Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნადია სავჩენკომ მშრალი შიმშილობა შეწყვიტა


ნადია სავჩენკო სასამართლოზე
ნადია სავჩენკო სასამართლოზე

რუსეთის საპყრობილეში მყოფმა უკრაინელმა მფრინავმა ქალმა ნადია სავჩენკომ მშრალი შიმშილობა შეწყვიტა და სითხის მიღება დაიწყო. გავრცელებული ინფორმაციით, სავჩენკომ მშრალი შიმშილობის შეწყვეტის გადაწყვეტილება უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს თხოვნით მიიღო.

თუმცა სავჩენკო, რომელიც პროტესტის ნიშნად სამი მარტიდან შიმშილობს, კატეგორიულად უარს ამბობს საკვების მიღებაზე. საპატიმროში მყოფ უკრაინელ მფრინავ ქალთან, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითი დღე მძიმდება, კვლავ არ უშვებენ ექიმებს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 10 აგვისტოს პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ასეთი გადაწყვეტილება მოსამართლემ განსასჯელის მიერ სასამართლოს მისამართით გაკეთებული შეურაცხმყოფელი გამოთქმების შემდეგ მიიღო:

„მოსამართლემ გამოხატა მზადყოფნა, რომ 9 მარტის სხდომის დასრულების შემდეგ სავჩენკო მოენახულებინათ ექიმებს, მაგრამ ვინაიდან ამ პროცესის მიმდინარეობის დროს თავად სავჩენკოს ერთადერთ მიზანს მოსამართლის შეურაცხყოფა წარმოადგენდა, ამიტომ სასამართლომ ჩათვალა, რომ არაა უფლებამოსილი სავჩენკოს საკითხში რაიმე დათმობაზე წავიდეს“.

ერთადერთი, რისი ჩვენებაც შემიძლია ჩემი საკუთარი მაგალითით, არის ის, რომ რუსეთის მთელი ტოტალიტარული რეჟიმი და მისი სახელმწიფოებრიობა შესაძლოა კვამლივით გაქრეს, თუ შიშს დაძლევ და არ მისცემ მათ შენი გატეხის უფლებას...
ნადია სავჩენკო

სასამართლო 21-22 მარტს გამოაცხადებს უკრაინელი სამხედრო მფრინავის, ნადია სავჩენკოს, ვერდიქტს. განსასჯელს ბრალად ედება 2014 წელს აღმოსავლეთ უკრაინაში ორი რუსი ჟურნალისტის მკვლელობაში მონაწილეობა. სავჩენკომ, რომელიც უარყოფს ბრალდებას, 9 მარტს შეურაცხმყოფელი ჟესტით გამოხატა პროტესტი მოსამართლისა და ბრალდების მხარის მიმართ და განაცხადა, რომ გააგრძელებს პროტესტის უკიდურეს ფორმას.

„ერთადერთი, რისი ჩვენებაც შემიძლია ჩემი საკუთარი მაგალითით, არის ის, რომ რუსეთის მთელი ტოტალიტარული რეჟიმი და მისი სახელმწიფოებრიობა შესაძლოა კვამლივით გაქრეს, თუ შიშს დაძლევ და არ მისცემ მათ შენი გატეხის უფლებას. თუ გინდათ, უკრაინას თქვენი ძლიერება აჩვენოთ, გახსოვდეთ, რომ ის ძლიერ პასუხს გაგცემთ. ეს მნიშვნელოვანი საკითხია და მე არაფერი მაქვს დასაკარგი. შიმშილობას გავაგრძელებ ისე, რომ არ დაველოდები ვერდიქტს, რომლის გამოცხადებამდე კვირაზე მეტი რჩება“, - განაცხადა სავჩენკომ.

ბრალდების მხარე მოითხოვს სავჩენკოსთვის 23 წლით პატიმრობის მისჯას. მისი მხარდამჭერები მთელ მსოფლიოში, საქართველოს ჩათვლით, მოითხოვენ ნადია სავჩენკოს გათავისუფლებას.

ჯო ბაიდენი
ჯო ბაიდენი

8 მარტს გავრცელებულ განცხადებაში შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აღნიშნავს, რომ "ბოლო 20 თვეში სავჩენკო გახდა უკრაინელთა ეროვნული სიამაყისა და სიძლიერის სიმბოლო". მოსკოვს სავჩენკოს განთავისუფლებისაკენ მოუწოდა ევროკავშირის ერთ-ერთმა ლიდერმა, ფედერიკა მოგერინიმ.

„ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა და ვიცე-პრეზიდენტმა ფედერიკა მოგერინიმ გაავრცელა განცხადება უკრაინელი მფრინავის, ნადეჟდა სავჩენკოს, განთავისუფლების მკაფიო მოწოდებით. მისი უსწრაფესი და უპირობო განთავისუფლება შესაბამისობაში იქნებოდა არა მხოლოდ რუსეთის მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებთან, არამედ ასევე მინსკის სამშვიდობო შეთანხმების სულისკვეთებასა და ვალდებულებებთან, რაც ამ პაკეტშია მოცემული“, - განაცხადა მოგერინის პრესმდივანმა მაია კოჩიანჩიჩმა.

მანამდე ევროპის პარლამენტის დეპუტატებმა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკურ ლიდერს ფედერიკა მოგერინის მიმართეს, პირადი სანქციები დაუწესონ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს და 28 სხვა პირს უკრაინელი პილოტის ნადეჟდა სავჩენკოს მიმართ უკანონო მოპყრობისთვის. 8 მარტს საგანგებო წერილს ხელი მოაწერა 57-მა კანონმდებელმა. მათ დაასახელეს რუსეთის მოქალაქეები, ასევე პრორუსული სეპარატისტები აღმოსავლეთ უკრაინაში, რომლებსაც ბრალად დასდეს სავჩენკოს გატაცება, რუსეთის ტერიტორიაზე გადაყვანა, უკანონოდ დაპატიმრება და მის წინააღმდეგ ბრალდებების შეთითხნა.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG