Accessibility links

logo-print

ტოივო კლაარი: „მთავარ გამოწვევად აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციული საზღვრები რჩება“


ტოივო კლაარი

ტოივო კლაარი

დეკემბერში ევროკავშირის სადამკვირებლო მისიის რიგით მესამე ხელმძღვანელის, ტოივო კლაარის, უფლებამოსილების ვადა იწურება. რა გამოწვევები შეხვდა მას, რას ფიქრობს კონფლიქტების მოგვარებაზე და რა შთაბეჭდილებით ტოვებს საქართველოს? ტოივო კლაარი ამის შესახებ რადიო თავისუფლების კორესპონდენტს მზია ფარესიშვილს ესაუბრა.

ტოივო კლაარი: „ მთავარი გამოწვევა იყო და არის აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციული საზღვრების არსებობა. ჩემი აქ ყოფნის დროს გამყოფ ხაზებზე უფრო გამკაცრდა რეჟიმი, გადაადგილება. ორივე მხრიდან გართულდა ადამიანებს შორის ურთიერთობა, რამაც კონფლიქტის მოგვარების გზაზე უფრო უკან დაგვწია. ეს არის მთავარი გამოწვევა მისიისთვის, მოსახლეობისთვის, რომელიც ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ ცხოვრობს, მთელი რეგიონისთვის“.

რადიო თავისუფლება: თქვენი წინამორბედი, ბატონი ტიშკევიჩი, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ „პერსონა ნონ გრატად“ გამოაცხადა. როდესაც თქვენ ის შეცვალეთ, გაჩნდა მოლოდინი, რომ, ერგნეთის მსგავსად, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, გალის შეხვედრებიც აღდგებოდა. არის თუ არა რაიმე ცვლილებები ამ მიმართულებით?

ტოივო კლაარი: „ მე 99 %-ით ვარ დარწმუნებული და იგივე მითხრეს აფხაზეთის დე ფაქტო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა: ეს ის საკითხი არ არის, რომელსაც რაიმე კავშირი შეიძლება ჰქონდეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან. ეს პოლიტიკური საკითხია, რომელზეც თბილისი და სოხუმი ვერ თანხმდებიან. ეს არის მიზეზი, რის გამოც გალის შეხვედრები არ განახლდა. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას შეუძლია მხოლოდ წაახალისოს მხარეები, რომ ჰქონდეთ რეალური მცდელობა ამ პროცესის განსაახლებლად. ჩვენი აზრით, ის, რომ გალის შეხვედრები არ იმართება, პრობლემაა. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ არ გვაქვს ხშირი ურთიერთობა დე ფაქტო ხელისუფლებასთან, რუსეთის მესაზღვრეებთან აფხაზეთში. სამხრეთ ოსეთის შემთხვევაში ჩვენ პირისპირ ვხვდებით ამ მხარის წარმომადგენლებს, რუს მესაზღვრეებს. ეს ამსუბუქებს ცხოვრებას, ჩვენს საქმიანობას. ერგნეთის შეხვედრები გარკვეული საკითხების გადაჭრის საშუალებას იძლევა, რაც გაცილებით ძნელი მოსაგვარებელია აფხაზეთში, რადგან პირდაპირი კონტაქტი არ არსებობს“.

რადიო თავისუფლება: ქართულ მხარეს ეჭვი არ ეპარება მისიის მნიშვნელობაში. რას ეტყოდით აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას, რატომ არის მნიშვნელოვანი ევროკავშირის მისიის დაშვება განდგომილ რეგიონებში?

ტოივო კლაარი: „ ვფქრობ, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ყოფნას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს 2008 წლის შემდეგ. იგი ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ მცხოვრებ მოსახლეობას უსაფრთხოების განცდას უქმნის, პირველ რიგში, საკუთარ სახლებში დაბრუნების პროცესში, შემდეგ კი - იქ ცხოვრებისთვის. ფაქტია, რომ მისიის აქ ყოფნა მსოფლიოს აძლევს საშუალებას გაიგოს, თუ რა ხდება ადმინისტრაციული საზღვრების გასწვრივ. ჩვენ რეგულარულად გადავცემთ ღობეების აღმართვის შემთხვევებს ადმინისტრაციულ საზღვარზე, სირთულეებს, რომელთაც ადამიანები აწყდებიან მათი გადაკვეთისას. დარწმუნებული ვარ აქ სამსახურით, ადგილზე არსებული სიტუაციის შესახებ ფართო საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდებით სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს ვასრულებთ. გარდა ამისა, ჩვენ ვმართავთ „ ცხელ ხაზს“, რომელიც აძლევს საშუალებას ყველა მხარის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებს გაცვალონ ერთმანეთში ინფორმაცია. ამ ფაქტს ყველა მიესალმება - საქართველოს ხელისუფლება, დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები სოხუმსა დ ცხინვალში, ისევე როგორც რუსეთის ფედერაციის მესაზღვრეები. „ ცხელი ხაზი“ იძლევა საშუალებას გადაიჭრას პატარა საკითხები, გაუგებრობები, რათა მათ უფრო დიდი დაძაბულობა არ მოჰყვეს. ხდება ინფორმაციის გაცვლა ადამიანების დაკავების შემთხვევაში. ჩვენ წარმატება გვქონდა ისეთი საკითხების მოგვარებაში, მაგალითად, როგორიცაა თბილისიდან ან ცხინვალიდან მოპარული მანქანის მიგნება. ვფიქრობ, ჩვენი, როგორც შუამავლების, როლი მნიშვნელოვანია არა მარტო მათთვის, ვინც უსაფრთხოების უზრუნველყოფით არის დაკავებული, არამედ მთლიანად მოსახლეობისთვის, რომელიც ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეს ცხოვრობს“.

რადიო თავისუფლება: საქართველოში დიდ შეშფოთებას იწვევს მოსკოვსა და სოხუმს შორის დადებული ხელშეკრულება (მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ). ეს განიხილება როგორც ნაბიჯი ანექსიისკენ,რომელიც რეგიონალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში ახალ გამოწვევებს შექმნის. თქვენ რას იტყოდით ამის თაობაზე?

ტოივო კლაარი: „ნებისმერი ქმედება გარე მოთამაშეების მხრიდან, რომელიც უფრო მეტად აშორებს მხარეებს, რა თქმა უნდა, ხელს არ უწყობს მოვლენების პოზიტიურ, კონსტრუქციულ განვითარებას. ყველა მოქმედი სუბიექტი - ევროკავშირი, რუსეთის ფედერაცია, აშშ - უნდა მუშაობდეს მხარეების დაახლოებაზე, თბილისს, სოხუმსა და ცხინვალს შორისშერიგების პროცესისთვის ხელის შეწყობაზე. ეგრეთ წოდებული „ხელშეკრულება“ კი ამ მიმართულებით მოძრაობაში არ გვეხმარება. ამავე დროს, ვფიქრობ, რომ ეს „შეთანხება“ შეიძლება იქცეს შესაძლებლობების „ ფართო ფანჯრად“, განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, პოლიტიკოსებისთვის თბილისსა და სოხუმში, რომელთაც ალტერნატიული განვითარება სურთ. ჩვენ შევიტყვეთ, რომ ბევრი დისკუსია, დემონსტრაციაც კი იყო სოხუმში ამ „ხელშეკრულების“ გამო. ვფიქრობ, ბევრი ადამიანია, რომელსაც მოვლენების ალტერნატიული განვითარება სურს. ეს შეიძლება გახდეს შესაძლებლობა ახალი ხედვის წარდგენის, თუ სად უნდა იყოს აფხაზეთი, როგორ შეიძლება არსებული კონფლიქტი თბილისისა და სოხუმის შერიგებით დასრულდეს, როგორ შეიძლება შეიქმნას ისეთი ვითარება, რომელშიც ყველა გარეშე მონაწილე - ევროკავშირი, რუსეთის მესაზღვრეები, შეიარაღებული ძალები - დატოვებს ტერიტორიას, აქ, ამ ტერიტორიაზე, აღარ იქნებიან წარმოდგენილნი“.

რადიო თავისუფლება: რა უნდა გააკეთოს საქართველომ, რომ ეს სიტუაცია შექმნას, გააუმჯობესოს?

ტოივო კლაარი: „როგორც ვთქვი, დარწმუნებული ვარ, რომ დღეს საქართველოს ხელისუფლებისთვის დადგა ის დრო, როცა შეიძლება წარმოაჩინოს თავისი მკაფიო ხედვა მომავლისა, რომელშიც ქართველები, აფხაზები, ოსები შეძლებენ ერთად ცხოვრებას. ის დროა, როცა შეიძლება მოიფიქროს რაღაც ახალი, კონკრეტული და არსებითი, რომელიც დაარწმუნებს აფხაზეთში მცხოვრებ ხალხს მის სინამდვილეში - ეს წინადადება უნდა მოდიოდეს საქართველოს ხელისუფლებისგან. ფაქტია, რომ მოსკოვის მიერ ინიცირებული ეგრეთ წოდებული ხელშეკრულება ხელს არ უწყობს კონფლიქტების მოგვარებას, მაგრამ მიმაჩნია, რომ სინამდვილეში ჩნდება ახალი შესაძლებლობა საქართველოს ხელისუფლებისთვის შეიმუშაოს პრინციპულად ახალი სტრატეგია“.

რადიო თავისუფლება: ამაში ევროკავშირისა და სხვა შუამავლების დიდი დახმარება დასჭირდება საქართველოს... ახლა სხვა რამეზეც ვისაუბროთ. თქვენ „თეთრი ლენტა“ გიკეთიათ ...“

ტოივო კლაარი: „თეთრი ლენტა“ იმის ნიშანია, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია შეუერთდა გენდერული ძალადობის წინააღმდეგ კამპანიას. ჩვენ ადგილზე სხვადასხვა ღონისძიებებს ვმართავთ. ამ სახის ძალადობასთან ბრძოლა მნიშვნელოვანია, რადგან ეს დიდ პრობლემას წარმოადგენს. ვცდილობთ ამ თემაზე ხმა აფხაზებს და ოსებსაც მივაწვდინოთ. ჩვენს ვებსაიტზე http://www.eumm.eu ახლა ინფორმაცია აფხაზურ და ოსურ ენაზეც არის ხელმისაწვდომი“.

რადიო თავისუფლება: შეგიძლიათ გაგვიზიაროთ, რა შთაბეჭდილებებით ტოვებთ საქართველოს?

ტოივო კლაარი: „პირველ რიგში, და, ალბათ, ეს საქართველოში ჩამოსულ ყველა ადამიანზე ახდენს შთაბეჭდილებას - ეს თქვენი ბუნებაა. ძალიან ლამაზია. ვფიქრობ, უკეთესად უნდა უვლიდეთ მას, ბევრგან არის გაბნეული ნაგვის პარკები. რა თქმა უნდა, სტუმართმოყვარეობა, რომელიც არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მთელი კავკასიისთვის არის დამახასიათებელი. განსაკუთრებით დამამახსოვრდა ერგნეთის რიგით 50-ე შეხვედრა. ოფიციალური შეხვედრის შემდეგ ყველამ - ქართველებმა, ოსებმა, რუსეთის წარმომადგენლებმა - სუფრასთან გადავინაცვლეთ. მე დავინახე ურთიერთობის მართლაც თბილი, გულითადი ატმოსფერო. და სადღეგრძელოები...ეს იყო გამოვლინება საერთო კულტურის, ცხოვრებისსაერთო აღქმისა. ეს ყველაფერი მიმაჩნია დიდ საფუძვლად შერიგებისთვის. ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეს ერთნაირად უყურებენ ცხოვრებას. ამ მხარეების გასაერთიანებლად კი ეს გამყოფი ხაზია ასაღები. ამისათვის საჭიროა პოლიტიკური სიმამაცე, პოლიტიკური ვალდებულება, რომელსაც ყველა მხარე აიღებს“.

XS
SM
MD
LG