Accessibility links

logo-print

პუტინმა ბრიუსელი საქართველოსთან „სავიზო კონკურენციაში“ გამოიწვია


ვლადიმირ პუტინი

ვლადიმირ პუტინი

მოსკოვი მზად არის გააუქმოს სავიზო რეჟიმი საქართველოსთან. 17 დეკემბერს პრესკონფერენციაზე გაკეთებული ეს 7-წამიანი განცხადებაც საკმარისი იყო იმისათვის, რომ ვლადიმირ პუტინს საქართველოს ხელისუფლების გული მოეგო. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მოსკოვის ამ გადაწყვეტილებას „სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი უწოდა“. ექსპერტები კი საქართველოს მოქალაქეებისათვის რუსეთთან სავიზო რეჟიმის გაუქმებაში მოსკოვსა და ბრიუსელს შორის ერთგვარი კონკურენციის ნიშნებს ხედავენ და არ გამორიცხავენ, რომ რუსეთი "რბილი ძალით" საქართველოში გავლენის გაზრდას შეეცადოს.

რუსეთის „რბილი ძალის“ დემონსტრირება

რუსეთი საქართველოსთან სავიზო რეჟიმის შემსუბუქების საკითხს რომ განიხილავდა, ეს ჯერ კიდევ აბაშიძე-კარასინის პრაღის ბოლო, 19 ნოემბრის, შეხვედრაზე გახდა ცნობილი. რადიო თავისუფლებას ინფორმაცია ამის თაობაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძემ მიაწოდა:

„მოსკოვი ფიქრობს ამ სავიზო რეჟიმის შერბილებას გარკვეული კატეგორიის საქართველოს მოქალაქეებისათვის, ანუ მოხსნაზე საუბარი არ არის, სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე, მაგრამ შერბილებაზე საუბარია და დღეს დადასტურდა, რომ რუსეთის მხარე ინტენსიურად მუშაობს იმაზე, რომ ეს შერბილებული რეჟიმი უახლოეს ხანებში ამოქმედდეს“.

თუმცა, თუ ჯერ კიდევ ერთი თვის წინ მოსკოვი მხოლოდ საქართველოს გარკვეული კატეგორიის მოქალაქეებისათვის იყო მზად სავიზო რეჟიმის გასაუქმებლად, ამჯერად რუსეთი, როგორც ჩანს, საქართველოსთან სავიზო რეჟიმის სრული გაუქმებისათვის ემზადება. ყოველ შემთხვევაში, 17 დეკემბერს პრესკონფერენციაზე გაკეთებულ პუტინის 7-წამიან განცხადებას სწორედ ასეთი შინაარსი ჰქონდა:

„რაც შეეხება სავიზო რეჟიმს, დიახ, ჩვენ ვფიქრობთ, ჩვენ მზად ვართ გავაუქმოთ სავიზო რეჟიმი საქართველოსთან“.

პუტინს, როგორც ერთპიროვნულ მმართველს, რომლის ნებასაც უსიტყვოდ ემორჩილება აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლება, არ გაუჭირდება საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხის სწრაფად გადაწყვეტა, მით უფრო, რომ კრემლის ლიდერს ყველა მიზეზი აქვს, რომ იჩქაროს: ევროკავშირმა პრაქტიკულად გადაწყვიტა საქართველოსათვის სავიზო რეჟიმის შემსუბუქება. რბილი ძალის დემონსტრირებით რუსეთი შეეცდება ორი კურდღელი მოინადიროს: აჯობოს კონკურენციაში ევროკავშირს და მოიგოს საქართველოს მოქალაქეთა გულები, ამბობს კახა გოგოლაშვილი, „ევროპული კვლევების ცენტრის" ხელმძღვანელი:

კახა გოგოლაძე

კახა გოგოლაძე

„ალბათ, რუსეთი გააგრძელებდა ამ გეზს, რომ არა ევროკავშირის ასეთი მზაობა იმისათვის, რომ საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი შეიყვანოს ძალაში, რომელიც, ალბათ, 2016 წელს განხორციელდება და ჩვენ გვექნება უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან. ამ ვითარებაში რუსეთის ხელისუფლებამ, როგორც ჩანს, გადაწყვიტა არ ჩამორჩეს ამ კონკურენციაში ევროკავშირს და სასწრაფო რეჟიმში დაეწიოს ამ თვალსაზრისით და შეიძლება გადაასწროს კიდეც, რადგან, თუ უვიზო რეჟიმი ამოქმედდება რუსეთთან, ეს შეიძლება იყოს უფრო მძლავრი უვიზო მიმოსვლის რეჟიმი - არა სამთვიანი, როგორც, ვთქვათ, ევროკავშირთან იქნება, არამედ, სავარაუდოდ, უფრო გრძელვადიანი უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა“.

საქართველო მოსკოვ-ბრიუსელის სავიზო კონკურენციაში

ნიშანდობლივია, რომ ვლადიმირ პუტინის მიერ პრესკონფერენციაზე გაკეთებულ განცხადებას მალევე მოჰყვა საქართველოს პრემიერ-მინისტრის წერილობითი რეაქცია, რაც მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა. ირაკლი ღარიბაშვილმა სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი უწოდა ვლადიმირ პუტინის განცხადებას, გაიხსენა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ჯერ კიდევ 2011 წელს გააუქმა სავიზო მოთხოვნა რუსეთის მოქალაქეებისათვის, ხოლო მიმდინარე წელს თბილისი კიდევ უფრო შორს წავიდა დაგაახანგრძლივა საქართველოში მათი შესაძლო ყოფნის პერიოდი.

ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი

„მიუხედავად საქართველოსა და რუსეთს შორის არსებული პრინციპული ხასიათის უთანხმოებებისა, მათ შორის, 2008 წლის ომის გამომწვევ მიზეზებთან და მის შედეგებთან დაკავშირებით, ბოლო სამი წლის განმავლობაში ჩვენ შევძელით ვაჭრობის, სატრანსპორტო და ჰუმანიტარულ სფეროებში გარკვეული ნაბიჯები გადაგვედგა. მზად ვართ გავაგრძელოთ არჩეული პრაგმატული კურსი რუსეთთან მიმართებაში და რუსეთის მხრიდანაც ველით ანალოგიურ მიდგომას", - ნათქვამია ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში.

იქვე პრემიერ-მინისტრი აუცილებლად მიიჩნევს კიდევ ერთხელ გაუსვას ხაზი ევროპასთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზების მნიშვნელობას და აცხადებს, რომ "უახლოეს დღეებში ველით ევროკავშირის გადაწყვეტილებას საქართველოს მოქალაქეებისათვის ვიზალიბერალიზაციის საკითხთან დაკავშირებით, რაც ისტორიული მნიშვნელობის მოვლენა იქნება“.

ამასვე ელიან საქართველოს მოქალაქეები, რომელთა ნაწილს დაპირებებმა იმედი გაუცრუა. ეს იმედგაცრუება აისახა ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ერთ-ერთ ბოლო კვლევაში, რომლის თანახმად, უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში, 17 პროცენტული პუნქტით, 61 %-მდე დაეცა საქართველოში გამოკითხული იმ რესპონდენტების რაოდენობა, ვისთვისაც მისაღებია მთავრობის გაცხადებული მიზანი საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი.

მესიჯი ევრაზიული გაერთიანების მომხრეებისათვის

და მართლაც, თუკი საქმე მოსკოვსა და ბრიუსელს შორის კონკურენციაშია, მაშინ ასევე სარწმუნოა, რომ მოსკოვი, სავარაუდოდ, სავიზო რეჟიმის გაუქმების გადაწყვეტილებას 2016 წლის დასაწყისში მიიღებს, რათა ამ ნაბიჯით გააძლიეროს საქართველოში ევრაზიული გაერთიანების მომხრეები, რომელთა რაოდენობა, ერთ-ერთი ბოლო გამოკითხვის თანახმად, 30 %-ზე ცოტა მეტია.

„ამ კომპონენტში, ამ თვალსაზრისით, ასე მგონია, რომ რუსეთი, პირიქით, უარეს შედეგს მიიღებს. და, რა თქმა უნდა, ნებისმიერ შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეებისათვის, ალბათ, ეს მაინც დადებითია. იმიტომ რომ, ეს მოქალაქეებისათვის მოხსნის რუსეთთან ურთიერთობაში არსებულ ბევრ პირად პრაქტიკულ პრობლემას“, ამბობს კახა გოგოლაშვილი, „ევროპული კვლევების ცენტრის" ხელმძღვანელი.

მაგრამ „პრაქტიკული პრობლემები“ ასევე ბევრი აქვთ საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირთან ურთიერთობაშიც. ამიტომ ასეთ ვითარებაში ვლადიმირ პუტინის განცხადება საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმების თაობაზე ბრიუსელსაც უბიძგებს სწრაფი და არაორაზროვანი გადაწყვეტილებისაკენ და ეს არა მხოლოდ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზებას შეეხება, არამედ ევროპული ფასეულობების გაძლიერებას კავშირის აღმოსავლეთ ფლანგზე და, განსაკუთრებით, საქართველოში, სადაც ევრაზიული სივრცისაკენ უკვე მოსახლეობის ერთი მესამედი იცქირება.

კითხვას „უჭერთ თუ არა მხარს საქართველოს ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებას“, 31 %-მა დადებითად უპასუხა, რაც 2015 წლის აპრილში ჩატარებული კვლევის შემდეგ უცვლელი მონაცემია, ხოლო 46 %-მა უარყოფითი პასუხი გასცა, რაც ოთხი თვით ადრე არსებულ მაჩვენებელს 5 პროცენტული პუნქტით აღემატება, ნათქვამია აშშ-ის ეროვნულ- დემოკრატიული ინტიტუტის (NDI) მიერ დაკვეთილ კვლევაში, რომელიც კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა ივლის-აგვისტოში ჩაატარა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG