Accessibility links

logo-print

რაც უფრო ახლოვდება ევროკავშირის/შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის პერსპექტივა, საქართველოში სულ უფრო აქტუალური ხდება შეკითხვა: კონკრეტულად რა უფლებებით ისარგებლებენ საქართველოს მოქალაქეები, რისი გაკეთების საშუალება არ ექნებათ მათ და რა სახის დოკუმენტაცია შეიძლება მოსთხოვონ მათ მესაზღვრეებმა ევროკავშირის/შენგენის ზონის ამა თუ იმ ქვეყნაში შესვლის წინ. ექსპერტების ვარაუდით, საქართველოს მოქალაქეები უვიზო მიმოსვლის უფლებით სარგებლობას უკვე ზაფხულიდან შეძლებენ.

ევროკავშირის/შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზოდ მიმოსვლის პერსპექტივა ზოგისთვის მცდარ წარმოდგენებსა და მოლოდინებს რომ უკავშირდება, ამას რადიო თავისუფლების მიერ თბილისის ქუჩებში ჩატარებული მცირე გამოკითხვაც ადასტურებს. ფაქტია, რომ საზოგადოების ნაწილი ამ პროცესს, უსაფუძვლო შიშების გარდა, უსაფუძვლო იმედებსაც უკავშირებს:

(კაცი) „აი, რას მოგვიტანს ახლა უვიზო რეჟიმი გარდა იმისა, რომ ჩვენები საშოვარზე გაიქცევიან და ჩვენზე უფრო ღარიბები ჩვენთან შემოვლენ.../ (ქალი) კარგს მოიტანს. ახალგაზრდები ბევრ კარგ რამეს ნახავენ, კარგი თვისებები გადმოაქვთ იქედან; წავლიან, წამოვლიან... აქ რომ შეზღუდულია პირობები, იქ უფრო კარგი პირობებია და უფრო მეტ კარგ რამეს ნახავენ.../ (ქალი) ცუდს არაფერს მოიტანს, მე ვფიქრობ. კონტაქტი უფრო გაადვილდება უცხოეთთან... / (ქალი) როცა ადამიანებს მოუნდებათ სამოგზაუროდ წასვლა, დამატებითი პრობლემები, ბარიერების გადალახვა და ნერვიულობა და ღელვა აღარ მოუწევთ. თან შეურაცხყოფილად გრძნობ თავს, როცა ფიქრობ, მომცემენ თუ არა ვიზას?! / (კაცი) 90 %–ს უჭირს და ისინი გავლენ – ეცდებიან, ყოველ შემთხვევაში. კარგიც შემოვა იქიდან და ცუდიც.../ (ქალი) მუშაობის უფლებას თუ არ ითვალისწინებს, მაშინ ჩემთვის არაფერს მოიტანს, რადგან დასასვენებლად მე ვერ წავალ“.

თეა წულუკიანი

თეა წულუკიანი

უვიზო მიმოსვლის რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის ქვეყნებში მუშაობისა და დასახლების უფლებას რომ არ მისცემს, ეს მარტივი ჭეშმარიტება 10 მარტს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმაც განმარტა და პოტენციურ კანონდამრღვევებს სადამსჯელო მექანიზმის არსებობაც შეახსენა:

„ვინც უვიზო მიმოსვლის წესებს დაარღვევს, ჩვენ, მათთან ერთად, უკან, საქართველოში, დავაბრუნებთ და შემდეგ უკვე იქნება რამდენიმეწლიანი აკრძალვა ევროკავშირში შესვლაზე“.

იმისათვის, რომ საქმე უკან გამობრუნებამდე არ მივიდეს, სახელმწიფო ყველა დეტალის ახსნა-განმარტებას აპირებს და, იუსტიციის მინისტრის თქმით, შესაბამისი ინფორმაცია საქართველოს მოქალაქეებს სულ მალე, ბიომეტრიული პასპორტების აღების დროსაც მიეწოდებათ. ამჟამად არსებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, „უვიზო მიმოსვლით ისარგებლებს ბიომეტრიული პასპორტის მქონე საქართველოს ყველა მოქალაქე – 180 დღის განმავლობაში მაქსიმალური 90 დღის ვადით“. საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებული გზამკვლევის თანახმად, უვიზო რეჟიმის არეალი მოიცავს ევროკავშირის წევრ 22 ქვეყანას, ევროკავშირის არაწევრ 4 ქვეყანას და შენგენის ზონაში გაერთიანების კანდიდატ 4 ქვეყანას.

ექსპერტები ლაპარაკობენ ასევე ამა თუ იმ ქვეყანაში არშეშვების საფრთხეზეც. თუმცა, მაგალითად, როგორც ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე აღნიშნავს ჩვენთან საუბრისას, ასეთი საფრთხის წინაშე არ დადგება ის, ვინც თან იქონიებს 6 აუცილებელ საბუთს. თადარიგის დაჭერა საჭიროა იმის მიუხედავად, რომ, შესაძლოა, ევროპელმა მესაზღვრეებმა საბუთების ჩვენება საერთოდაც არ მოგთხოვონ:

„საქართველოს მოქალაქეს აუცილებლად დასჭირდება: საზღვარგარეთის ბიომეტრიული პასპორტი – ე. წ. ჩიპიანი პასპორტი, სამედიცინო დაზღვევის ვაუჩერი, მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტი (ეს შეიძლება იყოს ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან, რომ ადამიანს ანგარიშზე აქვს გარკვეული თანხა), საჭიროა ასევე თვითმფრინავით ორმხრივი მგზავრობის ბილეთების ასლი და ჯავშანი და საჭიროა ასევე სასტუმროს ჯავშანი – ტურისტული ვიზიტის შემთხვევაში... სხვა შემთხვევებში – საჭირო იქნება დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს ვიზიტის მიზანს: ეს შეიძლება იყოს მოწვევა, შეიძლება იყოს სასწავლებლად ჩარიცხვის ცნობა, სამკურნალო დაწესებულების ცნობა და ა.შ.“

მართალია, ეს ის დოკუმენტებია, რომელთა ქონა ისედაც საჭიროა ნებისმიერი მოგზაურობის დროს, მაგრამ ბევრი ფიქრობს იმასაც, რომ თუკი ამდენი საბუთის შეგროვებაა საჭირო, მაშინ რომელ უვიზო მიმოსვლაზე და გაადვილებულ გადაადგილებაზეა ლაპარაკი. ასეთ სკეპტიკოსებს ვანო ჩხიკვაძე სთავაზობს წარმოიდგინონ, მაგალითად, გურიაში, ჩოხატაურში მცხოვრები ადამიანი, რომელსაც (ამჟამად მოქმედი წესების მიხედვით) საზღვარგარეთ გამგზავრების წინ რამდენჯერმე უწევს თბილისში ჩამოსვლა: მან ჯერ არცთუ იოლი ანკეტა უნდა შეავსოს და რიგი დაიკავოს ამა თუ იმ ქვეყნის საელჩოში შესასვლელად; გარკვეული პერიოდის შემდეგ საელჩოში უნდა მივიდეს ყველა საბუთის წარსადგენად და სავიზო მოსაკრებლის (35 ევროს) გადასახდელად; შემდეგ უნდა დაელოდოს საელჩოს პასუხს 10 დღის ვადაში და, ამ ყველაფრის მიუხედავად, მას შეიძლება მაინც უარი უთხრან ვიზაზე.

ზვიად ქორიძე

ზვიად ქორიძე

ევროკომისიის მიერ 9 მარტს გამოქვეყნებულმა საკანონმდებლო ინიციატივამ საქართველოს იმ ქვეყნების სიაში გადაყვანასთან დაკავშირებით, რომელთა მოქალაქეებსაც უფლება ენიჭებათ უვიზოდ იმოგზაურონ შენგენის ზონის ქვეყნებში, როგორც ქვეყნის „ისტორიულ შანსთან“ მიახლოებამ, ექსპერტების აზრით, საქართველოში თითქმის ყველა გაახარა გარდა მათი, ვინც მტკიცედ იზიარებს რიტორიკას ევროპის მტრულ ზრახვებთან დაკავშირებით. როგორც მედიაექსპერტმა ზვიად ქორიძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, ეს რუსეთის პოლიტიკაა, მაგრამ სიმართლე მაინც იპოვის გზას და ამ პროცესში სწორედ ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლა შეიტანს მნიშვნელოვან წვლილს:

„ძალიან მნიშვნელოვანია სიარული ევროპაში, ევროპის გაცნობა, ევროპული ღირებულებების შეცნობა, იმის გაგება, რომ ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მდგრადი განვითარების სუბიექტი არის ადამიანი, ერთ-ერთი ყველაზე მყარი და შეუვალია ოჯახური ფასეულობები და რომ ისტორია და ტრადიციები ძალიან ძვირფასია ევროპისთვის... – როდესაც ამას ყველაფერს ადამიანი საკუთარი თვალით ნახავს, მიხვდება, რომ ევროპა არ არის გარყვნილების ბუდე... ამ ბუებს აჩენს რუსეთი, რომ დააშინოს ქართული საზოგადოება და საქართველო“.

როდიდან შეძლებენ საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის/შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლას?

ამ შეკითხვაზე ზუსტი პასუხი არ არსებობს და ჯერჯერობით მხოლოდ ზოგადად ვიცით, რომ ეს მას შემდეგ მოხდება, რაც ევროპის პარლამენტი და ევროკავშირის საბჭო მიიღებენ გადაწყვეტილებას ევროკომისიის მიერ 9 მარტს ინიცირებული წინადადების საფუძველზე. თუმცა, თუკი ამ მხრივ აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამის პიონერის – მოლდავეთის – მაგალითით ვიმსჯელებთ, ექსპერტები მოელიან, რომ უვიზო მიმოსვლის უფლებით სარგებლობას საქართველოს მოქალაქეები უკვე მიმდინარე წლის ზაფხულიდან შეძლებენ.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG