Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა ასაკში უნდა შევიდეს ბავშვი სკოლაში?


განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გეგმავს გადახედოს 2010 წლის იმ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, მშობლის სურვილის შემთხვევაში, 5 წლის ასაკის ბავშვის სკოლაში მიღება შესაძლებელია. განათლების სამინისტრო, შესაბამისი კვლევების საფუძველზე, სკოლასთან არსებული ინფრასტრუქტურისა და ასევე ეროვნული სასწავლო გეგმის გათვალისწინებით, აპირებს შეიმუშაოს ახალი მიდგომა, თუმცა, როგორც სამინისტროში განმარტავენ, ჯერჯერობით ცნობილი არ არის, აიკრძალება 5 წლის ასაკის ბავშვების სკოლაში მიღება თუ სასწავლო გეგმაში შევა ცვლილება, რომელიც ამ ასაკის ბავშვებზე იქნება მორგებული. ცხადი მხოლოდ ის არის, რომ ცვლილებები მომავალი სასწავლო წლიდან შევა ძალაში.

განათლების სისტემა ან უფრო მოდიფიცირებული იქნება იმისათვის, რომ 5 წლის ასაკის ბავშვებმა დაიწყონ სწავლა, ან სამინისტრო მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ 6 წლის ასაკის ბავშვები მიიღონ სკოლაში. ასეთი გადაწყვეტილების მიღებას ცდილობს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ამბობს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური. მისი სიტყვებით, ამგვარი გადაწყვეტილების მიღებისაკენ სამინისტროს ორმა კვლევამ უბიძგა. ერთი - ეს არის 2011 წლის ანგარიში
გავითვალისწინოთ ამ ასაკის - 5 წლის ბავშვის - სოციალური და აკადემიური უნარ-ჩვევები, ასევე ფსიქიკური უნარ-ჩვევები, მისი მოტორიკის განვითარების დონე, გვაქვს თუ არა შესაბამისი ინფრასტრუქტურა მომზადებული, რაც სჭირდება ამ ასაკის ბავშვს...
ლია გიგაური
პირველკლასელთა სასკოლო მზაობის შეფასების შესახებ, რომელიც ეროვნული სასწავლო გეგმების შესაბამისად მომზადდა, და მეორე - ეს არის 5 წლის ასაკის მოსწავლეთა სწავლების პრობლემების კვლევა, რომელიც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა დაუკვეთა სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტს. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის ლია გიგაურის თქმით, ჯერჯერობით არანაირი კანონპროექტი ინიცირებული არ არის. ჯერ მხოლოდ აანალიზებენ კვლევების შედეგებს. ლია გიგაურის თქმით, მნიშვნელოვანია შემდეგი:

„გავითვალისწინოთ ამ ასაკის - 5 წლის ბავშვის - სოციალური და აკადემიური უნარ-ჩვევები, ასევე ფსიქიკური უნარ-ჩვევები, მისი მოტორიკის განვითარების დონე, გვაქვს თუ არა შესაბამისი ინფრასტრუქტურა მომზადებული, რაც სჭირდება ამ ასაკის ბავშვს და რამდენად განსხვავდებიან ის ბავშვები, რომლებიც საბავშვო ბაღიდან მოვიდნენ, იმათგან, რომლებიც პირდაპირ ოჯახიდან მოდიან სკოლებში, ანუ პრობლემების დამუშავება ხდება სხვადასხვა რაკურსით, რომ მივიღოთ შესაბამისი გადაწყვეტილება“.

იმის გამო, რომ 2010 წლიდან მშობელს შეუძლია 5 წლის ასაკის ბავშვის სკოლაში მიყვანა, წლევანდელი პირველკლასელების 11 პროცენტი 5-წლიანია. სამინისტროს იმ 600 მშობლის განცხადებაც ჰქონდა, რომლებიც 4 წლის ასაკის ბავშვების სკოლაში მიღებას ითხოვდნენ. არადა, კვლევებმა აჩვენა, რომ ხუთი წლის ბავშვს უჭირს 35 წუთის განმავლობაში ერთ ადგილას ჯდომა, მალე იღლება, ამბობს, რომ ეძინება, შია და თამაშს იწყებს. ასევე ვლინდება ჰიპერაქტიურობა, ყურადღების კონცენტრაცია 15 წუთს არ აღემატება, უჭირს დამარცვლით კითხვა, კალმის სწორად დაჭერა და ასოების გამოყვანა. ზოგადად, ხუთი წლის ბავშვს უჭირს სკოლის მიღება, რის გამოც საკმაოდ ბევრმა მშობელმა ბავშვი სკოლიდან გაიყვანა.

საქართველოში არსებული სასკოლო გარემო აბსოლუტურად არ არის მორგებული 5 წლის ასაკის ბავშვის ემოციური და ფიზიკური განვითარების თავისებურებებს, ამბობს ფსიქოლოგი მაია ცირამუა. მისი სიტყვებით, ამ ასაკის ბავშვისთვის უმთავრესია თამაშის გარემო. საქართველოს სკოლებში კი არის თამაშით სწავლების მეთოდიკა, მაგრამ ის არ განსხვავდება მაღალ კლასებში არსებული სასწავლო მოდელისგან. ამასთან, მაია ცირამუას სიტყვებით, მშობლებს სასკოლო მზაობის არასწორი გაგება აქვთ:

„ბავშვის სოციალური უნარები არ არის გათვალისწინებული, ემოციური მზაობა არ არის გათვალისწინებული და 200 ლექსის ცოდნაზე უფრო პრიორიტეტულია ბავშვს ჰქონდეს კარგად განვითარებული ნატიფი მოტორიკა, რაც ნაკლებად პრიორიტეტულია ჩვენი მშობლებისთვის. მათთვის უფრო მნიშვნელოვანია, ბავშვმა იცოდეს რაღაც ნაწყვეტები
მაია ცირამუა
მაია ცირამუა
„ვეფხისტყაოსნიდან“, რაც დიდი ძალისხმევისა და ძალადობის შედეგად აქვს ნასწავლი და აქაც მგონია, რომ პრობლემა გვაქვს, რადგან ჩვენ გვაქვს არასწორი წარმოდგენა იმაზე, თუ რას ნიშნავს სასკოლო მზაობა“.

საქართველოში არ ხდება იმის გამოკვლევა, თუ რა შედეგებს იძლევა 5 წლის ასაკში დაწყებული განათლება მაღალ კლასებში, ან, ჯანმრთელობის თუ ფსიქიკური თვალსაზრისით, რა გამოვლინებებს ვიღებთ ზრდასრულ ასაკში, ამბობს, „ვალდორფის თავისუფალი ბაღის“ აღმზრდელი ნათია რურუა. ამასთან, ნათია რურუას დაკვირვებით, სწორედ 5-დან 6 წლამდე პერიოდში ხდება ბავშვებში უმთავრესი მოტორიკული და კოგნიტური უნარების განვითარება:

„როგორ მიაქვს ამბავი, ჩემგან დაბარებული, სახლამდე და მერე უკან და რამდენად დროულად; როგორია მისი კონცენტრაციის უნარი, მოსმენის უნარი, ანუ რამხელა ზღაპრის მოსმენა შეუძლია 5 და 6 წლის ასაკში, ისევე როგორც თამაშში ეტყობათ მათ განვითარება, ანუ როგორ ექცევიან პატარებს. ეს იმის მაჩვენებელია, თუ რამდენად ყურადღებიანები არიან და თავის გარშემო არსებულ სოციუმს აღიქვამენ თუ არა. ეს მნიშვნელოვანია კლასში ყოფნისას, რომ ის არ იყოს მარტო და აღიქვას მთელი კლასი“.

პედაგოგებისა და ფსიქოლოგების აზრით, ის 1 წელი, რომელიც მშობლებს მოგებული ერთი წელი ჰგონიათ, ბავშვებისთვის თამაშისთვის წართმეული ერთი წელია, იმ თამაშისთვის, რომელიც მას უმთავრეს ემოციურ და ფანტაზიის უნარებს უვითარებს.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG