Accessibility links

logo-print

აშშ-ის სპეცსამსახურებმა ალ ყაიდის სავარაუდო ტერაქტი აღკვეთეს


აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ლეონ პანეტა

აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ლეონ პანეტა

აშშ-ის სპეცსამსახურებმა გამოააშკარავეს ტერაქტის გეგმა, რომელსაც იემენში ალ ყაიდის მოიერიშეები ამზადებდნენ. თეთრმა სახლმა დაადასტურა, რომ დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს თანამშრომლებმა ხელთ იგდეს ბომბი, რომელიც ანალოგიურია იმ მოწყობილობისა, რომლის აფეთქებასაც ცდილობდა 2009 წელს დეტროიტისაკენ მიმავალი თვითმფრინავის სალონში თვითმკვლელი უმარ ფარუკ აბდულმუტალაბი.

საშიში ტერორისტული შეთქმულების გამოაშკარავების შესახებ, როგორც ირკვევა, „ასოშიეიტედ პრესს“ ჯერ კიდევ გასულ კვირას ჰქონდა ინფორმაცია, მაგრამ მსოფლიოს ახალი ამბების სააგენტომ, თეთრი სახლისა და დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს თხოვნით, სპეცსამსახურების ოპერაციის დასრულებამდე თავი შეიკავა ინფორმაციის გამჟღავნებისაგან. გამოძიების ფედერალური ბიუროს ცნობით, ამჟამად მიმდინარეობს შესწავლა ასაფეთქებელი მოწყობილობისა, რომელიც, უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, „წააგავს იმ მოწყობილობას, რომლის აფეთქებასაც 2009 წელს დეტროიტისაკენ მიმავალი თვითმფრინავის სალონში ცდილობდა თვითმკვლელი უმარ ფარუკ აბდულმუტალაბი“. აშშ-ის სპეცსამსახურების თანამშომლებმა, რომლებიც აპრილიდან ადევნებდნენ თვალს სავარაუდო იემენელ ტერორისტს, მანამდე მოახერხეს ასაფეთქებელი მოწყობილობის ხელში ჩაგდება, ვიდრე თავდამსხმელი თვითმფრინავის ბილეთს შეიძენდა და მიზანში ამოიღებდა მფრინავ აპარატს. შესაბამისად, როდესაც კომენტარს აკეთებდა, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა განაცხადა, რომ საფრთხე თავიდან არის აცილებული:

„აღნიშნული მოწყობილობა, როგორც ჩანს, ვერ შეაფერხებდა სამოქალაქო ავიაციის მუშაობას, მაგრამ შეთქმულება, თავის მხრივ, ცხადყოფს, რომ ტერორისტები ცდილობენ და მომავალშიც შეეცდებიან შეიმუშაონ უდანაშაულო ადამიანების დახოცვის სასტიკი და ბინძური საშუალებები.“
აშშ მონაწილეობს რამდენიმე ოპერაციაში ალ ყაიდისა და მათი მოკავშირეების წინააღმდეგ, რომლებიც აშშ-ის საწინააღმდეგო ტერორისტული აქტების მოწყობას გეგმავენ. აღნიშნული ინციდენტი მოწმობს, რომ ჩვენმა ქვეყანამ უნდა შეინარჩუნოს სიფხიზლე იმათ მიმართ, ვინც ჩვენ წინააღმდეგ შეთქმულებას გეგმავს...

გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, შესაბამისი სტრუქტურები ჯერჯერობით არ ასახელებენ სავარაუდო ტერორისტის ვინაობას, თუმცა აშშ-ის ანტიტერორისტული უწყების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ თვითმკვლელი მოიერიშე იემენში იმყოფებოდა, ხოლო ასაფეთქებელ მოწყობილობას ბომბების ოსტატის, ჰასან ალ ასირის ან მისი რომელიმე მიმდევრის ხელწერა ეტყობა. თუკი ეს ინფორმაცია დადასტურდა, მაშინ ეს იქნება ალ ასირის მიერ აშშ-ის წინააღმდეგ გამიზნული ასაფეთქებელი მოწყობილობის შექმნის მცდელობა. ალ ასირი ცნობილია, როგორც შემქმნელი საცვლის ქვეშ დამონტაჟებული ბომბისა, რომლის მოქმედებაში მოყვანა ჰქონდა განზრახული 2009 წლის 25 დეკემბერს ნიგერიელ თვითმკვლელ უმარ ფარუქ აბდულმუტალაბს დეტროიტისაკენ მიმავალ სამგზავრო თვითმფრინავში. ალ ასირი ითვლება ასევე ავტორად ორი ასაფეთქებელი მოწყობილობისა, რომელიც 2010 წელს ალ ყაიდის მოიერიშეებმა პრინტერის კარტრიჯით შეიტანეს აშშ-ის კუთვნილი თვითმფრინავის სალონში. ყველა მცდელობა ტერაქტისა აღკვეთილ იქნა, თუმცა აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ლეონ პანეტამ განაცხადა, რომ სიფხიზლის მოდუნება დაუშვებელია:

„აშშ მონაწილეობს რამდენიმე ოპერაციაში ალ ყაიდისა და მათი მოკავშირეების წინააღმდეგ, რომლებიც აშშ-ის საწინააღმდეგო ტერორისტული აქტების მოწყობას გეგმავენ. აღნიშნული ინციდენტი მოწმობს, რომ ჩვენმა ქვეყანამ უნდა შეინარჩუნოს სიფხიზლე იმათ მიმართ, ვინც ჩვენ წინააღმდეგ შეთქმულებას გეგმავს.“

აღსანიშნავია, რომ დაზვერვის ცენტრალურმა სამმართველომ ტერაქტის გეგმა გამოააშკარავა სწორედ იმ დროს, როდესაც თეთრი სახლი და სახელმწიფო დეპარტამენტი არწმუნებდნენ მოსახლეობას, რომ არ ფლობდნენ სანდო ინფორმაციას ოსამა ბინ ლადენის მოკვლის წლისთავთან დაკავშირებით შურისგების მიზნით ჩაფიქრებული ტერაქტის შესახებ.
XS
SM
MD
LG