფლობს ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირი. არასამთავრობო ორგანიზაცია აგრეთვე თვლის, რომ აუცილებელია, პროექტის მიზნებისთვის ნებისმიერი სამუშაოს შემსრულებელი პირის გამოვლენა სრულყოფილი ტენდერის გზით ხდებოდეს. 26 აგვისტოს "საპარტნიორო ფონდის" აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ განცხადებით უპასუხა "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს", რომელშიც იზიარებს გამოკვლევის ავტორთა მიერ "საპარტნიორო ფონდის" საქმიანობის შეფასების დადებით ნაწილს. კრიტიკულ ნაწილზე კი წაიკითხავთ:​ "კვლევაში გამოთქმულია ასევე, საპარტნიორო ფონდის სამ პროექტთან დაკავშირებით შენიშვნები, რომლებსაც არ ვიზიარებთ, თუმცა საზოგადოებისთვის განვმარტავთ: საპარტნიორო ფონდისა და ოფშორში დარეგისტრირებული კომპანიების პარტნიორულ ურთიერთობებთან დაკავშირებით ფონდი განმარტავს, რომ არცერთ ოფშორულ კომპანიაში ფონდი ინვესტირებას არ აკეთებს. ნებისიმერი პროექტის დაფინანსების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს პარტნიორისგან ადგილობრივი ერთობლივი კომპანიის დაფუძნება". "საპარტნიორო ფონდის" განცხადებაში სხვა შენიშვნებზეც არის არგუმენტები, რომლებსაც, თავის მხრივ, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ანალიტიკოსი ნუცა თოხაძე "დილის საუბრებში" პასუხობს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG