Accessibility links

logo-print
საქართველოს პარლამენტში უკვე შესულია კანონპროექტი, რომლის თანახმადაც, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, პრეზიდენტის ნაცვლად, მთავრობას, კერძოდ კი, პრემიერ-მინისტრს დაექვემდებარება. ამ სამსახურს, რომელიც სახელმწიფო მოხელეებს და სამთავრობო შენობებს იცავს, როგორც ცნობილია, პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, სულ რაღაც ერთი თვის წინ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სპეციალური კავშირის სააგენტოც შეუერთდა. თუ პარლამენტის გადაწყვეტილებით კანონში ცვლილებები შევა, მაშინ ამ ორივე სამსახურს მთავრობა გააკონტროლებს.

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ კანონში ცვლილებების პროექტი დეპუტატმა ირინა იმერლიშვილმა, როგორც რიგითმა პარლამენტარმა და არა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, პარლამენტის ბიუროს 12 ნოემბერს წარუდგინა. ცვლილებების მიხედვით, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური პრეზიდენტის დაქვემდებარებიდან მთავრობის და მისი ხელმძღვანელის, პრემიერ-მინისტრის, დაქვემდებარეში გადადის, რაც იმას ნიშნავს, რომ როგორც კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების გამოცემის უფლება, აგრეთვე შესაბამისი თანამდებობის პირთა დანიშვნისა და გათავისუფლების პრეროგატივა მთავრობის ხელში გადაინაცვლებს. ირინა იმერლიშვილი, რომელმაც თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის მიერ მომზადებული კანონპროექტი პარლამენტს წარუდგინა, მიიჩნევს, რომ, შექმნილი რეალობიდან გამომდინარე, ეს აუცილებელი ნაბიჯი იყო როგორც სამართლებრივი, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით:

“ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს სამსახური სამართლებრივად უნდა იყოს საქართველოს მთავრობის დაქვემდებარების ქვეშ, რადგან მთავრობა აღმასრულებელი ხელისუფლების კოლეგიალური ორგანოა, რომელიც კონსტიტუციურად პასუხისმგებელია საზოგადოებრივ უსაფრთხოებაზეც, ქვეყნის თავდაცვაზეც და ამ ფუნქციების სრულფასოვნად განხორციელებისათვის არის აუცილებელი ეს სამსახური დაექვემდებაროს სწორედ მთავრობას”.

ცვლილებების კანონპროექტი უკვე გააკრიტიკა საპარლამენტო უმცირესობამ, რომლის ერთ-ერთი წევრი, მიხეილ მაჭავარიანი, გვეუბნება, რომ უმცირესობა შეეცდება დაასაბუთოს, რომ ეს კონკრეტული საკანონმდებლო ცვლილება საქვეყნო საქმეს არ სჭირდება და პროცესების პოლიტიზებას შეუწყობს ხელს:
”საინტერესო ტენდენცია შეინიშნება ახალი ხელისუფლების მართვაში, რომ ისინი პრეტენზიას აცხადებენ იმ სტრუქტურების მართვაზე, რომლებიც აქამდე არასოდეს მთავრობის დაქვემდებარებაში არ ყოფილა. სახელმწიფო სამსახური უზრუნველყოფს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის, პარლამენტის თავმჯდომარის, სასამართლოების თავჯდომარეების დაცვას და უსაფრთხოებას. პრეზიდენტს, ახალი კონსტიტუციით, უფრო არბიტრის ფუნქცია აქვს და, ჩვენი აზრით, უპრიანი იქნება, თუ დაცვის სამსახური იქნება უფრო არაპოლიტიზებული ინსტიტუტის ქვეშ. ეს კი, რაც ხდება, არის, უხეშად რომ ვთქვა, ამ სამსახურის ”დათრევის” მცდელობა”.
ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სტრუქტურაა, რადგან ვინც აკონტროლებს ინფორმაციას, ის აკონტროლებს სიტუაციას, ეს ყველგან ასეა. როდესაც სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახურს დაემატა ეს სააგენტო, ის კიდევ უფრო ძლიერი სტრუქტურა გახდა ...

მიხეილ მაჭავარიანის თქმით, მთავრობის მხრიდან კონტროლის დამყარების ტენდენცია, ძალოვანი სტრუქტურების გარდა, თვითმმართველობებშიც შეინიშნება, ადამიანების დაშინების თუ სხვა მეთოდებით გადაბირების გზით, უშუალოდ პრეზიდენტს დაქვემდებარებული სტრუქტურებისათვის ბიუჯეტის შემცირებით და ა.შ.

რატომ არის ასე მნიშვნელოვანი, ვინ გააკონტროლებს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს და რაზე მეტყველებს, რომ აქამდე პრეზიდენტის ხელში არსებულ ბერკეტს მთავრობა გადაიბარებს?

ექსპერტი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, უშიშროების გადამდგარი პოლკოვნიკი ბესიკ ალადაშვილი გვეუბნება, რომ, სხვა სპეცსამსახურებისგან განსხვავებით, სახელმწიფო დაცვის სამსახურს, ე.წ. სამთავრობო დაცვას, როგორც მას ვარდების რევოლუციამდე უწოდებდნენ, ყოველთვის ჰქონდა საუკეთესო დაფინანსება, უზრუნველყოფილი იყო ტექნიკური თვალსაზრისითაც. ეს სამსახური კიდევ უფრო გაძლიერდა ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, როცა, პრეზიდენტის განკარგულებით, მას შეუერთდა ადრე შსს-ს დაქვემდებარებაში მყოფი სპეციალური კავშირის სააგენტო. ეს უკანასკნელი, როგორც ცნობილია, სახელისუფლებო შტოებს შორის სატელეფონო და სხვა სახის ელექტრონულ კავშირს უზრუნველყოფს:

”ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სტრუქტურაა, რადგან ვინც აკონტროლებს ინფორმაციას, ის აკონტროლებს სიტუაციას, ეს ყველგან ასეა. როდესაც სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახურს დაემატა ეს სააგენტო, ის კიდევ უფრო ძლიერი სტრუქტურა გახდა. საკმაოდ დიდი დაფინანსება აქვს - 50 მილიონ ლარზე მეტით ფინანსდება. ეს არის მხოლოდ პრეზიდენტის პირად დაქვემდებარებაში მყოფი სამსახური, რომელსავ ასევე ევალება სხვა სახელმწიფო პირების და სამთავრობო შენობების დაცვაც“.
დემოკრატიული კონტროლი სპეცსამსახურებზე გულისხმობს იმას, რომ რამდენიმე სახელისუფლებო შტო უნდა აკონტროლებდეს მას და ამ სპეცსამსახურებს რაღაც ფორმით ანგარიშვალდებულება უნდა ჰქონდეთ თუნდაც პარლამენტთან ...

ბესიკ ალადაშვილის აზრით, სპეცსამსახურს ერთმნიშვნელოვნად მხოლოდ პრეზიდენტი არ უნდა ხელმძღვანელობდეს, თუმცა კი, ქართული კანონმდებლობით, მხოლოდ პრეზიდენტს აქვს სადაზვერვო სამსახურის უფროსის დანიშვნისა და გათავისუფლების პრეროგატივაც. ანუ გამოდის, განმარტავს ბესიკ ალადაშვილი, რომ პრეზიდენტი არის ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის ლიდერი და მას დაქვემდებარებაში ჰყავს ორი სპეცსამსახური + უშიშროების საბჭოს აპარატი. ბესიკ ალადაშვილი არც მხოლოდ მთავრობისათვის ამ სამსახურის ცალსახად გადაბარებას მიიჩნევს გამოსავლად:

”ჩემი აზრით, დემოკრატიული კონტროლი სპეცსამსახურებზე გულისხმობს იმას, რომ რამდენიმე სახელისუფლებო შტო უნდა აკონტროლებდეს მას და ამ სპეცსამსახურებს რაღაც ფორმით ანგარიშვალდებულება უნდა ჰქონდეთ თუნდაც პარლამენტთან. ჩემი აზრით, ასევე არასწორი იქნება, თუ ეს სამსახური მხოლოდ პრემიერ-მინისტრს დაექვემდებარება. გამოდის, ერთი პოლიტიკური ძალის ხელიდან მეორის ხელში გადავა და ეს არასწორია - კანონები პიროვნებებს არ უნდა მოვარგოთ”.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელი ირინა იმერლიშვილი ამბობს, რომ ეს კანონპროექტი არ არის სასწრაფო წესით მისაღები. მას ჯერ თავდაცვისა და უშიშროების და იურიდიულ საკითხთა კომიტეტებში განიხილავენ. სურვილის მიხედვით, განხილვაში მონაწილეობის მიღება სხვა კომიტეტებსაც შეუძლიათ. მხოლოდ ამ პროცედურების დასრულების შემდეგ განიხილავს მას საქართველოს პარლამენტი პლენარულ სესიაზე.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG