Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წვევამდელები უკან - ჯარში


წვევამდელებს ჯარში ისევ უხმობენ. თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ 7 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე თქვა, თავდაცვის სამინისტროში სავალდებულო გაწვევა აღდგება, თუმცა შეცვლილი პირობებითო. ეს პროცესი, დაახლოებით, 5 თვით იყო შეჩერებული ყოფილი მინისტრის, თინა ხიდაშელის, გადაწყვეტილების შემდეგ.

ლევან იზორიამ თავდაცვის მინისტრად ყოფნის 100 დღე 7 ნოემბერს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე შეაფასა. სხვადასხვა საკითხთან ერთად მან ილაპარაკა სავალდებულო სამხედრო სამსახურის შესახებაც, რომელიც, მისი თქმით, ხუთთვიანი პაუზის შემდეგ ისევ ამოქმედდება:

წვევამდელები უკან - ჯარში
please wait

No media source currently available

0:00 0:04:17 0:00
გადმოწერა

„ისეთმა პატარა ქვეყნებმა, როგორიც საქართველოა, და რომლებმაც თავის დროზე სავალდებულო სამხედრო სამსახური შეაჩერეს, დღეს აღადგინეს. იმ ქვეყნებში კი, სადაც ეს სისტემა გაუქმებული იყო, აქტიურად საუბრობენ მის კვლავ შემოღებაზე“.

საქართველოში სამხედრო სამსახური არ გაუქმებულა. თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, თინა ხიდაშელმა, 2016 წლის 27 ივნისს გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც, შეჩერდა თავდაცვის სამინისტროში წვევამდელების მიღება, თუმცა ეს ცვლილება არ შეხებია შინაგან საქმეთა სამინისტროს, სასჯელაღსრულების სამინისტროსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს.

ეს არის ადამიანის იძულება, აკეთოს ის საქმე, რომელიც არ უნდა. ამასთანავე, ჩვენ ამ ადამიანს ბევრ რამეში ვაზარალებთ და ცხოვრებაში უკან ვაჩოჩებთ. ჩვენ მათ ვიყენებთ როგორც იაფ მუშახელს...
გუგა ჩაფიჩაძე

ახალი პოლიტიკური ცენტრი „გირჩი“ წინა მოწვევის პარლამენტში სამხედრო სავალდებულო გაწვევის გაუქმებას ითხოვდა, თუმცა თინა ხიდაშელის ეს გადაწყვეტილება მათ თავიდანვე ეჭვქვეშ დააყენეს და „პოლიტიკურ თამაშად“ შერაცხეს. პარტიის წევრი გუგა ჩაფიჩაძე ამბობს, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახური ქვეყანას არ სჭირდება:

„ეს არის ადამიანის იძულება, აკეთოს ის საქმე, რომელიც არ უნდა. ამასთანავე, ჩვენ ამ ადამიანს ბევრ რამეში ვაზარალებთ და ცხოვრებაში უკან ვაჩოჩებთ. ჩვენ მათ ვიყენებთ როგორც იაფ მუშახელს. დღეს საქართველოს სჭირდება ძლიერი, თანამედროვე არმია, რომელიც დაკომპლექტებული იქნება იმ ადამიანებით, რომლებიც თავისი სურვილით არიან ჩართულები ქვეყნის დაცვის პროცესში“.

„გირჩის“ წევრი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ წვევამდელებს სამხედრო სამსახურის პროცესში ხშირად უწევთ სხვადასხვა უწყებაში დარაჯად მუშაობა. სწორედ ამაზე ლაპარაკობს სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალ „არსენალის“ რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი, რომელიც სამხედრო სავალდებულო სამსახურის გაუქმებას ეწინააღმდეგება:

„სავალდებულო სამხედრო სამსახურის ჯარისკაცების ორი სერიოზული ფუნქცია იყო სადარაჯო სამსახური და ლოგისტიკური უზრუნველყოფა. როდესაც ისინი არმიაში აღარ იქნებიან, ამის გაკეთება მოუწევს კონტრაქტიან მომსახურეს იმის მაგივრად, რომ ის თავის დანაყოფთან ერთად საბრძოლო მზადყოფნას სრულყოფდეს“.

როგორც ირაკლი ალადაშვილი ამბობს, სწორედ ეს არის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა. და თუკი სახელმწიფო მოინდომებს სტრატეგიული ობიექტებისთვის სხვაგვარი დაცვის მექანიზმები შემოიღოს, ეს საკმაოდ დიდი თანხა დაუჯდება.

თინა ხიდაშელი
თინა ხიდაშელი

მინისტრ ლევან იზორიას გადაწყვეტილებას ფეისბუქზე გამოეხმაურა თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი. ის წერს, რომ „გაწვევის იმ ფორმას, რომელიც საქართველოში მოქმედებს, რამდენიმე ფუნდამენტური, დემოკრატიულ სახელმწიფოსთან არათავსებადი პრობლემა აქვს“:

ის სუბიექტურია და სოციალურად უსამართლოა;

ის ადამიანის შრომის გამოყენებას გულისხმობს ანაზღაურების გარეშე;

ის ახალგაზრდის იძულებაზეა დაფუძნებული და, შესაბამისად, სახელმწიფოს მოძალადედ აქცევს;

ის არ აძლევს ახალგაზრდას შესაძლებლობას დაგეგმოს თავისი მომავალი;

ის სახელმწიფო სახსრებს მიმართავს ღონისძიებისთვის, რომელსაც სახელმწიფოს / საზოგადოების ინტერესებისთვის შედეგი არ მოაქვს; უბრალოდ, ფლანგავს საბიუჯეტო რესურსს;

ქმნის თავდაცვის შემძლეთა რაოდენობრივ ილუზიას და, შესაბამისად, ასუსტებს საფრთხის გამკლავების სახელმწიფოს უნარებს".

ლევან იზორიამ ბრიფინგზე ილაპარაკა, ასევე, იმ ცვლილებების შესახებ, რომლებიც სავალდებულო სამხედრო გაწვევის სისტემაში იგეგმება. მათ შორის არის წვევამდელთა ხელფასის გაზრდა 50 ლარამდე და ის, რომ წლის განმავლობაში მათ მეტი საშვებულებო ვადა ექნებათ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG