Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქონების დაბრუნების კონსტრუქციული გზა


”სახალხო ბანკის” ყოფილი მფლობელები ქონების დასაბრუნებლად ბრძოლას იწყებენ, თუმცა ბრძოლის გზებსა და მეთოდებზე საუბარს თავს არიდებენ. ჯერჯერობით მათ იმედი აქვთ, რომ ”ლიბერთი ბანკის” დამფუძნებლებსა და ამჟამინდელ ხელმძღვანელებს შორის პრობლემა კონსტრუქციული გზით მოგვარდება.

ქონების დაბრუნების შესახებ განაცხადის გაკეთებას ”სახალხო” - ამჟამინდელი ”ლიბერთი” - ბანკის დამფუძნებლები 19 ოქტომბერს საგანგებო ბრიფინგზე აპირებდნენ. ბრიფინგი პრაქტიკულად ჩაიშალა - ბანკის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, გიორგი გოგუაძემ, განმარტა, რომ, „ეროვნული ბანკისა“ და „ლიბერთი ბანკის“ შეთავაზებით, მხარეთა შორის პრობლემების მოსაგვარებლად მოლაპარაკება იწყება:

” ჩვენი კონსულტაციებიდან გამომდინარე, დღეს განცხადებას არ წავიკითხავთ, ვინაიდან ფორმულირებები, რომლებიც იქნება სამმხრივი შეხვედრის შემდეგ, იქნება თქვენთვის ცნობილი და, ბუნებრივია, ყველას მოსაზრებაა, რომ ცალმხრივი ფორმულირებები არ გაჟღერდეს. ამიტომ ჩვენ განცხადებას დღეს არ ვაკეთებთ. დღევანდელი ხელისუფლებისგან არის მოწოდება, რომ ყველა ის გაუგებრობა თუ პრობლემა, რომელიც ამ წლების განმავლობაში იყო დაგროვილი, მოგვარდეს მოლაპარაკებების გზით. შესაბამისად, ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ამ გზით, ბუნებრივია, ჯობდა საუბარი.”

როგორც ამბობს ”სახალხო ბანკის” ერთ-ერთი დამფუძნებელი, გიორგი გოგუაძე, სავარაუდოდ, მომავალი კვირის ოთხშაბათს ან ხუთშაბათს გაკეთდება მხარეთა საერთო განცხადება იმის შესახებ, რას გეგმავენ და როგორ მიმდინარეობს მოლაპარაკებები.
ბანკს გააჩნდა მოსახლეობის უზარმაზარი მოცულობის ანაბრები და, ბანკის გაკოტრების შემთხვევაში, ამ ანაბრებს არავინ არ დააბრუნებდა ...
ლია ელიავა

”სახალხო ბანკი” გიორგი გოგუაძისა და მისი პარტნიორების მფლობელობაში 2009 წლიდან აღარ ირიცხება. ბანკი მაშინ თორმეტ-ნახევარ მილიონ ლარად გაიყიდა. გავრცელებული ინფორმაციით, ის ბრიტანულმა საინვესტიციო ჯგუფმა შეიძინა. მოგვიანებით ბანკს სათავეში ”საქართველოს ბანკის” დამფუძნებელი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი ლადო გურგენიძე ჩაუდგა.

ამჯერად ბანკის სახელით იგი უკვე ძველ მფლობელებთან მიუჯდება მოლაპარაკებების მაგიდას. თუმცა, როგორც ექსპერტი საბანკო საკითხებში, ლია ელიავა ფიქრობს, ”სახალხო ბანკის” გაყიდვას, 2009 წელს არსებული მოცემულობიდან გამომდინარე, არ უნდა ჰქონოდა იძულებითი ხასიათი. ექსპერტის თანახმად, ბანკი პრაქტიკულად ვერ ასრულებდა „ეროვნული ბანკის“ სავალდებულო ნორმატივებს და, შესაბამისად, ან უნდა გაკოტრებულიყო, ან გაყიდულიყო. ლია ელიავა ამბობს, რომ „ეროვნული ბანკი“, ზოგადად საბანკო სექტორის პიარის მიზნებიდან გამომდინარე, ბანკების გაკოტრების პროცედურის დაწყებას ერიდებოდა, თუმცა, ამას გარდა, ”სახალხო ბანკის” შემთხვევაში, ბანკის გასაყიდად სხვა საფუძველიც არსებობდა:

”ბანკს გააჩნდა მოსახლეობის უზარმაზარი მოცულობის ანაბრები და, ბანკის გაკოტრების შემთხვევაში, ამ ანაბრებს არავინ არ დააბრუნებდა. ის მეანაბრეები, რომლებიც ვერ მიიღებდნენ „სახალხო ბანკიდან“ თავიანთ ანაბრებს, პანიკაში ჩაცვივდებოდნენ და ეს გადაედებოდა სხვა ბანკებსაც. პრინციპში შეიძლება ადგილი ჰქონოდა ძალიან მწვავე საბანკო კრიზისს. სწორედ ამიტომაც, ჩუმად, საზოგადოებისგან დაფარულად, ეს ბანკი იქნა გაყიდული.”
არ არსებობს ეროვნული ბანკის არც ერთი გადაწყვეტილება, რომელიც სცდება კანონის ფარგლებს ...
გიორგი ქადაგიძე

თავის მხრივ, საქართველოს „ეროვნული ბანკის“ პრეზიდენტი, გიორგი ქადაგიძე, უკანასკნელ წლებში „ეროვნულ ბანკში“ მიღებულ ყველა გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობას იღებს. მათ რიგში, სავარაუდოდ, იგულისხმება 2009 წელს მიღებული გადაწყვეტილებაც ”სახალხო ბანკის” გაყიდვის თაობაზე.

”არ არსებობს ეროვნული ბანკის არც ერთი გადაწყვეტილება, რომელიც სცდება კანონის ფარგლებს, რომელმაც ერთი თეთრი ზიანი მაინც მიაყენა ან „ქართუ ბანკს“, ან ნებისმიერ სხვა საბანკო დაწესებულებას. ყველა ჩვენი გადაწყვეტილება არის კანონის სრული დაცვით და საერთაშორისო პრაქტიკის ნორმებთან შესაბამისი. ამავე დროს, მე, რა თქმა უნდა, არ გავურბივარ პასუხისმგებლობას და მზად ვარ ვუპასუხო ყველა კითხვას, რომელიც შეიძლება დაისვას როგორც პარლამენტში საგამოძიებო კომისიის ან ნებისმიერი სხვა საგამოძიებო ორგანოს მხრიდან”, უთხრა საქართველოს „ეროვნული ბანკის“ პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ ტელეკომპანია ”რუსთავი 2-ს”.

საგამომძიებლო კომისიების შექმნამდე კი „ეროვნული ბანკის“ წარმომადგენლები ძველი მფლობელებისთვის ”სახალხო ბანკის” დაბრუნების საკითხებზე მოლაპარაკებებს უშუალოდ ბანკის დამფუძნებლებთან იწყებენ.
XS
SM
MD
LG