Accessibility links

logo-print

რუსეთის ციხიდან გათავისუფლებული უკრაინელი მფრინავი ქალი ნადია სავჩენკო აცხადებს, რომ იგი მზად არის კენჭი იყაროს ქვეყნის პრეზიდენტად, თუ ეს საჭირო გახდა, თუმცა უკრაინის გმირი არ არის დარწმუნებული, რომ თავად ხალხი მზადაა ამისთვის.

„მოდი, ასე ვთქვათ: უკრაინელებო, თუ თქვენ გსურთ, რომ პრეზიდენტი ვიყო, კეთილი, მე ვიქნები პრეზიდენტი. უბრალოდ, ბოლომდე არ მჯერა, რომ ჩვენმა ხალხმა ისწავლა, რომ საკუთარი ხმა არ უნდა გაცვალოს წიწიბურაში. ამიტომ ვერ ვიტყოდი, მე ეს მინდა-მეთქი. მე ფრენა მიყვარს, მაგრამ თუ საჭირო გახდა, ამ გზასაც ავირჩევ და თავს არ დავზოგავ“.

უკრაინელი სამხედრო მფრინავი ნადია სავჩენკო რუსეთიდან კიევში 25 მაისს დაბრუნდა - მას შემდეგ, რაც რუსეთმა და უკრაინამ პატიმრები გაცვალეს. სავჩენკოს გათავისუფლების სანაცვლოდ, რუსეთმა დაიბრუნა ორი მოქალაქე - ალექსანდრ ალექსანდროვი და ევგენი ეროფეევი, რომლებსაც უკრაინაში 14-14 წლით პატიმრობა ჰქონდათ მისჯილი აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების მხარეს ბრძოლისათვის. რუსეთის ციხიდან გათავისუფლების შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ სამშობლოში დაბრუნებულ სავჩენკოს გმირის წოდება მიანიჭა და ის „ოქროს ვარსკვლავის“ ორდენით დააჯილდოვა. თუმცა 27 მაისს სავჩენკომ მოუწოდა ჟურნალისტებს პოლიტიკოსებისათვის ხელის ჩამორთმევა მათთან მეგობრობად არ ჩაუთვალონ. როგორც გაირკვა, სავჩენკოს ბევრი კითხვა აქვს უკრაინის ხელისუფლებასთან „ყირიმის დაკარგვის“ გამო.

„აუცილებელი იყო, რომ ამ ომში, როგორც ხალხი ამბობს, არ დაგვეთმო ყირიმი. იყო გარკვეული მომენტი, როდესაც ჩვენ უნდა დაგვეცვა ჩვენი ტერიტორია. მაგრამ ჩვენ ხელიდან გავუშვით ეს მომენტი და თუ რატომ გავუშვით, ეს საკითხავია. ამის თაობაზე მე ბევრი კითხვა მაქვს“, - განაცხადა ნადია სავჩენკომ.

სამხედრო მფრინავ ნადია სავჩენკოს რუსეთში წელს, მარტში, 22 წლით პატიმრობა მიუსაჯეს, აღმოსავლეთ უკრაინაში ორი რუსი ჟურნალისტის მკვლელობაში მონაწილეობის ბრალდებით. რუსეთის საპატიმროში მყოფი სამხედრო მფრინავი დაუსწრებლად გახდა უკრაინის საკონონმდებლო ორგანოს, „ვერხოვნა რადას“, წევრი. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ნადია სავჩენკო საარჩევნო სიაში შეიყვანა პარტია „ბატკივშჩინის“ ლიდერმა, ქვეყნის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა იულია ტიმოშენკომ. თუმცა განთავისუფლების შემდეგ სავჩენკო საკმაოდ ცივად შეხვდა მის დასახვედრად ყვავილების თაიგულით მისულ იულია ტიმოშენკოს. შესაბამისად, ჯერჯერობით უცნობია, თუ როგორ შეძლებს მოქმედი პოლიტიკოსებისა და ელექტორატისადმი სკეპტიკურად განწყობილი სავჩენკო იმ გრანდიოზული დაპირებების რეალიზებას, რომელთა შორის უკრაინის ტერიტორიების დაბრუნებაც შედის.

„სამწუხაროდ, არ არსებობს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ხვალვე შეცვლიდა ყველაფერს. მე ვიმოქმედებ ოკუპირებული უკრაინული ტერიტორიების დასაბრუნებლად. ჩვენ გამოვძებნით გზებს ამ ტერიტორიების დასაბრუნებლად. მინდა გითხრათ, რომ როგორც კი შევძლებ, დავიწყებ ბრძოლას და მზად ვარ გავიღო საკუთარი სიცოცხლეც. ეს შემიძლია და საამისოდ საკმაო გამოცდილებაც მაქვს. არ ვიცი, თუ როგორ უნდა მოვახერხო ეს იმ პოლიტიკური პოზიციიდან, რომელზეც დღეს ვიმყოფები, მაგრამ ვისწავლი“, - განაცხადა 27 მაისს განთავისუფლების შემდეგ გამართულ პირველ პრესკონფერენციაზე ნადია სავჩენკომ.

უკრაინელი სამხედრო მფრინავი და „ვერხოვნა რადას“ დეპუტატი აპირებს შექმნას საზოგადოებრივი ორგანიზაცია, რომელიც დახმარებას გაუწევს რუსეთის ტყვეობაში მყოფ „უკრაინელ პოლიტიკურ პატიმრებს“ .

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG